• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

აფხაიძე შალვა

აფხაიძე შალვა ნიკოლოზის ძე  (20.VII.1894, სოფ. ძუყნური, - გ. 19.II.1968, თბილისი) - ქართველი პოეტი და ლიტერატურათმცოდნე. ადრე დაობლებული ბაბუამ გაზარდა. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ისმენდა ნიკო მარის, ივანე ჯავახიშვილის და სხვათა ლექციებს. 1914  აფხაიძის პირველი კრიტიკული წერილი დაიბეჭდა.

1917 - პირველი ლექსი (ქუთაისის გაზეთში „მეგობარი“). 1917 პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაბრუნდა საქართველოში. იმავე წლიდან იყო „ცისფერყანწელთა“ ლიტერატურული ჯგუფის აქტიური წევრი. მუშაობდა განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ ხელოვნების მთავარ კომიტეტში, გაზეთ „მუშის“ რედაქციაში, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომაში“, იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობის დირექტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის მთავარი კონსულტანტი. 1918 შეუერთდა „ცისფერყანწელთა“ ორდენს. ის წერდა: „განთავისუფლებულ საქართველოში ხელოვნების რენესანსის სათავე ახალმა სკოლამ - სიმბოლიზმმა დაიკავა ხელში. იგი სხვა გზას ვერ აირჩევდა“. დამოუკიდებლობის პერიოდში გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნდა მისი ლექსები: „სენტიმენტალური აღსარება“, „ფრაგმენტი“, „თავის დაწვა“, „ქრისტეს შობა ქალაქში“.

1922 წ-ის 1 თებერვალს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა შ. აფხაიძის საეტაპო მნიშვნელობის სტატია „თავისუფალი ლექსი“. 1941 - პირველი კრებული „ლექსები“. შემდგომი კრებულები: „ლექსები“ (1949), „ერთტომეული“ (1954), „გაზაფხულის მელოდიები“ (1957), „გაზაფხულის განთიადები“ (1963), „კრიტიკული წერილები“ (1959) და სხვა. ავტორია მონოგრაფიებისა ლიტერატურისა და ხელოვნების ქართველ მოღვაწეთა შესახებ („ვერიკო ანჯაფარიძე“, 1956; „სანდრო ახმეტელი“, 1958; „აკაკი ხორავა“, 1962 და სხვა). შეადგინა „აფხაზური პოეზიის ანთოლოგია“ (1957), თარგმნა მ. გორკის, დ. ფურმანოვისა და სხვათა ნაწარმოებები. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates