• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

აფხაზი კონსტანტინე

აფხაზი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე  (27.XI.1867, კარდენახი, სიღნაღის მაზრ. - 20.V.1923, თბილისი) - საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წევრი, ილია ჭავჭავაძის დისშვილი. 1885 დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, ხოლო 1890 - პეტერბურგის პავლეს სახელობის სამხედრო სასწავლებელი. მეფის რუსეთის არმიაში განვლო გზა არტილერიის გენერალ-მაიორობამდე (1916). 1906-1913 წწ-ში არჩეული იყო თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრად. 1911 განთავისუფლდა სამხედრო სამსახურისაგან პოლკოვნიკის წოდებით. 1913 წ-ის იანვარში აირჩიეს აღმოსავლეთ საქართველოს თავად-აზნაურთა წინამძღოლად (მარშლად), თუმცა  I მსოფლიო ომის დაწყებისას, კავკასიის მეფისნაცვლის თხოვნით, კვლავ შეუდგა სამსახურს და სარდლობდა მისივე ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულ კავკასიის საარტილერიო ბრიგადას. თავდაპირველად ოსმალეთის ფრონტზე გაგზავნეს, 1915 წ-ის აპრილიდან დეკემბრამდე დასავლეთის ფრონტზე იბრძოდა, შემდეგ კი მეფისნაცვლმა გამოიწვია თბილისში, თავად-აზნაურთა წინამძღოლობის მოვალეობის აღსასრულებლად. მისი უშუალო ხელმძღვანელობით გაყვანილ იქნა კახეთის რკინიგზა. 1916 სამხედრო მინისტრის განკარგულებით დაინიშნა სახელმწიფო დაცვის განსაკუთრებული თათბირის თავმჯდომარის რწმუნებულად და კავკასიის რაიონის თავმჯდომარედ. იმავე წელს ხელახალი ვადით არჩეული იყო აღმოსავლეთ საქართველოს თავად-აზნაურთა წინამძღოლად. 1916-1917 წწ-ში იყო  რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი. 1917 წ-ის მარტში, რუსეთის დროებითი მთავრობის მეთაურის გ. ლვოვის წინადადებით, დაიკავა თბილისში შექმნილი კავკასიის ფრონტის საინჟინრო-საამშენებლო რაზმის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. მიღებული ჰქონდა მაღალი სამხედრო ჯილდოები: წმ. ანას მესამე ხარისხის ორდენი (1906); წმ. სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენი (1910); წმ. ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენი ხმლითა და ბაბთით (1915) და წმ. ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენი (1916).                    

1917 აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში. 1917-1918  წწ-ში იყო ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარე და დიდი წვლილი შეიტანა მის დაარსებაში. 1917 წ-ის ნოემბერში საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობას გადასცა ქართველი თავადაზნაურობის კოლექტიური ქონება (26 მილიონი ოქროს მანეთის ღირებულებისა), რითაც საფუძველი ჩაეყარა დამოუკიდებელი საქართველოს ფინანსურ სისტემას. ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად. შედიოდა საბჭოს სამხედრო კომისიაში. 1918 იყო პოლიტიკური ორგანიზაცია ,,უპარტიოთა კავშირის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი. ,,კავშირმა“ დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა დამფუძნებელი კრების არჩევნებში, მაგრამ დეპუტატის გაყვანა ვერ შეძლო. 1921 წ-ის იანვარში უპარტიოთა კავშირი ეროვნულ-დემოკრატებთან გაერთიანდა და შეიქმნა გაერთიანებული დემოკრატიული პარტია. კ. აფხაზი მისი მთავარი კომიტეტის წევრად აირჩიეს. ქმედითი მონაწილეობა მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მმართველობის, საქართველოს რესპუბლიკის რეგულარული არმიის ორგანიზაციისა და რიგი კანონპროექტების შემუშავებაში, რომლებიც დაამტკიცა პარლამენტმა.                                              

საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისას უცხოეთში არ გახიზნულა, სამშობლოში დარჩა და ქართველი ერის განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა. 1922 კოოპტაციის წესით შევიდა ედპ-ის არალეგალური ცკ-ის შემადგენლობაში, მალე კი იატაკქვეშეთში გადასული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ დაამტკიცეს. შედიოდა 1922 ჩამოყალიბებული დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის შემადგენლობაში, რომელიც საერთო-სამხედრო კოორდინაციას უწევდა   საყოველთაო ეროვნული აჯანყების მზადებას. როდესაც საბჭოთა სპეცსამსახურებმა კ. აფხაზის კვალს მიაგნეს, თანაპარტიელებმა სასწრაფოდ საზღვარგარეთ წასვლა შესთავაზეს, სადაც მისი ცოლ-შვილიც იმყოფებოდა, მაგრამ უარი მიიღეს. ,,ჩვენს ქვეყანასა და ხალხს ვერ მივატოვებ ამ მის ბრძოლის გაჭირვების ხანაში. გარდა ქართულ ძველ ისტორიულ ტრადიციისა, რომელიც ასეთ დროს იშვიათად ატოვებინებდა ქართველ კაცს თავის სამშობლოს, სად გაგონილა, რომ ღენერლები ჯარს ბრძოლის ველზე სტოვებდნენ… მე ვრჩები და დავრჩები ბოლომდე, რათა დავეხმარო საქართველოს მებრძოლ ბანაკს მის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში!” – უპასუხია კ. აფხაზს. 1923 საგანგებო კომისიამ  დააპატიმრა სამხედრო ცენტრის მთელი შემადგენლობა (15 კაცი). ისინი გაასამართლეს ,,საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების, მუშურ-გლეხურ სახელმწიფოსათვის ღალატისა და ანტისაბჭოთა აჯანყების მზადების მცდელობისთვის“. ყველა მათგანს  სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა  მიუსაჯეს და აღასრულეს კიდეც 1923 წ-ის 20 მაისს, თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. დახვრეტის წინ კ. აფხაზის ბოლო სიტყვები იყო: ,,მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა, ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს“. ჰყავდა მეუღლე - ელენე აფხაზი და ვაჟი - ნიკოლოზი. კ. აფხაზის საცხოვრებელ სახლზე - ყოფილი ბებუთოვის ქ. 46 (დღევანდელი ლ. ასათიანის ქ. 46) განთავსებულია მემორიალური დაფა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates