• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ასათიანი სოსიპატრე

ასათიანი სოსიპატრე (1872, ქუთაისი - 1971, პარიზი) - პოლიტიკოსი და დიპლომატი. სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1905 რევოლუციაში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს ქუთაისში. 1907, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზებით, სხვა სოციალ-დემოკრატ პატიმრებთან (მათ შორის ლეო ქიაჩელთან) ერთად გაიპარა ციხიდან და ემიგრაციაში წავიდა შვეიცარიაში. უმაღლესი იურიდიული განათლება შვეიცარიაში ყოფნის დროს, ჟენევის უნივერსიტეტში მიიღო. რუსეთის თებერვლის რევოლუციამდე ცხოვრობდა ჟენევაში.

 1917 დაბრუნდა საქართველოში. მცირე ხნით დაინიშნა ლეჩხუმისა და სვანეთის კომისრად. 1918 წ-დან მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვარგარეთის მისიებში. თავდაპირველად იყო წარგზავნილი უკრაინაში, ხოლო 1919 რუმინეთში გაიგზავნა საქართველოს წარმომადგენლად. 1919 წ-ის ბოლოდან შეუერთდა პარიზში მყოფ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციას, იყო დელეგაციის მდივანი. 1921 წ-ის 25 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც აკაკი ჩხენკელმა ოფიციალური რწმუნებათა სიგელი გადასცა საფრანგეთის პრეზიდენტს ალექსანდრ მილიერანს, იკავებდა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს პირველი მდივნის თანამდებობას.

            1933,  მანამ, სანამ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ოფიციალური სტატუსი გააჩნდა, იკავებდა  საელჩოს პირველი მდივნის პოსტს. საელჩოს გაუქმების შემდეგ, 1933-1947 წწ-ში იყო საელჩოს ნაცვლად შექმნილი „ქართული ოფისის“ დირექტორი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ემიგრაციაში მყოფ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობაში. იყო დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივის შემნახველი კომისიის წევრი. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates