ავალიანი სიმონ ლუკას ძე (27.III.1881, ქუთაისი - 12.VIII.1922, თბილისი) - ისტორიკოსი, ეკონომისტი. დაიბადა აზნაურის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია (1900) და ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი (1904). იყო ამავე უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, თუმცა პოლიტიკურად არასაიმედოობის გამო დაითხოვეს (1909). პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ოდესის კერძო სასწავლებლებში და თანამშრომლობდა პრესაში (1909-1916). რედაქტორობდა გაზეთს „Южный кооператив“.
1916-1918 წწ-ში იყო პეტროგრადის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, ხოლო 1919 წ-დან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ამხანაგად ანუ მოადგილედ (1919-1920). თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროებითი ფულის ნიშნის (ბონის) დამკვიდრებასა და სტაბილური კურსის შენარჩუნებაში.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ მუშაობდა საგარეო ვაჭრობის კომისარიატში, სადაც ხელმძღვანელობდა სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს საწარმოო-ტექნიკურ განყოფილებას. იყო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დირექტორი (1921-1922). ავტორია ამიერკავკასიის სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის საკითხებზე დაწერილი 50-მდე საყურადღებო ნაშრომისა. ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა ამიერკავკასიაში 1861 განხორციელებული საგლეხო რეფორმის ისტორია. თბილისის უნივერსიტეტში პირველმა წაიკითხა ლექციების კურსი კოოპერაციის, დასავლეთ ევროპის ეკონომიკური ისტორიის, საქართველოსა და დასავლეთ ევროპაში მიწათმფლობელობის, საქართველოში განხორციელებული აგრარული რეფორმის, XIX-XX საუკუნეთა საქართველოს ეკონომიკური ისტორიის, სამთამადნო მრეწველობისა და სხვა საკითხებზე. 1917 წ-ის თებერვლის რევოლუციის შემდეგ პეტროგრადში გამოაქვეყნა ნაშრომები რუსეთის არაპროლეტარული პარტიების შესახებ. შექმნა მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელო და საუნივერსიტეტო კურსი კოოპერაციის დარგში. ქართულ პრესაში მიმოიხილავდა ოციანი წლების დასაწყისში საქართველოში არსებულ ფინანსურ-ეკონომიკურ ვითარებას. იძულებითი გასაბჭოების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის შესახებ პრესაში აღნიშნავდა: „ფულის გაიაფება საქართველოს რესპუბლიკაში საშინელია. ამ დებულებას ვერავინ უარყოფს. მის შედეგებს თითოეული მოქალაქე ყოველდღე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობს“.