ჯანელიძე ალექსანდრე ილარიონის ძე (24. X. 1888, სოფელი ნიკორწმინდა, რაჭის მაზრ. — 16. I. 1975, თბილისი). ართველი პედაგოგი, გეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941), გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1923), პროფესორი (1925), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946). დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1910 დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტი (სორბონი), 1916 — ყაზანის უნივერსიტეტი. ალ. ჯანელიძე ქართული გეოლოგიის სკოლისა და საქართველოში გეოლოგიური განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელია. 1911-1915-ში მასწავლებლობდა ქუთაისში;
1918-1920 წლებში — თბილისში. 1920-1923 წლებში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა საზღვარგარეთ (1920-1921 წლებში მუშაობდა გრენობლში ვ. კილიანის, 1921-1922 წლებში — პარიზში გუსტავ ემილ ოგის, ხოლო 1922-1923 წლებში — ჰალეში ი. ვალთერის ხელმძღვანელობით).
1928-1946 წლებში — გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრის გამგე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1925-1955 წლებში ალექსანდრე ჯანელიძე იყო მის მიერ დაარსებული გეოლოგიის ინსტიტუტის (ახლანდელი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი) დირექტორი. 1926-1929 წლებში იგი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორია; 1941-1963 წლებში იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე; 1951-1955 წლებში — აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი; 1941-1972 წლებში — აკადემიის პრეზიდიუმის წევრი.გარდაიცვალა 1975 წელს, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. გეოლოგიის ინსტიტუტის ეზოში დგას მისი ძეგლი. თბილისში არის ალექსანდრე ჯანელიძის ქუჩა.