• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

წუწუნავა  ალექსანდრე  რაჟდენის ძე

წუწუნავა  ალექსანდრე  რაჟდენის ძე (16.I.1881, სოფ. ლიხაური, ოზურგეთის მაზრ. - 26.X.1955 , თბილისი) - ქართველი რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე. საქართველოს სახალხო არტისტი (1934). 1900 მსახიობად ჩაირიცხა ქუთაისის დრამატულ დასში, სადაც მუშაობდა ლ. მესხიშვილის ხელმძღვანელობით. 1910 დაამთავრა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდია სარეჟისორო განხრით. 1910 წ-დან სხვადასხვა დროს მუშაობდა ჭიათურის თეატრში, თბილისის სახალხო სახლში, ქართულ და რუსულ თეატრებში, სარატოვში, ბაქოს ქართულ თეატრში და სხვ. ა. წუწუნავა ქართული ეროვნული საოპერო რეჟისურის ფუძემდებელია.

1918 წ-დან სათავეში ედგა თბილისის საოპერო თეატრს. 1918 წ-ის 19 ოქტომბერს გაზ. ,,საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა სახელმწიფო თეატრის კომისრის, ა. წუწუნავას მოწოდება. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო თეატრთან არსებულ ქართულ დრამატულ სტუდიაში მოსწავლეების მიღებასთან დაკავშირებით. 1.I.1919 სახელმწიფო თეატრში, სამშობლოს დამცველ მეომართა პატივსაცემად და სასარგებლოდ, ა. წუწუნავას რეჟისორობით გაიმართა დიდი მხატვრული საღამო. 24.I.1919 სახელმწიფო თეატრში (ოპერა),ა. წუწუნავას რეჟისორობით ქართულ ენაზე პირველად დაიდგა ,,დემონი“. 2.II.1919 სახელმწიფო თეატრში, მისივე რეჟისორობით, პირველი ქართული ოპერა ,,თქმულება შოთა რუსთაველზე“ წარმოადგინეს. ა. წუწუნავას რეჟისორობით 21.II.1919 სახელმწიფო თეატრში განხორციელდა ზაქარია ფალიაშვილის ,,აბესალომ და ეთერი“;  15.IV.1919 კი -  პეტროგრადის ცნობილი მსახიობი ქალის მ.ს. დავიდოვას მონაწილეობით ,,კარმენი“;  30.XI.1919  ჟურ. ,,თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ცნობა ქართული დრამატული დასის დაშლასთან დაკავშირებით, რაც ა.წუწუნავასთან შეუთანხმებლობამ გამოიწვია. ა. წუწუნავას რეჟისორობით 11.XII.1919 დაიდგა პირველი კომიკური ოპერა ,,ქეთო და კოტე“. 18.I.1920 ქართულ კლუბში გაიმართა საქველმოქმედო წარმოდგენა თბილისის ქართველ მსახიობთა საუკეთესო ანსამბლის მონაწილეობით. 9.III.1920 „კინემომინიონში“ პირველი ქართული კინოდრამა „ქრისტინე“ აჩვენეს, რომლის რეჟისორი ა. წუწუნავა იყო.  23.III.1920 ქართულ კლუბში, კ. ჭიჭინაძის საღამოზე, ა. წუწუნავამ დადგა კომედია „ციმბირელი“. 13.XI.1920 სახელმწიფო დრამის თეატრში (ყოფილი არტისტული საზოგადოების თეატრი), ა.წ. რეჟისორობით, ი. გედევანიშვილის ,,მსხვერპლი“ წარმოადგინეს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრესაში ფოტოები იბეჭდებოდა, აქტიურად შუქდებოდა მისი შემოქმედება. მ. ჭიაურელისა და შ. ქიქოძის მეგობრული შარჟები კი პერიოდული გამოცემების არაერთ ნომერში გამოქვეყნდა.

1923 კინორეჟისურის შესასწავლად მოსკოვში გაემგზავრა. 1924 მიიწვიეს სახკინმრეწვის რეჟისორად. ა.წ. ქართული კინემატოგრაფის განვითარების ფუძემდებლია.  მან „ქრისტინეს“ გარდა გადაიღო ფილმები: „ვინ არის დამნაშავე?“ (1925), „ორი მონადირე“ (1926), „ხანუმა“ (1927),  „ჯანყი გურიაში“ (1929). 1934 სახალხო არტისტის წოდება მიიღო. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის 2 ორდენით და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.                

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates