წერეთელი გრიგოლ ფილიმონის ძე (1870, პეტერბურგი - 1938, თბილისი) - ბიზანტიოლოგი, ელინისტი, პაპიროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქართული კლასიკური ფილოლოგიის სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, რუსეთის მეცნიერებათა საიმპერატორო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1917), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1905), 1893 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი, 1893-1897 წწ-ში ასწავლიდა პეტერბურგის არქეოლოგიურ ინსტიტუტში. იყო ბერლინის უნივერსიტეტის (გერმანია) პრივატ-დოცენტი (1897-1902), პეტერბურგის უნივერსიტეტის დოცენტი (1902-1905), ტარტუს უნივერსიტეტის ექსტრაორდინარული პროფესორი და კათედრის გამგე (1905-1914).
1920 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ გრ. წერეთელი უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის პროფესორად მოიწვია. 1920-1937 წწ-ში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე.
1923-1931 წწ-ში ასევე ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას. გრიგოლ წერეთლის შრომები: ,,შემოკლებათა სისტემა ბერძნულ ხელნაწერებში“ (1904), ,,ბერლინის მუზეუმის ბერძნული პაპირუსები“ (1905-1904), ,,რუსული და ქართული კოლექციების პაპირუსები“ ხუთ ტომად (1925-1935), ,,მენანდრეს ახალი კომედიები“ (1914), რუსულ ენაზე დაწერილი სახელმძღვანელო - ,,ბერძნული ლიტერატურის ისტორია“ 3 ტომად, სამეცნიერო სტატიები ალკეოსის, საფოს, ანაკრეონტის შემოქმედებაზე. გ. წერეთელმა თარგმნა: ბერძენი ლირიკოსები (1927), ჰორაციუსის ოდები (1936), ,,მენანდრეს კომედიები“ (1936); რუსულ ენაზე პირველმა თარგმნა ჰეროდეს ,,მიმიამბები“ (1929), აპოლონ როდოსელის ,,არგონავტიკა“