• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჩხეიძე  ნინო (ნუცა) პლატონის ასული

ჩხეიძე  ნინო (ნუცა) პლატონის ასული (12.X.1881, ქუთაისი - 14.VIII.1963, თბილისი) - მსახიობი. მამა, პლატონ ჩხეიძე, ვექილი იყო, დედა  - ევგენია ნიკოს ასული ქორქაშვილი კი სცენისმოყვარე. სწავლა ოჯახში დაიწყო. წერა-კითხვა კოტე მესხის დებმა, ეფემია და ნინო მესხებმა შეასწავლეს. სკოლაში არასოდეს უსწავლია, რადგან მამა ბავშვის გიმნაზიაში სწავლის წინააღმდეგი იყო. იზრდებოდა თეატრალურ წრეში, იყო თვითგანვითარებული. უფროსი და მარიამი (მაშო) კოტე მესხის დასში თამაშობდა.  ამიტომ ბავშვობიდანვე ნინოს  დაინტერესება თეატრით შემთხვევითი არ იყო. 1894 პირველად გამოვიდა ქუთაისის სცენაზე. ვლ. მესხიშვილის გასტროლის დროს დაიდგა ,,დამნაშავის ოჯახი“. სპექტაკლში ემმას როლი შეასრულა, მისი დის, მარიამის, ავადმყოფობის გამო როლი ნინოს მისცეს. სპექტაკლის ნახვის შემდეგ წარმატება ვლ. მესხიშვილმა უწინასწარმეტყველა. 1894 ქუთაისის თეატრად ქალაქის ცენტრალურ ბაღში აღმართული  პავილიონი ითვლებოდა, რომელიც ამავე წელს დაიწვა. კ.მ.-მ ქუთაისის მსახიობებისაგან ახალი დასი შექმნა და თბილისში გაემგზავრა. ამ ამხანაგობასთან ნინოსაც მოუხდა თამაში დიუმას პიესაში ,,ცოდვის შვილი“. იმ გაზაფხულს შესრულებული როლებით იმდენად მიიქცია თეატრალური საზოგადოების ყურადღება, რომ შემოდგომაზე თბილისის დრამატული საზოგადოების მიწვევით გამოდიოდა. დასს ლადო მესხიშვილი რეჟისორობდა. თბ. დრამ. საზ. დასში იმხანად ასაკოვანი მსახიობი, ავალიშვილის ქალი შედიოდა, რომლის ნაცვლად მთავარ როლზე  საზოგადოება ნინოს ჩართვას ითხოვდა. ამის შესახებ წერილები პრესაშიც დაიბეჭდა. 1896 უკვე ქუთაისში, ლადო მესხიშვილის დასში იყო, ქალის დრამატული როლების შემსრულებლების არყოფნის გამო ნინოს მთავარი როლები შეხვდა. ასრულებდა დეზდემონას, კორდელიას როლებს. მესხიშვილის დასთან ერთად ნინო ბათუმში, ფოთში, სოხუმში, ბაქოში, ყარსში მოგზაურობდა და თამაშობდა. 1897 ვასო ბალანჩივაძემ დადგა ,,უბედური ნაბიჯი“, რომელშიც ვარვარა პეჩორინას როლი შეასრულა. ეს სპექტაკლი ნ.ჩხეიძის წარმატებული სასცენო მოღვაწეობის დასაწყისად მიიჩნევა. თუმცა, ამ დროს დაეღუპა დედა და სცენისმოყვარე და მარიამი, 2 წლით ადრე - მამა. დარჩა უსახსროდ, ორ ძმასა და დასთან ერთად. 1903-1904 წწ-ში თბილისში გადავიდა,  ვ. აბაშიძის, კ. მესხისა და კ. შათირიშვილის რეჟისორობის დროს. 1904 ჯვარი დაიწერა რეჟისორ მ. ქორელზე. 1905 თბილისის დასმა მუშაობა შეაჩერა. 1905 ავადმყოფობის გამო მეუღლესთან ერთად პარიზში გაემგზავრა, სადაც ხუთი თვე ცხოვრობდა. იქ გაუჩნდათ შვილი მედეა.  1906 წ-ის მაისის თვეში ქმარ-შვილით თბილისში დაბრუნდა. 1906-1909 წწ-ში თბილისის დასში თამაშობდა. 1909 ქუთაისში გადავიდა, სადაც 10 წლის განმავლობაში მსახურობდა.                                                     

1918-1919 წწ-ში მისი შემოქმედებით იმდროინდელი პერიოდული გამოცემები აქტიურად დაინტერესდა. ჟურნალში ,,თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მისი არაერთი ფოტო და წერილი მის შემოქმედებაზე. მისი ჩანახატი შეასრულა შალვა ქიქოძემ - ,,გაწყვეტილი სიმი - ელენე“. იყო არაერთი პოეტის მუზა, მასზე ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. 1918 ქუთაისის სცენის პარალელურად, 12 სპექტაკლში ითამაშა თბილისის სცენაზე. 1919 წ-ის 1 ივნისს სასცენო მოღვაწეობის 25 წელი შეუსრულდა. მისი იუბილე ჯერ დასავლეთ საქართველოს სცენაზე აღნიშნეს, შემდეგ კი თბილისში, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც ღონისძიებების ჩატარებაზე უნდა ეზრუნა. დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დააჯილდოვა.                     

1921-1922 წწ-ში იყო ჭიათურის თეატრის მსახიობი. 1922-1925 - 1938-1948 წწ-ში თბილისში, რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა,  1925-1926 წწ-ში  - ბათუმის თეატრის სცენაზე, 1927-1928 წწ-ში - თბილისის მუშათა თეატრში. 1927 წ-დან იღებენ ფილმებში: 1930 წ-ს ,,საკანი 79“ (რეჟისორი შ. ბერიშვილი), ,,ნახვამდის“ (რეჟ. მაკაროვი), 1936 ს. დოლიძის ფილმში ,,დარიკო“ და სხვ. 1941 საბჭოთა მთავრობამ ,,შრომის წითელი დროშის ორდენით“ დააჯილდოვა. 1946 წ-ს გადაუხადეს სასცენო მოღვაწეობის 50 წლის იუბილე. 1950 წ-ს ლენინის შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოეს. ავტორია წიგნისა ,,მოგონებები“, რომელიც 2-ჯერ გამოიცა. ქართულ სცენაზე შექმნა 300-მდე როლი: ზეინაბი, მარგარიტა გოტიე, მაგდა, ნორა, მედეა, ქეთევანი, დეზდემონა, კორდელია და სხვა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. არქივი საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.  

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates