• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

მესხი კოტე დავითის ძე

მესხი კოტე დავითის ძე (? - 1932) - სოციალისტ-რევოლუციონერი. სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობდა სტუდენტურ მღელვარებებში. გ. ლასხიშვილთან ერთად შედიოდა რუსეთის რევოლუციურ-ხალხოსნურ ორგანიზაციაში „ახალგაზრდა ნაროდნაია ვოლია“ („ნაროდნაია ვოლიას ახალგაზრდა პარტია“), რისთვისაც თავისი თანამემამულის ანალოგიური სასჯელი ერგო: იგი ჯერ სამშობლოში ჩამოასახლეს პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, შემდეგ კი ხუთი წლით გადაასახლეს ციმბირში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1890-იან წწ-ში, მონაწილეობა განაგრძო რევოლუციურ-ხალხოსნურ მოძრაობაში და შედიოდა თბილისის გამგეობაში შექმნილ ფარულ ხალხოსნურ ჯგუფში. 1900-იან წწ-ში, ყოფილმა ხალხოსნებმა საქართველოში სცადეს რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების შექმნა, რომელშიც კ. მესხი აქტიურ მონაწილეობას იღებდა. 1906 წ-ის 1 იანვარს მისი რედაქტორობით გამოვიდა ესერული მიმართულების გაზეთი „პატარა გაზეთი“, რომლის სულ ოთხი ნომერი გამოვიდა. როგორც გაზეთის შინაარსიდან ჩანს, მისი რედაქტორი მტკიცე ეროვნულ პოზიციაზე იდგა და საქართველოს ავტონომიას მიიჩნევდა ქვეყნისთვის სასურველ სტატუსად. რაც შეეხება სამოქალაქო სამსახურს, კ. მესხი, როგორც ჩანს, სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის გამგეობაში; შემდეგ კი - ერთხანს, დამზღვევი საზოგადოების ინსპექტორად კავკასიაში.

რუსეთის მონარქიის დამხობის შემდეგ განაგრძობდა სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიაში მოღვაწეობას. 1917 წ-ის ნოემბერში შემდგარმა საქართველოს პირველმა ეროვნულმა ყრილობამ აირჩია ეროვნული საბჭოს წევრად. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აირჩიეს 15 წევრისაგან შემდგარი ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობაში (ესერთა პარტიისაგან).                               

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates