• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ფარნიევი ალექსანდრე ივანეს ძე

ფარნიევი ალექსანდრე ივანეს ძე (14.IX.1883, სოფ. ქვითკირისწყარო, დუშეთის მაზრა - ?) - სოციალ-დემოკრატი. 1919 წ-ის 12 მარტს დამფუძნებელი კრების პირველ სხდომაზე ხელი მოაწერა 1918 წ-ის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.  დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში მიწათმოქმედების სამინისტროს და გლეხთა ცენტრის რწმუნებული იყო. 1919 წ-ის თებერვალში საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის სიით აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. მკაცრად გაილაშქრა ოსური სეპარატიზმის წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით, სოციალ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთ „ერთობაში“ სტატიაც გამოაქვეყნა, სადაც ისტორიკოს ნ. ჯიოევს და სხვა ოს სეპარატისტებს, რომლებიც საქართველოსგან გამოყოფას მოითხოვდნენ, ღალატში დასდო ბრალი. იგი წერდა: „...შარშან ამიერკავკასიის წარმომადგენლების პირველ კრებაზე, 5 ივნისს, ჯავაში, ნ. ჯიოევმა გაუბედავად აღძრა ოსების ცალკე გამოყოფის - დამოუკიდებლობის საკითხი, კრებამ უარი უთხრა. მაშ, ფრთხილად, აწონ დაწონე, ნუ აყვებით უპასუხისმგებლო პოლიტიკანებს, ნუ დაივიწყებთ, რომ ოსები ერთ ადგილზე არა ხართ დასახლებული და არც ისე ადვილია ცალკე სახელმწიფოს შექმნა და მისი ხარჯების გაწევა... ერთადერთ მიუვალ სიმაგრედ მიაჩნიათ ჩვენს ნაციონალისტებს ჯავის ხეობა. ამ ხეობაში ცხოვრობენ ოსები დაახლოებით: ჯავის საზოგადოებაში -700 კომლი, როკის ხეობაში - 400 კომლი. თითოეულ კომლზე რომ ვიანგარიშოთ, საშუალოდ 10 სული მცხოვრები, სულ იქნებიან 16.000 სული. თბილისის და ქუთაისის გუბერნიებში კი ცხოვრობენ არა ნაკლებ 100.000 სულისა. მაშ, დანარჩენი 84.000 ოსის ინტერესებს ვის ვანდობთ, ისინი ვის მიეკედლონ, ...ან არა და ვთქვათ, ჯავის ხეობა გამოეყო საქართველოს, მერე ან ფული არ უნდათ, ან სხვა რამე? რა მოდის ჯავის ხეობაში? - არაფერი. ხალხი დამშეულია. ერთადერთი ტყეა, რომლითაც ირჩენენ თავს და თუ ამ ტყეში მოჭრილ მასალას არ ჩამოიტანენ ცხინვალში ან უფრო ქვემოთ, საით უნდა წაიღონ, მთებზე ხომ არ გადაიტანენ ჩრდილოეთ კავკასიაში ან არა და ჩრდილოეთ კავკასიას, როდის სჭირდებოდა იქაური ხე-ტყე, და თუ ამ ტყითაც აღარ ისარგებლებს ჯავის ხეობის მცხოვრებნი, მაშ სხვა რაღა გააჩნიათ, ან არა და სად უნდა მოეწყოს სახელმწიფოს მთავრობა, რომელ ქალაქში ან სოფელში, რომელ ყაზარმებში უნდა იყოს მოთავსებული ჯარი და სხვა დაწესებულებანი? მე ვფიქრობ ისინი, ვინც ოსების დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაზე ოცნებობენ, მათ ან არაფერი გაეგებათ ქვეყნიერების ავ-კარგისა ან და განგებ სურთ შეატაკონ ქართველი და ოსის დემოკრატია ერთმანეთს და დაღუპონ ის, რაც მოიპოვა ხალხმა“.         საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ ბოლშევიკებმა მეტეხის ციხეში ჩასვეს. მან საბჭოთა ხელისუფლებასთან ითანამშრომლა, რის შემდეგაც ციხიდან გაათავისუფლეს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates