ფანიანცი (პანიევი) კონსტანტინე აბგერის ძე (1890, ქ. გორი - ?) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. ეროვნებით სომეხი. რსდმ პარტიის წევრი 1905 წ-დან. თავდაპირველად ბოლშევიკური პარტიის წევრი იყო. 1910 გადაასახლეს ვოლგოგრადში. შემდგომში პარტიულ მუშაობას ეწეოდა მოსკოვში.
1918 აირჩიეს სოხუმის ქალაქის საბჭოში. 1919 წ-ის თებერვალში სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს. შედიოდა კრების თვითმმართველობისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიებში. იყო თბილისის ქალაქის გამგეობის წევრი.
საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 მცირე ხნით დააპატიმრეს. შემდგომში მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში. 30-იან წლებში იყო შინსახკომის ინფორმატორი, თუმცა დიდი ტერორის დროს მენშევიკ ლიდერებთან კავშირის გამო დააპატიმრეს როგორც ორმაგი აგენტი და გადასახლება მიუსაჯეს.