• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

უზნაძე დიმიტრი  ნიკოლოზის ძე

უზნაძე დიმიტრი  ნიკოლოზის ძე (2.XII.1886, სოფ. ქვედა საქარა, შორაპნის მაზრ.  - 9.X.1950, თბილისი) - ქართველი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (1918) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის (1941) ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი შემადგენლობის აკადემიკოსი. პროფესორი (1918). 1904 დაამთავრა ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, ხოლო 1909 ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. იმავე წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი დაიცვა ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტში (გერმანია). 1913 ექსტერნის წესით დაასრულა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ისტორიის განხრით. 1909-1918  წწ-ში მსოფლიო ისტორიას ასწავლიდა ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში. აქტიურად მონაწილეობდა 1910-იანი წწ-ის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. იყო საქართველოს სოციალისტ-ფერედალისტთა პარტიის თვალსაჩინო მოღვაწე.         

1917-1919 წწ-ში იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1918 წ-ის  26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. 1917 ქუთაისში გამოსცა მსოფლიო ისტორიის პირველი ქართული სახელმძღვანელო. იყო თბილისის ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების  წევრი და უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პროფესორი და მის მიერვე დაარსებული ფსიქოლოგიის კათედრის გამგე. დამოუკიდებლობის პერიოდში ხელმძღვანელობდა თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტს. 

1935  დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1941 მისი თაოსნობით შეიქმნა  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის სექტორი, რომელიც 1943 გარდაიქმნა ფსიქოლოგიის ინსტიტუტად. დ. უზნაძის სამეცნიერო შრომები (რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც ქართულ, ისე გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ ენებზე) ეძღვნება ფსიქოლოგიის, ფილოსოფიისა და პედაგოგიკის საკვანძო საკითხებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი თაოსნობით შექმნილი „განწყობის თეორია", რომელიც სამართლიანად ითვლება თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვრად, ხოლო დ. უზნაძე სამართლიანად ითვლება განწყობის ფსიქოლოგიის მამამთავრად. დაკრძალულია თსუ-ის პანთეონში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates