• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სოლოღაშვილი  ანა (ოლღა) ილიას ასული

სოლოღაშვილი  ანა (ოლღა) ილიას ასული  (1882, გორის მაზრის სოფ. მეჯვრისხევი -28. XI.1937). საზოგადო მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის  ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ისტორიის სპეციალობით. 1903-დან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად  რევოლუციურ გამოსვლებშიც მონაწილეობდა. მარქსისტულ იდეებსა და არალეგალურ რევოლუციურ ლიტერატურას აცნობდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში რვვოლუციურად განწყობილ მუშებს, ამ საქმეში ჩაბმული იყო ძმასთან - გრიგოლთან და დასთან - ევგენიასთან ერთად. მისი თაოსნობით ბათუმში გაიხსნა ნურიის ბაზარში, აგრეთვე, წიგნთსაცავ-სამკითხველო, რომლის გამგედ დაინიშნა ევგენია. მათი თაოსნობით ჩამოყალიბდა სახალხო იაფფასიანი თეატრი, სადაც თამაშობდნენ არტისტული ნიჭით დაჯილდოებული დები სოლოღაშვილები. 1912 წელს ა. სოლოღაშვილი, რომელიც ამ დროს პედაგოგად მუშაობდა, რევოლუციური საქმიანობისათვის დააპატიმრეს და გადასცეს სამხედრო-საოლქო სასამართლოს „არსებული წეს-წყობილების  წინააღმდეგ პროპაგანდა-აგიტაციის გაწევისათვის“. სასამართლომ ბრალდება ვერ დაუმტკიცა და გაამართლა.                  

1917-ის ნოემბერში ა. სოლოღაშვილი აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. იყო გორის ქალთა ინტერნაციონალური კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. 1918 იყო სდ-ის პარლამენტის წევრი. ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს. 1919-ის თებერვლიდან არჩეული იქნა თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად. 1919-ის  12 მარტიდან იყო სრ-ის დამფუძნებელი კრების წევრი. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო სარედაქციო, საპენსიო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების წევრი, საბიბლიოთეკო კომისიის მდივანი. ო. ს.-ს ინიციატივითა და მოხსენებით საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო მთელი რიგი დეკრეტები და კანონები, კერძოდ, დეკრეტი უცხოეთში გასატანი საქონლის დასამზადებლად და უცხოეთიდან საქართველოში შემოსატანი საქონლისათვის; მთავრობის განკარგულებაში 20 მილიონი მანეთის გადასადებად; უქმე დღეების შემცირების; საზომ-საწონი და სასინჯი პალატის შექმნი; საქონლის ჭირის საწინააღმდეგო შრატის დასამზადებლად ქუთაისის სადგურის გასაფართოებლად 1 500 000 მანეთის გამოსაყოფად; რკინიგზის სადგურებში საქონლის შენახვის ვადის შემცირების შესახებ; საინტერესო სახელმძღვანელოების ავტორებისათვის 100 000 მანეთის გამოსაყოფად; კანონი ოჯახური მდგომარეობის გამო ჯარში გაწვევის გადავადების შესახებ; სახელმწიფო საშუალო და უმაღლეს დაწყებითი სკოლებისათვის 250 000 მანეთის სუბსიდიის გამოსაყოფად; დეკრეტი სამოქალაქო უწყებათა სახელმწიფო მოსამსახურეებისათვის ჯამაგირის მომატების შესახებ; სახალხო სკოლების მასწავლებლებისათვის ხუთწლიანი სახელფასო დანამატების შესახებ; ახალციხე-ახალქალაქისა და სოხუმ-ზუგდიდ-სენაკის გზატკეცილის შესაკეთებლად 800 000 მანეთის გადადების შესახებ და მრავალი სხვ.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩაბმული იყო ანტისაბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში. შედიოდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ქალთა კომიტეტში, რომელიც არალეგალურად მუშაობდა პოლიტიკური პატიმრების და მათი ოჯახების დასახმარებლად; 1922 წლიდან კომიტეტი გარდაიქმნა ბოლშევიკურ საოკუპაციო რეჟიმთან მებრძოლი პარტიების ერთიან ორგანიზაციად - „საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი“.1925-დან ცხოვრობდა და მუშაობდა მასწავლებლად სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. 1937 დააპატიმრა შინსახკომის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რაიონულმა განყოფილებამ. 1937-ის 27 ნოემბერს, საქართველოს სსრ-ს შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. „ტროიკა“), ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის და „შოვინისტური“ განწყობების, ასევე „მენშევიკთა“ ლიდერ ისიდორე რამიშვილთან კავშირის ბრალდებით, ა. სოლოღაშვილს სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს და დახვრიტეს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates