• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

რაუშერი ულრიხ კარლ პაულ

რაუშერი ულრიხ კარლ პაულ (26.6.1884 შტუტგარტი-18.12.1930 სტ. ბლაზიენი) გერმანელი სახელმწიფო მოხელე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, დიპლომატი, ჟურნალისტი და მწერალი. გერმანიის (ვაიმარის რესპუბლიკის) ელჩი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1920-1922 წლებში.

რაუშერი წარმოშობით ბურჟუაზიული ოჯახიდან იყო. მიიღო შესანიშნავი განათლება მიუნხენში, ჰაიდელბერგში, სტრასბურგსა და ოქსფორდში. პროფესიით იურისტი. გატაცებული იყო მუსიკით, ხელოვნებით, გერმანულად თარგმნიდა ფრანგულ ლიტერატურას, საკუთარ წერილებს ხელოვნების სფეროზე აქვეყნებდა წამყვან გერმანულ გამოცემებში.

პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას მუშაობდა იმპერიის პრესის განყოფილებაში (Reichspresseamt) ბრიუსელის საგენერალგუბერნატოროში და მხარს უჭერდა გერმანიის იმპერიის პოლიტიკას ბელგიის მიმართ. ერთი პერიოდი იბრძოდა კიდეც არტილერისტად დასავლეთის ფრონტზე, 1918 წლიდან კი კვლავ ჟურნალისტად დაბრუნდა ბერლინში. წლის ბოლოს ხდება სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და მალე იკავებს რამდენიმე მნიშვნელოვან თანამდებობას: ხდება ფილიპ შაიდემანის პირადი მდივანი, 1919 წელს კი გერმანიის ხელისუფლების პრესის განყოფილების უფროსი.

1920 წლის სექტემბერში ვაიმარის რესპუბლიკამ დე იურე აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. იმავე წლის დეკემბერში გერმანიის მიერ საქართველოში წარმომადგენლად ულრიხ რაუშერი დამტკიცდა, რომელიც თბილისში 1921 წლის 8 იანვარს ჩამოვიდა. საქართველოს თავს დამტყდარი ბოლშევიკური აგრესიის გამო, რაუშერს ფაქტობრივად მხოლოდ ომის ხანაში მოუწია საქართველოში ყოფნა. ის მუდმივად საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლების გვერდით იმყოფებოდა ომის მიმდინარეობისას და დარჩა მასთან ევაკუაციამდე, რაც 1921 წლის მარტში განხორციელდა. ამის მერეც მთელი წლის მანძილზე ასრულებდა თავის მოვალეობას და გერმანიაში გაემგზავრა 1922 წლის დასაწყისში.

1922 წლის აპრილიდან იყო გერმანიის ელჩი მეზობელ პოლონეთში სიცოცხლის ბოლომდე. მხარს უჭერდა ტრადიციული გერმანულ-პოლონური მტრობის ჩარჩოებში მოქცევას და ურთიერთობის ნორმალიზებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ელჩობისას გერმანია-პოლონეთს შორის გაფორმებული ორი ხელშეკრულება, ე.წ. „ლიკვიდაციის ხელშეკრულება“ (31.10.1929), რომლის ძალითაც გერმანიამ და პოლონეთმა  უარი თქვეს მსოფლიო ომისგან და ვერსალის ზავისგან მომდინარე ფინანსურ მოთხოვნებზე ერთმანეთის მიმართ და ასევე სავაჭრო ხელშეკრულება (17.3.1930).  ურთიერთობების ნორმალიზაცია ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად ისტორიას ჩაბარდა. ულრიხ რაუშერი გარდაიცვალა გერმანიაში, შვარცვალდში ყოფნისას ხორხის ტუბერკულოზით.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates