• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

რამიშვილი ნოე ბესარიონის ძე 

რამიშვილი ნოე ბესარიონის ძე  (5.IV.1881, სოფ. დიდი ვანი - 7. XII.1930 პარიზი) სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე,  შინაგან საქმეთა, სამხედრო  და განათლების მინისტრი. სოფლის სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში გააგრძელა და დაამთავრა. 1901 ქუთაისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ დერპტის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე შევიდა, თუმცა, რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის გარიცხესდა და 1902  საქართველოში დაბრუნდა. ბათუმში სათავეში ჩაუდგა მუშათა მოძრაობას, დაიწყო სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების შექმნა გურიაში. ჟანდარმერიის დევნის გამო, თბილისში გადავიდა, გახდა მუშათა კომიტეტის წევრი. რევოლუციური მუშაობისათვის თბილისში დააპატიმრეს და ბათუმში წაიყვანეს, მაგრამ მატარებლიდან გადახტა და რუსეთში, კერძოდ, დონის როსტოვში გაიქცა.   რსდმპ V ყრილობაზე ის აირჩიეს ცკ-ს წევრად მენშევიკებისაგან. 1908-1909 სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტში (გერმანია).                                                  

            თებერვლის რევოლუციის შემდეგ (1917) ნოე რამიშვილი გახდა კავკასიის გლეხთა დეპუტატების საბჭოების ცენტრის თავმჯდომარე, ქართველ მენშევიკთა ცკ-ს წევრი და ამ პარტიის ორგანოს,- გაზეთ „ერთობის“ რედაქტორი. იგი ცნობილი იყო პარტიული ფსევდონიმებით: პეტრე, სემიონოვი ნ. 1917-ის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. იყო ამიერკავკასიის სეიმის  წევრი,  ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მუშაობას. იყო ამიერკავკასიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი.  1918-ის 26 მაისს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა აღიდგინა, ნ. რამიშვილის მეთაურობით შეიქმნა საქართველოს დროებითი მთავრობა, თუმცა, ერთ თვეში, 24 ივნისს,  ის გადადგა და ხელისუფლება ნ. ჟორდანიას გადასცა. რამიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ჩაიბარა და, პარალელურად, 1919-ის განმავლობაში იყო სამხედრო მინისტრი. იმავე წელს ასევე აირჩიეს დამფუძნებელი კრების  წევრად. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ჯარის რეორგანიზაცია, განათლების რეფორმა, კავშირგაბმულობის სფეროს განვითარება, განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა თბილისის უნივერსიტეტის  მიმართ. შსს მინისტრობის დროს კი მან უხელმძღვანელა საქართველოს მივარდნილ სოფლებში გზების გაყვანას, ფოსტა-ტელეგრაფისა და სკოლების აშენებას. მან მთელი ძალისხმევა მიმართა ანტისახელმწიფოებრივი აქციებისა და სპეკულაციის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ. ასეთ უკომპრომისო ბრძოლაში მას ძალოვანი სტრუქტურების მხარდაჭერა ესაჭიროებოდა. მან, შსს სამინისტროში ჩამოაყალიბა განსაკუთრებული რაზმი, რომელსაც ქვეყანაში წესრიგი უნდა დაეცვა. მასში თავიდან 800 მილიციელი შევიდა, მაგრამ მათი რიცხვი 2500-მდე გაიზარდა. რაზმმა დიდი როლი შეასრულა სახელმწიფოს უშიშროებისათვის და აღკვეთა არაერთი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება. რამიშვილს ხშირად აკრიტიკებდნენ სახელმწიფოს მოწინააღმდეგეებისდმი სიმკაცრისა  და დიქტატორული მისწრაფებების გამო. მეორე მხრივ, გამორჩეული პრინციპულობისა და უკანონობასთან შეურიგებელი ბრძოლის გამო, ნოე რამიშვილს დამოუკიდებლობის წლებში ზედმეტსახელად „რკინის მინისტრი“ შეარქვეს. მისი სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობდა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას: მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნა დიდი დარგობრივი ბიბლიოთეკა, რისთვისაც ოდესაში სპეციალურად მიავლინა უნივერსიტეტის კომისია პროფესორ ივანე ბერიტაშვილის მეთაურობით. მინისტრის დავალებით, აქციონერულმა საზოგადოებამ - „ფილმი“, იმ დროის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა გადაიღო, რასაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესასწავლად დოკუმენტური წყაროს მნიშვნელობა აქვს.

1921-ის თებერვალ-მარტის მოვლენების შემდეგ, ნ. რამიშვილმა  დატოვა საქართველო და მთავრობასთან ერთად წავიდა ემიგრაციაში, თუმცა, ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლა არც იქ შეუწყვეტია: წერდა წერილებს, მონაწილეობდა საქართველოში მომხდარ მოვლენებზე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებაში. ქართული ემიგრაციის წევრებიდან ის ყველაზე აქტიურად უჭერდა მხარს 1924-ის აჯანყებას, ჩართული იყო პოლონელი ხალხის ანტისაბჭოთა მოძრაობაში. ჰყავდა მეუღლე -მარიამ გოგიაშვილი და ოთხი შვილი, ორი ვაჟი: ბენო და აკაკი და ორი ქალიშვილი: ნუცა და თამარი. ცხოვრობდა პარიზის ახლოს, თავდაპირველად სენ-კლუში, შემდეგ კი ლევილის მამულში. 1930-ის   7 დეკემბერს პარიზის ქუჩაში მიმავალ ნ. რამიშვილს,  საბჭოთა „ჩეკას“ მიერ მოსყიდულმა  მკვლელმა, ქართველმა ემიგრანტმა პ. ჭანუყვაძემ  ესროლა. დაკრძალეს ბანიოს სასაფლაოზე, შემდეგ კი ლევილში გადაასვენეს. ნ. რამიშვილს ეკუთვნის ნაშრომები: „ისტორიული მატერიალიზმი“ (1911), რომელსაც ახლავს ნ. ჟორდანიას წინასიტყვაობა; „ნამდვილი და ყალბი კომუნიზმი“ (კონსტანტინოპოლი,1922); „საქართველო და რუსეთი“ (პარიზი, 1924); „დემოკრატიული სოციალიზმი“ (პარიზი, 1931 წ.) და სხვ.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates