• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

რამიშვილი ისიდორე ივანეს ძე

რამიშვილი ისიდორე ივანეს ძე (7. VI. 1859.  (ძვ.სტ.) სოფ. დიდი ვანი, ოზურგეთის მაზ.  -    14. X. 1937. თბილისი). ქართული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის   ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. ცნობილი პედაგოგი და განმანათლებელი. დაიბადა  სურების ხეობაში გლეხის ოჯახში. თავდაპირველად განათლება მიიღო ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, შემდგომში სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც ასევე სწავლობდა მისი ბავშვობის მეგობარი სილიბისტრო ჯიბლაძე. სემინარიაში სწავლისას აქტიურ მონაწილეობას იღებდა სტუდენტთა ხალხოსნური ჯგუფების ფორმირებაში და  საქმიანობაში, აწყობდა არალეგალურ კითხვის წრეებს რის გამოც არაერთხელ დამდგარა სემინარიიდან გარიცხვის საფრთხის წინაშე. 1885-ს დაასრულა სასულიერო სემინარია, რის შემდეგაც 1886-87-ში წინაამძღვრიანთკარის სკოლაში დაიწყო მასწავლებლობა. პედაგოგობის პერიოდში აქტიურად ეწეოდა ნაროდნიკულ საქმიანობას. 1887-ს მის  მშობლიურ სურების ხეობაში დააარსა ორკლასიანი სკოლას, სადაც თავადვე  იყო პირველი მასწავლებელი, ამავე პერიოდში მისი მოსწავლე იყო ნოე რამიშვილი. 1891-ს მისი ინიციატივით დაარსდება გურიის  სახალხო ბიბლიოთეკა. აქტიურ მონაწილეობას იღებდა 1892-ს ყვირილის  შეკრებაში  რომელზეც საფუძველი ჩაეყარა პირველ ქართულ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას (მესამე დასს). ყვირილის კონფერენციაზე   იდგა ხალხოსნურ ნიადაგზე. შემდგომში მან გაიაზრა ნოე ჟორდანიასეულ  ევროპული სოციალიზმის ღირებულებებს. 1893-ს შემდეგ მასწავლებლად მუშაობს ჯერ სენაკის სკოლაში ხოლო შემდგომ წ.კ.გ.ს.-ის ბათუმის ქართულ სკოლაში, სადაც პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად აქტიურ რევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა და იყო ბათუმის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის აღიარებული ლიდერი. 1905-ს დაპატიმრებული იქნა ორი თვით, ამავე წელს მონაწილეობდა თბილისში მიმდინარე აზერბაიჯანელთა და სომეხთა დაპირისპირების დეესკალაციაში,  წამყვან როლს ასრულებდა მეფისნაცვალთან მოლაპარაკებებში. 1906-ს მონაწილეობას იღებდა რ.ს.დ.მ.პ.-ს სტოკჰოლმის კონფერენციაში თბილისი ორგანიზაციის მანდატით.  1906-ს არჩეული იქნა რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად. სათათბიროს დათხოვნის შემდეგ ხელი მოაწერა „ვიბორგის მოწოდებას“, რის გამოც მიესაჯა  სამთვიანი პატიმრობა, თუმცა მიმალვა შეძლო  და მისი დაპატიმრება ვერ მოხერხდა. 1907-ს  მონაწილეობა მიიღო რსდმპ ლონდონის V ყრილობაში. 1908 და 1913 კვლავ დააპატიმრეს, უკანასკნელი დაპატიმრების შემდეგ გადაასახლეს სამარის გუბერნიაში სადაც 1917-მდე იმყოფებოდა.

            1917-ს საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე სოციალ-დემოკრატების სიით არჩეული იქნა საქართველოს ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, ამავე წელს არჩეული იქნა რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატად, იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918-ს გაზაფხულზე ოსმალეთის არმიის შემოტევისას ნატანების ფრონტზე აქტიურ პოლიტიკურ დახმარებას უწევდა გენერალ მაზნიაშვილს. 26 მაისს ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს.  დემოკრატიული რესპუბლიკის დროს დანიშნული იქნა ხელისუფლების წარმომადგენლად სოხუმის ოლქში. 1919-ს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით არჩეული იქნა დამფუძნებელი კრების წევრად. დამოუკიდებლობის პერიოდში პარტიის ცენტრალური კომიტეტის დავალებით მოგზაურობდა რეგიონებში და აქტიურ პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწეოდა როგორც პარტიის წევრებში ასევე მოქალაქეებში, ისიდორე რამიშვილი როგორც პარტიის უხუცესი წევრი დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა. 1921-ს მარტში გურიის სოფლებში აგროვებდა მოხალისეებს ოკუპანტებთან საბრძოლველად და დამოუკიდებლობის დასაცავად.

            საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ სამშობლოში დარჩა. როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის აღიარებული ლიდერი მრავალჯერ მოექცა ბოლშევიკური რეპრესიული რეჟიმის კლანჭებში. საბჭოთა პერიოდში პირველად დააპატიმრეს, 1921-ს 13 ივლისს ნაძალადევში მუშათა სახლში სტალინის სტუმრობისას საპროტესტო გამოსვლის ორგანიზების მიზეზით. 1922-ს ისიდორე რამიშვილი საქართველოდან გადაასახლეს. სხვადასხვა დროს გადასახლებებში  ცხოვრობდა კაშინში, ასტრახანში, ტაშკენტში, ხოჯენტში. 1934-ს საბჭოთა რეჟიმმა მცირე ხნით საქართველოში ცხოვრების უფლება მისცა, თუმცა რამოდენიმე თვეში ჯერ ცხინვალში ხოლო შემდგომ ვლადიკავკაზში გადაასახლეს, სადაც 1937-ს დააპატიმრეს. 1937 წლის 14 ნოემბერს საბჭოთა საქართველოს შინსახკომის განსაკუთრებულმა სამეულმა ისიდორე რამიშვილს სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიუსაჯა, ამავე დღეს დახვრიტეს თბილისში. მისი საფლავი დაკარგულია. 2016-ს ისიდორე რამიშვილის მიერ დაარსებულ დიდი ვანის სკოლას მისი სახელი მიენიჭა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates