პოლიევქტოვი მიხეილ ალექსანდრეს ძე (1872, პეტერბურგი - 1942, თბილისი)- ისტორიკოსი. 1894 წ. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა მშობლიურ უნივერსიტეტში. 1902 წელს გახდა პრივატ-დოცენტი, ხოლო 1917 წელს პროფესორი. პეტერბურგის უნივერსიტეტიდან იგი მიავლინეს საზღვარგარეთის არქივებში რუსული ხელნაწერების შესასწავლად. მის ნაშრომს ,,რუსეთის პოლიტიკა ბალტიის საკითხში ნიშტატდის ზავის შემდეგ (1721-1725)“ 1908 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.
1920-დან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ცენტრლურ არქივში. 1920-ს 15 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ მ. პოლიექტოვი აირჩია მსოფლიო ისტორიის კათედრის პროფესორად. იკვლევდა რუსეთ-საქართველო ურთიერთობისა და ისტორიის საკითხებს.