• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

გერსამია ალექსანდრე

ეპისკოპოსი ალექსი (გერსამია) - NPLG Wiki Dictionariesგერსამია ალექსანდრე (14.IV.1865, სოფ. გადიდი - 7.II.1938) - საღვთო სჯულის მასწავლებელი, სასულიერო პირი, შემდეგში

წილკნელი ეპისკოპოსი. 1878 წ-დან ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგ (1882) სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. ორივე სასწავლებელში მასთან ერთად სწავლობდა მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე, რომელთანაც სიცოცხლის ბოლომდე დიდი მეგობრობა აკავშირებდა. 1886 ა. გერსამია მესტიის სამრევლო-საეკლესიო სასწავლებელში მასწავლებლად დაინიშნა. ამავე პერიოდში დაოჯახდა თეოლინა ბერუჩაშვილზე, შეეძინათ სამი შვილი. 1890 ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარში გურია–სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლ დადიანმა იგი დიაკვნად აკურთხა და მესტიის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დანიშნა, 1891 ამავე ტაძარში მისგანვე მღვდლად დაასხა ხელი და ლაილაშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განაწესა. 1893 ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს და ცაგერის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. მასვე დაევალა ლეჩხუმ–სვანეთის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურეობა და იმერეთის საეპარქიო საბჭოს ლეჩხუმის განყოფილების თავმჯდომარეობა. 1900 წ-დან იგი ქ.შ.წ.კ.გ. საზოგადოების ნამდვილი წევრია. 1906 წ-დან მღვდელი ალექსანდრე ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია და პარალელურად ქუთაისის საშუალო სასწავლებლის მოსამზადებელ კლასებში საღვთო სჯულს ასწავლის. 1911 სამკერდე ოქროს ჯვრით, ხოლო 1916 წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.                                                

 1918  დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1918-1919  წწ-ში სასწავლო წელს საღვთო სჯულს ასწავლიდა ქუთაისის ვაჟთა II გიმნაზიაში. 1920 წ-ის 27 ივნისს დეკანოზი ალექსი, როგორც იმერეთის ეპარქიის დელეგატი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეორე საეკლესიო კრებას ესწრებოდა.            

1925 სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში ბერად აღკვეცის შემდეგ, დეკანოზი ალექსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ, ნინოწმინდელ მიტროპოლიტ კალისტრატეს, წილკნელი ეპისკოპოს პავლესა და და ბოდბელი ეპისკოპოს სტეფანეს თანამწირველობით, ეპისკოპოსად დაასხა ხელი და ცაგერის ეპარქიის მმართველად დაადგინა. 1928 კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ  ჭყონდიდის ეპარქიაში გადაიყვანა და მასვე ჩააბარა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაც. 1930  წილკნის ეპარქიაში დაინიშნა. გასული საუკუნის 30-იან წლებში, როცა მრავალმა სასულიერო პირმა გაიხადა ანაფორა და საერო სამსახურში გააგრძელა მოღვაწეობა, მეუფე ალექსი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვისაც არ უღალატია თავისი რწმენისა და საქმისათვის და სიკვდილამდე ერთგულად ემსახურა დედაეკლესიას. გარდაცვალებულს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ. დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates