• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ტრაპიზონის საზავო კონფერენცია და საქართველო

ტრაპიზონის საზავო კონფერენცია და საქართველო  ამიერკავკასიის სეიმმა შექმნის პირველივე დღეებში დაიწყო მზადება ოსმალეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისათვის. საზავო პირობების შემმუშავებელი კომისიის (თავმჯდომარე ნ.რამიშვილი) მიერ  სეიმის 1918-ის 16 თებერვლის სხდომაზე  წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ოსმალეთთან საზავო მოლაპარაკების ამოსავალი საფუძველი უნდა ყოფილიყო რუსეთ-ოსმალეთის 1914 წლის სახელმწიფო საზღვარი. ამიერკავკასიის  საზავო დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: აკ.ჩხენკელი (თავმჯდომარე), ჰ.ბ .აბაშიძე, მ.გაჯინსკი, ი.ჰაიდაროვი, გ.გვაზავა, რ.კაჩაზნუნი, გ.ლასხიშვილი, მ.მეხტიევი, ხ.ხას-მამედოვი, ა.ხატისოვი, ა.შეიხ- ულ ისლამოვი. თარჯიმნები: დოქტორი ღამბასიძე და რასულ- ზადე. ტრაპიზონის კონფერენციის პირველი სხდომა 1918-ის 14 მარტს ოსმალეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა რაუფ ბეიმ გახსნა და მოლაპარაკებების სხდომების თავმჯდომარეობის პასუხისმგებლობაც თავის თავზე აიღო. ამიერკავკასიის სახელმწიფოს საერთაშორისო სუბიექტად არცნობის მტკიცების ფონზე, მან ამიერკავკასიის დელეგაციის მისამართით რამდენიმე ძირითადი პრეტენზია წამოაყენა:  1. ბრესტის საზავო ხელსეკრულებაზე მოლაპარაკების პროცესში ამიერკავკასია დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულს არ წარმოადგენდა, იგი არცერთი სახელმწიფოსგან აღიარებული არ იყო და აქედან გამომდინარე, ბრესტის ხელშეკრულების იმ ნაწილის ბათილად გამოცხადება, რომელიც მას ეხებოდა - არ შეეძლო; რაც სეეხება ოსმალეთს, მის მიზანს ბრესტის ხელშეკრულების სისრულეში მოყვანა წარმოადგენდა. ამიერკავკასიას დამოუკიდებლობა უნდა დაუყოვნებლივ გამოეცხადებინა და ეცნო ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების პირობები.   

კონფერენციის მეოთხე სხდომაზე, აკ.ჩხენკელმა დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით რაუფ-ბეის ყველა არგუმენტი გააბათილა. მან ოსმალეთის წარმომადგენელს შეახსენა, რომ ამიერკავკასიის კომისარიატის 1918 წლის 5 იანვრის დადგენილებით, ამიერკავკასია თავს დემოკრატიული რუსეთის (და არა საბჭოთა რუსეთის, როგორც ეს რაუფ-ბეიმ განაცხადა) შემადგენელ ნაწილად აცხადებდა და ოსმალეთთან მოლაპარაკების დაწყებას, დამფუძნებელი კრების რწმუნების მიღებისთანავე ითვალისწინებდა. თუ ოსმალეთი ამიერკავკასიას დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად არ თვლიდა და საბჭოთა რუსეთის შემადგენელ ნაწილად მოიაზრებდა, 1917 წლის 5 დეკემბრიდან 1918 წლის 1 იანვრის ჩათვლით, ვეხიბ- ფაშას მიერ გაცემულ და სხვა დოკუმენტებში რატომ მოიხსენიებოდა ამიერკავკასია დამოუკიდებელ ერთეულად და ა. შ.  ჩხენკელი პირიქით, ოსმალეთის მხარეს უყენებდა პრეტენზიას - რა უფლებით აცხადებდა ეს უკანასკნელი    პრეტენზიას ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოკრუგებზე. რაუფ- ბეიმ თითქმის პასუხგაუცემელი დატოვა ზემოაღნიშნული კითხვა. ეს ფაქტი ჰქონდა მხედველობაში ს.ფირცხალავას, როცა განაცხადა: „ტრაპიზონის მოლაპარაკების შედეგს სამხედრო ძალაზე დამყარებული `დიპლომატია“ განსაზღვრავსო. ამიერკავკასიის დელეგაციის შემადგენლობაში არსებული წინააღმდეგობების გამო, ამიერკავკასიის სეიმის 13 მარტის დადგენილებით, აკ.ჩხენკელი საგანგებო უფლებებით იქნა აღჭურვილი და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობა მიეცა. მან 23 მარტს  ოსმალეთის მხარეს ოლთისის ოკრუგი, არდაგანის სამხრეთი ნაწილი, ყარსის სამხრეთ- დასავლეთი ნაწილი და კაღიზმანის დასავლეთი ნაწილი შესთავაზა. რაუფ- ბეიმ კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა და ოსმალეთის საიმპერატორო მთავრობასთან მოლაპარაკების საბაბით, სხდომა დახურულად გამოაცხადა. 1918 წლის 24 მარტს, ამიერკავკასიის დელეგაციამ რაუფ- ბეისგან ულტიმატუმი მიიღო: 48 საათის განმავლობაში მოეხდინა ბრესტის საზავო ხელშეკრულების აღიარებაზე პასუხის გაცემა. 26 მარტს ოსმალეთის მხარემ საომარი მოქმედებები განაახლა. 31 მარტს ამიერკავკასიის დელეგაცია ტრაპიზონიდან თბილისში იქნა გამოწვეული.  მიუხედავად ამისა, ამიერკავკასიის მთავრობას აკ.ჩხენკელმა ოსმალეთთან შემდგომი მოლაპარაკების გაგრძელების შესაძლებლობა დაუტოვა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates