• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სამხედრო სამსახურის ფორმა და ვადა რეგულარულ ჯარში

სამხედრო სამსახურის ფორმა და ვადა რეგულარულ ჯარში - 1918-ის 20 აგვისტოს მიღებული სამხედრო ბეგარის და მუდმივი ჯარის შევსების დებულების თანახმად, ჯარი უნდა შევსებულიყო საყოველთაო სამხედრო სამსახურის საფუძველზე, ჯარში არ იწვევდნენ მხოლოდ მუსლიმებს.  სამხედრო ვალდებულად ითვლებოდა პირი 20-დან – 45 წლის ჩათვლით. სამხედრო სამსახურში ყოველი წლის 15 ნოემბერს უნდა გაწვეულიყვნენ ის ახალგაზრდები, რომელთაც მომავალი წლის პირველ იანვრამდე უსრულდებოდათ 20 წელი. სამხედრო სამსახურის საერთო ვადა 25 წლიანი იყო, თუმცა ნამდვილ სამხედრო სამსახურში ახალგაზრდა მხოლოდ 2 წელიწადს ატარებდა, შემდეგ გადაირიცხებოდა თადარიგში – 15 წლით და ბოლოს ლაშქარში 8 წლით. მოლაშქრე და სათადარიგო ჯარისკაცები ექვემდებარებოდნენ სამხედრო კონტროლს და პერიოდულად გადიოდნენ წრთვნებს. ვინც ჯარში სამსახურისათვის უვარგისი იქნებოდა, გაიწვევდნენ არმიაში ისეთი მოვალეობის შესასრულებლად, რაც მის ფიზიკურ აგებულებას შეესაბამებოდა. ჯარში გაწვევის გადადება შეიძლებოდა რამდენიმე შემთხვევაში: თუ კონტიგენტი შეივსებოდა, თუ გასაწვევი პირი იყო საშუალო სკოლის მოსწავლე და წარადგენდა შესაბამის მოწმობას ასეთი პირებისათვის სამხედრო ბეგარის გადადება შეიძლებოდა 22 წლამდე, ასევე, თუ პირი მიცემული იყო სამართალში ან მის შესახებ მიმდინარეობდა გამოძიება, საქმის დასრულებამდე ჯარში არ გაიწვევდნენ. მძიმე ფიზიკური სენით შეპყრობილებს  სამუდამოდ ათავისუფლებდნენ ჯარიდან. 1919-ის 29 ივლისს მიღებული სამხედრო ბეგარისა და შეიარაღებულ ძალთა შევსების ახალი კანონის თანახმად, შემცირდა სამსახურის ვადა. ამიერიდან 2 წლის ნაცვლად, ქვეითთა ჯარში მსახურობდნენ – 1 წლისა და 4 თვის განმავლობაში, ხოლო სხვა სახეობის ჯარებში 1 წელიწადსა და 8 თვეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ ჯარისკაცების სურვილი იქნებოდა და საამისოდაც ვარგისები იქნებოდნენ, შეეძლოთ ჯარში დარჩენა ზედმეტი სამსახურისათვის. სკოლის მოსწავლეთათვის სამხედრო სამსახურის გადავადებამ 22-ის ნაცვლად 21 წლამდე გადმოიწია. ჯარში გაწვევისაგან მაჰმადიან მოქალაქეებთან ერთად განთავისუფლდნენ დუხაბორთა რელიგიური სექტის წარმომადგენელნი.  მთავრობის 1919-ის 4 ნოემრბის გადაწყვეტილებით ჯარში გაწვევისაგან დროებით გათავისუფლდნენ აფხაზები, მათ მიეცათ ნება მოხალისედ, საკუთარი სურვილით ჩარიცხულიყვნენ არმიაში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates