სამხედრო დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა. 1918 წ. 27 დეკემბერს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ სახელმწიფო გერბის და მთავრობის შტანდარტის ოფიციალური აღწერილობის დამტკიცებასთან ერთად, დაამტკიცეს საქართველოს სამხედრო დროშის აღწერილობა, რომელშიც ვკითხულობთ: „საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო დროშა შესდგება კვადრატული ფორმის თეთრი ალმისაგან, რომლის შუაგულში მოთავსებულია საქართველოს რესპუბლიკის ღერბი გვირგვინში; ალამს შემოვლებული აქვს შვინდისფერი არშია, გარშემორტყმულია ვერცხლის ზოლით; ალამს აქვს სამი შვინდისფერი კუწუბი, ვერცხლის ზოლ-შემოვლებული. დროშის ბუნი შვინდისფერია, მოოქროვილ-ლახვრიანი, რომელზედაც ცალმეტად ჩამოშვებულია ორი ოქროს ფოჩი“. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო დროშის ესკიზის ავტორია სახელმწიფო გერბის ესკიზის ავტორი - ფრანგული წარმომავლობის რუსი მხატვარი ევგენი ევგენის ძე ლანსერე (1875-1946), რომელიც 1917-1934 წლებში კავკასიაში, ძირითადად კი თბილისში მოღვაწეობდა. მოგვიანებით (1933) მას მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.