• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის თებერვალ-მარტის ომი დაიწყო 11/12 თებერვლის ღამეს ბორჩალოს მაზრის საქართველო-სომხეთს შორის არსებულ სადავო ნეიტრალურ ზოლში, სადაც განლაგებულ ქართულ ნაწილებს თავს დაესხა საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის შენაერთები და ადგილობრივი სომხური მოსახლეობის ნაწილი რომელიც წინასწარ იყო გაწრთვნილი თავდასხმისათვის , ასევე  სომხური წითელი არმიის ნაწილები.  სომხეთის მიმართულებაზე მდგარი ქართული ჯარების ერთი ნაწილი პირველივე ბრძოლაში ჩავარდა ტყვედ, ქართულმა არმიამ რომელსაც გენერალი ილია ოდიშელიძე სარდლობდა 14 თებერვლიდან ცადა სომხეთის მიმართულებიდან შემოჭრილი მტრის წინააღმდეგ კონტრშეტევაზე გადასვლა მაგრამ მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. 1921 წლის 16 თებერვალს რუსული მე-11 არმიის ძირითადი ნაწილები წითელი ხიდის და ფოილოს ხიდების მიმართულებიდან შემოიჭრა საქართველოში და სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტზე განლაგებული ქართული ჯარების უმეტესი ნაწილი რომელთაც გენერალი იოსებ გედევანიშვილი სარდლობდა, ან ტყვედ ჩაიგდო, ან დაფანტა, ხოლო ჯარისკაცთა ნაწილი დაიღუპა და დაიჭრა. შექმნილ მძიმე ვითარებაში, ქართული არმიის მთავარსარდლად დაინიშნა გენერალი გიორგი კვინიტაძე. 17 თებერვალს რუსული არმია უკანდახეული ქართული ნაწილების დევნას განაგრძობდა, ასევე მოწინააღმდეგის ერთი მსროლელი ბრიგადა და ცხენოსანი დივიზია საქართველოში შემოიჭრა ზაქათალის ოლქიდან. გენერამა გიორგი კვინიტაძემ თბილისში მდგომი ნაწილებისა და რეგიონებიდან გადმოსროლილი მცირე ძალებით თბილისთან თავდაცვის სამი სექტორი მოაწყო. მარჯვენა კოჯორ-ტაბახმელას სექტორი გენერალ ალექსნარდე ანდრონიკაშვილი მეთაურობით, ცენტრალური - თელეთის ქედის გაყოლებით მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირომდე გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით, მარცხენა - მტკვირს მარცხენა სანაპიროდან ორხევამდე გენერალ ალექსანდრე ჯიჯიხიან მეთაურობით. პირველი შეტევა მოწინააღმდეგემ 18-19 თებერვლის ღამეს მოიტანა გენერალ მაზნიაშვილის პოზიციებზე, ქართულმა არმიამ მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერია და 1000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი ტყვედ ჩაიგდო, ამ ბრძოლამ თითქმის სრულად გაანადგურა რუსეთის მე-11 არმიის მეოცე მსროლელი დივიზიის 58-ე მსროლელი ბრიგადა. 19-21 თებერვალს რუსულმა არმიამ დიდი იერიში მიიტანა თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორზე, თუმცა მოწინააღმდეგის ყველა შეტევა მოგერიებულ იქნა კოჯორ-ტაბახმელაში განლაგებული იუნკრების, არმიისა და გვარდიის ძალების მიერ. ამავე პერიოდში მოწინააღმდეგის შეეტევები მოგერიებულ იქნა თბილისის თავდაცვის მარცხენა სექტორში. 22-23 თებერვალს თბილისთან მხოლოდ მცირე შეტაკებები ხდებოდა. რუსულმა სარდლობამ თბილისზე გადამწყვეტი შეტევა დაგეგმა 24 თებერვალს,  23 თებერვალს ფოილოს სარკინიგზო ხიდის აღდგენის შემდეგ რომელიც 16 თებერვალს ქართულმა არმიამ ააფეთქა უკანდახევისას რუსულმა არმიამ აზერბაიჯანის მხრიდან მიიღო დამატებითი ძალები მათ შორის ტანკები და ჯავშანმატარებლები. დედოფლისწყარო-ვაზიანის მხრიდან თბილისს მოუახლოვდა რუსული მე-18 ცხენოსანი დივიზია. 24 თებერვალს მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა თბილისთან, მოწინააღმდეგე განსაკუთრებულად უტევდა თბილისის თავდაცვის მარცხენა ფლანგს, ასევე თბილისის თავდაცვის მარჯვენა ფლანგზე არსებულ სტრატეგიულ სიმაღლეებს. დღის ბოლოს არსებული მდგომარეობით, მოწინააღმდეგემ თბილისის თავდაცვის გარღვევა ვერ შეძლო, თუმცა აიღო ერთი სტარტეგიული სიმაღლე 1496, თუმცა რუსები მყარად ვერ გრძნობდნენ თავს ამ ადგილას. თბილისის თავდაცვის მთავარი პრობლემა მთავარსარდლის გენერალი გიორგი კვინიტაძის აზრით იყო ის , რომ მოწინააღმდეგის ცხენოსანი შენაერთები უვლიდნენ ქართველთა ფლანგებს და იქმნებოდა საფრთხე მთელი არმიის ალყაში მოხვედრის და განადგურების. მთავარსარდალს რეზერვში არცერთი ჯარისკაცი აღარ ყავდა და ამიტომ მან თბილისიდან მცხეთისაკენ უკანდახევა გადაწყვიტა, რათა ფრონტის ხაზი შეემოკლებინა და იქიდან გაეგრძელებინა ბრძოლა. მცხეთისკენ უკანდახეულმა ქართულმა ძალებმა ვერ შეძლეს გამაგრება ვერც მცხეთასთან, ვერც გორთან და მხოლოდ ხაშურთან მოახერხეს ბრძოლის გამართვა.უკანდახევისას ჯარის მორალური სულისკვეთება დაეცა, გახშირდა დეზერტირობის ფაქტები. 4-6 მარტს გაიმართა დიდი ბრძოლა ქართულ და რუსულ არმიებს შორის, ბრძოლა დაიწყო ოსიაურთან ქართველთა შეტევით. გენერალ კვინიტაძის მიზანი იყო თბილისიდან-ხაშუარმდე გაწელილი რუსული ძალების ავანგარდის ალყაში მოქცევა და განადგურება. 4 მარტს მიუხედავად ქართული ძალების უპირატესობისა ვერ მოესწრო მოწინააღმდეგის ავანგარდის განადგურება, ხუთი მარტის ღამეს კი ქართველთა მარცხენა ფლანგი თვითმნებურად მოიხსნა, 5 მარტს გაძლიერებულმა რუსულმა ძალებმა უკან დაახევინეს ქართველებს და შემდეგ დღეს კი ლიხის ქედიც გადალახეს. ქართულმა არმიამ ქუთაისისაკენ დაიხია.    თბილისთან ბრძოლების პარალელურად საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა სხვა ფრონტებზეც. 1921 წლის 19 თებერვალს აფხაზეთში შემოიჭრა საბჭოთა რუსეთის მე-9 არმიის 31-ე დივიზია, მოწინააღმდეგემ 23 თებერვალს დაიკავა გაგრა. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ფრონტზე მებრძოლ ქართულ ნაწილებს ზღვიდან დახმარებას უწევდა ფრანგული საზღვაო ესკადრა. 28 მარტს ქართველებმა ერთი დღის დაიბრუნეს გაგრა, თუმცა მალევე დაკარგეს და ახალი ათონის პოზიციებზე გამაგრდნენ. ორდღიანი ბრძოლების შემდეგ მოწინააღმდეგემ ახალი ათონის პოზიციები გაარღვია და 4 მარტს სოხუმი აიღო, ხოლო 9 მარტს კი უკვე ზუგდიდი. საბჭოთა რუსეთის თერგ-დარესტანის ჯგუფის ძალები უტევდნენ საქართველოს ჩრდილოეთიდან: დარიალის ხეობით, თრუსოს, როკის, მამისონის და ღების უღელტეხილებიდან. განსაკუთრებით სახიფათო იყო 33-ე დივიზიის 98-ე ბრიგადის მოქმედებები მამისონის უღელტეხილიდან. ამ ბრიგადამ მცირე ბრძოლებით დაიკავა რაჭა და ჩრდილოეთიდან მიუახლოვდა ქუთაისს.1921 წლის 10 მარტს მოწინააღმდეგემ დაიკავა ქუთაისი, ქართულმა არმიამ დაიხია სამტრედიისაკენ. ამ დროს აღმოსავლეთიდან, რაჭისა და აფხაზეთის მიმართულებიდან დაძრულმა რუსულმა ძალებმა მოინდომეს სამტრედია-სენაკის მონაკვეთზე ქართული არმიის ალყაში მოქცევა და განადგურება, მაგრამ სენაკის მხრიდან დაძრული რუსული ნაწილების მოგერიება მოხერხდა მდინარე ცივთან, ამის შემდეგ ქართულმა არმიამ დატოვა სამტრედია გადავიდა მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე და გამაგრდა საჯავახოს ხაზზე. 14 მარტს საბრძოლო მოქმედებები შეჩერდა, ამ დროს რუსული არმიის ერთი დაჯგუფება დიმიტრი ჟლობას მეთაურობით გოდერძის უღელტეხილის გავლით მიიწევდა ბათუმისაკენ და ქართული არმიის ზურგში გადიოდა. 17-18 მარტს ქუთაისი მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთსა და საქართველოს ჯარებს შორის  საბრძოლო მოქმედებები საბოლოოდ შეწყდა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates