ზაქათალის ოლქის ავტონომია - ზაქათალის ოლქის ავტონომია განსაზღვრული იყო სდრ-ის 1921 წ-ის კონსტიტუციით (მუხლი 107). თუმცა ის ბოლომდე გადაუჭრელ და სადავო საკითხად დარჩა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ვინაიდან რუსეთის იმპერიის დროს ზაქათალის ოკრუგი ცალკე ადმინისტრაციული ერთეული იყო და უშუალოდ ექვემდებარებოდა მეფისნაცვალს. 1918 წ-ის ივლისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ განიხილა რესპუბლიკის ადმინისტრაციული მოწყობისა და ადგილობრივი მმართველობის შტატების შესახებ კანონპროექტი. მთავრობის მიერ წარმოდგენილ ადმინისტრაციების საშტატო ნუსხაში ზაქათალის ოლქისათვის განისაზღვრა: ერთი საოლქო კომისარი, მისი თანაშემწე, ოთხი სარაიონო კომისარი. ზაქათალას მიენიჭა პირველი ხარისხის ქალაქის სტატუსი (ქუთაისთან, სოხუმთან და ფოთთან ერთად), შესაბამისად, მილიციელთა რაოდენობა ქალაქში 55-ით განისაზღვრა. პარალელურად, 1918 წ-ის 26 ივნისს ზაქათალის ოკრუგში მოქმედმა აზერბაიჯანელთა ეროვნულმა საბჭომ მიიღო ზაქათალის ოლქის აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან შეერთების დადგენილება. 1919 წ-ის 16 ივნისს საქართველო-აზერბაიჯანის ხელშეკრულების მე-4 მუხლი ტერიტორიული დავების შეთანხმებით ან არბიტრაჟით გადაწყვეტას ითვალისწინებდა. 1920 წ-ის აპრილამდე, აზერბაიჯანის გასაბჭოებამდე, ზაქათალის ოკრუგი იმყოფებოდა ორმხრივი მმართველობის ქვეშ. 1920 7 მაისის ხელშეკრულებით საბჭოთა რუსეთმა ზაქათალის ოკრუგი აღიარა საქართველოს კუთვნილებად, თუმცა აზერბაიჯანელი ბოლშევიკების მოთხოვნით, საკითხი გადაისინჯა. 1920 წ-ის 3-6 და 9-12 ივნისს დაიდო საქართველო-აზერბაიჯანის აქსტაფის ხელშეკრულება, რომლის მე-6 მუხლის თანახმად ზაქათალის ოლქის საკითხი გადაწყდებოდა შერეული კომისიის მიერ, თითოეული მხარისგან 2 წარმომადგენლის მონაწილეობით, მანამდე არც ერთი მხარე ოლქში ჯარებს არ შეიყვანდა.