• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ერთა ლიგა და საქართველო

ერთა ლიგა და საქართველო - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ცდილობდა, ერთა ლიგის სრულუფლებიანი წევრი გამხდარიყო და ამით დაეცვა თავისი უსაფრთხოება.  1919 წ-ის 21 მაისს და 1920 წ-ის 1 სექტემბერს საქართველოს დელეგაციამ (თავმჯდომარე: ნიკოლოზ ჩხეიძე) სპეციალური მემორანდუმით მიმართა ერთა ლიგას. მემორანდუმში საქართველოს მთავრობა ითხოვდა ერთა ლიგის წევრად საქართველოს მიღებას. ეს თხოვნა გაიმეორა 1920 წ-ის სექტემბერში დასავლეთ ევროპაში საგანგებოდ მივლინებულმა საქართველოს კიდევ ერთმა სამთავრობო დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი გეგეჭკორის მეთაურობით.  

1920 წ-ის 15 ნოემბერს ჟენევაში მუშაობა დაიწყო ერთა ლიგის პირველმა სესიამ. დღის წესრიგის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო რიგ სახელმწიფოთა, მათ შორის საქართველოს, გაერთიანება ლიგაში. ეს საკითხი დაევალა მეხუთე განსაკუთრებულ კომისიას 36 წევრის შემადგენლობით. კომისია მუშაობდა ჩილელი დელეგატის ანტონიო ჰონელუსის თავმჯდომარეობით. კომისიამ წარმოადგინა ერთა ლიგაში ახალ სახელმწიფოთა გაწევრიანების საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები. საქართველოს საკითხი, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, უკრაინასა და კოსტა-რიკასთან ერთად, განსახილველად მესამე ქვეკომისიას გადაეცა.  1920 წ-ის 16 დეკემბერს ერთა ლიგაში საქართველოს მიღებას ხმას აძლევდა 24 სახელმწიფო, არჩევისათვის კი საჭირო იყო მხოლოდ 16 დელეგატის ხმა. საქართველოს სასარგებლოდ ხმა მისცა 10-მა სახელმწიფომ: სამხრეთ აფრიკამ, ბოლივიამ, კოლუმბიამ, იტალიამ, ნორვეგიამ, პარაგვაიმ, სპარსეთმა, პორტუგალიამ, შვეიცარიამ და ჩილემ; წინააღმდეგი გამოვიდნენ: ავსტრალია, კანადა, კუბა, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, ზელანდია, ნიდერლანდები, ჩეხოსლოვაკია, დანია; თავი შეიკავეს: ბელგიამ, პოლონეთმა, შვეციამ, რუმინეთმა.

საქართველო ერთა ლიგის წევრი ვერ გახდა. უარის თქმის ძირითადი მოტივი იყო ერთა ლიგის წესდების მეათე მუხლი, რომლის თანახმადაც ლიგას მეტად გაუძნელდებოდა ახალი წევრების ტერიტორიების თავდასხმისაგან დაცვა და მათი საერთაშორისო უფლებების უზრუნველყოფა. ამრიგად, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული გარკვეული წარმატებების მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ვერ გახდა საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates