• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

,,შვიდი  მნათობი“

,,შვიდი  მნათობი“  (1919) - ყოველთვიური ჟურნალი. ძირითადი მიმართულებებით: სიტყვაკაზმული მწერლობა,  მხატვრობა,  მეცნიერება, პოლიტიკა,  კოოპერაცია. გამოიცემოდა  თბილისში,  ამიერკავკასიის კოოპერატიული კავშირის მიერ. მას  ,,კაკაბაძეების ჟურნალსაც“ უწოდებდნენ, ვინაიდან  გამოცემის  მოთავეები, ასევე წამყვანი ავტორები იყვნენ: მხატვარი დ. კაკაბაძე, ისტორიკოსი  ს. კაკაბაძე და  მწერალი პ. კაკაბაძე.  ჟურნალს ხელს აწერს სარედაქციო კოლეგია. თანამშრომლობენ: გრ. რობაქიძე, პ. იაშვილი, ი. ბერიტაშვილი, ი. გრიშაშვილი, ლ. ქიაჩელი, ნ. ლორთქიფანიძე, ს. შანშიაშვილი, მ. ტოროშელიძე და სხვ. გამოცემას  მხატვრულად აფორმებდა  დ. კაკაბაძე. ჟურნალის გვერდებზე გამოსახული სიმბოლიკა - შვიდი ვარსკვლავი (მნათობი) აღებულია საქართველოს პირველი რესპუბლიკის გერბიდან, რაც ჟურნალის  კონცეპტუალურ მიზანდასახულებაზე   - საქართველოს დამოუკიდებლობის იდეით შთაგონებაზე მიანიშებს და  აზრობრივად უკავშირდება  ჟურნალის სახელწოდებას.  ჟურნალის პირველი ნომერი 315-გვერდიანია. მასში  დაბეჭდილია სარედაქციო კოლეგიის განცხადება  „წინასიტყვაობის მაგიერ“, რომელშიც აღნიშნულია, რომ  ქვეყნისთვის მეტად საჭიროა „ვრცელი და ფართო შინაარსიანი პერიოდული ორგანო“. რედაქცია იმედოვნებს, რომ,  მიუხედავად გარკვეული ნაკლისა,  ,,საზოგადოების ყურადღება და თანამშრომელთა საქმისადმი სიყვარული თანდათანობით დააყენებს ჟურნალს სათანადო სიმაღლეზე“. ჟურნალის ლიტერატურულ ნაწილში გამოქვეყნებულია ი. გრიშაშვილის, ლ. ქიაჩელის, პ. კაკაბაძე, ნ. ლორთქიფანიძის, ს. შანშიაშვილის  ნაწარემოებები,    ასევე,  დ. კაკაბაძის  წერილები: ჩვენი გზა“, „სურათის პრინციპი“, „ბექა ოპიზარი“, „ძველი ტფილისი“, საქართველოს ღერბი“, ქართული დრამატული სტუდია“, რომელთაც დართულია აქვს მხატვრის  ნამუშევრების შავ-თეთრი რეპროდუქციები, მაგ., „ნახაზობა“, ,,ძველი თბილისი“, ლ. გუდიაშვილის „შოთა რუსთაველი“,  აგრეთვე  ,,ტბეთის სახარების წინა ყდისა“, „წყაროსთავის სახარების ყდის“ ფოტოები.  სამეცნიერო  თემატიკიდან  დაბეჭდილია მ. ტოროშელიძის ,,სუბიექტივიზმი და ობიექტივიზმი“,  გ. კოკოჩაშვილის მიერ თარგმნილი ა. ნემილოვის „ნევროლოგიის სადავო საკითხები“, ასევე რ. არსენიძის „პოლიტიკური მიმოხილვა“, შ. გოგებაშვილის „კოოპერატიული მოძრაობის ისტორიიდან“ და  ბიბლიოგრაფია. ,,შვიდი მნათობის“ მეორე ნომერი 470-გვერდიანია. მასში  იბეჭდებია: გრ. რობაქიძის,  პ. იაშვილის, ს. სანშიაშვილის, ნ. ლორთქიფანიძის, პ. კაკაბაძის  ნაწარმოებები, ასევე  თარგმნილი მასალა.  „სამხატვრო წერილებს“ კვლავ დ. კაკაბაძე უძღვება. გამოქვეყნებულია წერილები ხელოვნებაზე: „თანამედროვე მხატვრული გზები“, „ფორმა“, „ ლეონარდო–და–ვინჩი“, „ქართველ მხატვართა სურათების გამოფენა“, რომელშიც მიმოხილულია: ფიროსმანის, მ.თოიძის, ალ.მრევლიშვილის, ი. ნიკოლაძის,  ლ.გუდიაშვილის, ე. ახვლედიანისა  და სხვათა  შემოქმედების თავისებურებანი. აქვე იბეჭდება ს. კაკაბაძის ისტორიული მონოგრაფია „საქართველო ერეკლე II-ის დროს“,  ა. სვანიძის  ნაშრომი „ვეფხისტყაოსნის ისტორიული მხარე“; ვ. ბაბეს  „რაჭა“ (გამოკვლევანი), თარგმ. გ. კოკოჩაშვილისა); ნ. როჟკოვი ,,მეოცე საუკუნის დასაწყისი, თარგ. ხელთნაწერიდან“; ი. ბერიტაშვილის სტატია „უნივერსიტეტის ძირითადი პრინციპები და ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტი“.  ჟურნალი ვრცლად აშუქებს  კოოპერატიული მოძრაობის ამსახველ მასალას. კერძოდ, გამოქვეყნებულია შ. გოგებაშვილის ,,კოოპერატიული მოძრაობის ისტორიიდან“ და საქართველოს პირველი კოოპერატიული ყრილობის ოქმი.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates