• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სახელმწიფო ბანკი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა

სახელმწიფო ბანკი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა , ქვეყნის ცენტრალური ბანკი. მის შექმნამდე სახელმწიფო ბანკის ფუნქციას ასრულებდა რუსეთის ყოფილი საიმპერიო ბანკის თბილისის განყოფილება (კანტორა), რომელსაც 1917 წ. ოქტომბრიდან გაწყვეტილი ჰქონდა კავშირი რუსეთის ცენტრალურ ბანკთან და იმყოფებოდა ჯერ ამიერკავკასიის ფინანსთა კომისრის, ხოლო 1918 წ. 26 მაისის შემდეგ  საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში. მისი მოვალეობანი არსებითად იმით ამოიწურებოდა, რომ ფულის საბეჭდი ექსპედიციიდან შესული ახლადდაბეჭდილი ქაღალდის ფულის ნიშნები (ბონის კუპიურები) დაენაწილებინა თანახმად მინისტრის დირექტივებისა. აღნიშნული კანტორის საქმიანობას აკონტროლებდა ფინანსთა სამინისტროს საგანგებო კომისარი. არარსებობა დამოუკიდებელი სახელმწიფო საკრედიტო აპარატისა, რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა ფულის მიმოქცევისა და სხვა სასიცოცხლო ეკონომიკური მნიშვნელობის საქმეთა რეგულირების პრეროგატივას, ერთობ უარყოფით როლს თამაშობდა და დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ 1919 წ. 31 დეკემ¬ბერს მიიღო “კანონი სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ”. მას ერთვოდა წესდება, რომელშიც განმარტებული იყო ამ ბანკის დანიშნულება, წყობის სტრუქტურა, საწესდებო კაპიტალი და უფლება-მოვალეობანი. წესდების პირველ და მეორე მუხლებში აღნიშნული იყო: “1) ამ წესდების ძალით არსდება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ბანკი”, რომლის დანიშნულება შეადგენს _ გაადვილება ფულის ტრიალის, ხელის გამართვა მოკლე ვადიან სესხის მიცემით ვაჭრობის, მრეწველობის და სოფლის მეურნეობისათვის და აგრეთვე განმტკიცება ფულის საქმის. 2) ბანკის ძირითადი თანხა, რომლის სულ უდიდესი რაოდენობა განისაზღვრება ორმოცდაათი მილიონი მანეთით, გადაიდება სახელმწიფო ხაზინიდან”. მიუხედავად ამ კანონის მირებისა, სახელმწიფო ბანკის შექმნა კიდევ ნახევარ წელიწადს გაჭიანურდა. 1920 წ. თებერვალში საქართველოს სახელმწიფო ბანკის გამგეობის პირველ თავმჯდომარედ არჩეულ იქნა საზოგადო მოღვაწე და ფინანსისტი იასონ ლორთქიფანიძე (1866-1949), უფროსი ძმა მწერალ ნიკო ლორთქიფანიძისა. იმავე წლის 24 ივლისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ბანკი ფუნქციონირებას შეუდგა. ამავე დღეს შედგა ბანკის საბჭოსა და გამგეობის გაერთიანებული სხდომა მოწვეულ პირთა თანდასწრებით, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძოდ, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი ალ. ლომთათიძე და მინისტრები: გრიგოლ ლორთქიფანიძე, აკაკი ჩხენკელი, ნოე რამიშვილი, რაჟდენ არსენიძე, კონსტანტინე კანდელაკი, სიმონ ავალიანი და სხვები.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates