• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

საქართველო-რუსეთის შერეული კომისია სამხედრო გარანტიების შესახებ

საქართველო-რუსეთის შერეული კომისია სამხედრო გარანტიების შესახებ, შეიქმნა 1920 წლის საქართველო-რუსეთის 7 მაისის ხელშეკრულების VIII მუხლის საფუძველზე. ითვალისწინებდა ხელშეკრულების V და VI მუხლებით გათვალისწინებულ პირობებზე კონტროლს. შეთანხმების მიხედვით ქართული მხარე ვალდებული იყო „დაუყოვნებლივ განაიარაღოს და მოახდინოს საკონცენტრაციო ბანაკებში ინტერნირება ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტში საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი, თუ ასეთები არსებობენ ან მომავალში მისი საზღვრების გადაკვეთას დააპირებენ, სამხედრო და სამხედრო-საზღვაო ნაწილების, გუნდების და ჯგუფებისა, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ რუსეთის ან მისი ნაწილის მთავრობის წარმომადგენლის როლზე... გადასცეს რუსეთს უსასყიდლოდ და არ მოითხოვოს ამისათვის არავითარი საზღაური, უკლებლივ მთელი სამხედრო და სამხედრო-საზღვაო ქონება, ფასეულობა ფულადი თანხები, რომლებიც ამ მუხლის 1-ლ პუნქტში ნახსენები ორგანიზაციების და ჯგუფების მფლობელობაში, სარგებლობაში ან განკარგულებაში იქნება...სამხედრო და სამხედრო-საზღვაო ქონებაში ამ პუნქტის მიხედვით იგულისხმება: ხომალდები და სხვა მცურავი საშუალებები, ასევე საარტილერიო, საინტენდანტო, საინჟინრო და საავიაციო მომარაგების ყველა საგნები.(მუხლი V).“ ამ პირობების შესრულებაზე კონტროლისათვის იქმნებოდა „შერეული კომისია ორივე მხარის წარმომადგენლებისგან თითოეული მხარისაგან წევრთა ერთნაირი რაოდენობით (მუხლი VIII).“

შერეული კომისიის შედგენის დაჩქარებას ითხოვდა საბჭოთა რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოში ს. კიროვი, რომელმაც 1920 წლის ივნისის შუა რიცხვებში საქართველოს დეპეშათა სააგენტოს კორესპონდენტთან საუბრისას აღნიშნა: „ჩემ უპირველეს მოვალეობათ მიმაჩნია საქართველოსა და რუსეთს შორის დადებულ ხელშეკრულების განხორციელება ორივე მხარის წარმომადგენლებისაგან შემდგარ კომისიის საშვალებით. საკონტროლო კომისიის ფუნქციები აღნიშნულია საზავა ხელშეკრულების მეხუთე მუხლში, რომელიც ეხება დაკავებულ მოხალისეებს და მათ მიერ ჩაბარებულ იარაღს.“

სამხედრო გარანტიების შესახებ შერეული კომისიის პირველი სხდომა ივნისის დასარულს შედგა, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ შემადგენლობაზე და მუშაობის პრინციპზე. შერეული კომისიის მუშაობისას ყველაზე დიდი დავა გამოიწვია საქართველო-რუსეთის ხელშეკრულების მე-5 მუხლის ინტერპრეტაციამ. 13 ივლისის სხდომაზე რუსეთის დელეგაციის თავმჯდომარემ ლ. რეზენმა განაცხადა, რომ „დაელაპარაკა თავის მთავრობას ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესახებ, რომელმაც სხვადასხვა განმარტება გამოიწვია და რომელიც სამხედრო ქონებას და დაჭერილთა გადაცემას შეეხება, რუსეთის მთავრობა და დელეგაცია კვლავ იმ თვალსაზრისზე დგანან, რომ ეს მუხლი შეეხება სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების გადმოსვლას, რომელიც ამ ხელშეკრულების ხელის მოწერამდე, ან მის შემდეგ მომხდარა.“ რუსეთის მხარე ითხოვდა, რომ მოხალისეთა არმიის მთელი ქონება, ასევე დაპატიმრებული მეომრები სრულად უნდა გადაცემოდა საბჭოთა რუსეთს. საპასუხოდ ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ს. მდივანმა მოითხოვა დრო, რათა საქართველოს მთავრობის პოზიცია წერილობით ეცნობებინათ მეორე მხარისთვის. მომდევნო სხდომაზე ქართულმა მხარემ ვრცელი წერილით უპასუხა რუსეთის დელეგაცია, სადაც ხაზგასმული იყო, რომ „საქართველოსა და მოხალისეებს შორის პერმანენტული ბრძოლა არსებობდა, ბედი მთელი სამხედრო ქონებისა, რომელიც საქართველომ ჩამოართავა მათ ა/წ 7 მაისის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე, განისაზღვრება ომიანობის ნორმებით, ე.ი. ამა თუ იმ გზით მტრისთვის წართმეული სამხედრო და სხვა ყოველგვარი ქონება ცნობილი უნდა იქნეს საქართველოს საკუთრებად, როგორც ნადავლი.“ ამ საკითხზე კამათი შემდეგ სხდომებზეც გაგრძელდა, თუმცა ქართულმა მხარე ბოლომდე შეეცადა თავისი პოზიციის დაცვას.

საქართველო-რუსეთის შერეული კომისიის ორი წარმომადგენელი - კაპიტანი კოსტანიაშვილი და ბ. ზარიანი იმყოფებოდნენ ასევე ფოთში გამართულ მოხალისეთა ტყვეთა ბანაკში, სადაც რუსეთის მხარე შეეცადა შეესწავლა 500-მდე ტყვე მეომარის საქმე.

1920 წლის ივლისის შუა რიცხვებში კომისიამ მუშაობა განაგრძო ბათუმში. რუსეთის მხარეს განსაკუთრებით აინტერესებდათ თუ რა ქონება დატოვეს ბათუმში მოხალისეთა ჯარებმა. ამ საკითხზე საგანგებო მოხსენება გააკეთა ბათუმის ოლქის განსაკუთრებულმა კომისარმა ბ. ჩხიკვიშვილმა, რომელმაც განმარტა, რომ „ბათუმის დატოვების წინ მოხალისეებმა მთელი თავისი ქონება თან წაიღეს.“ რუსეთის მხარემ მოითხოვა ბათუმში ორი ობიექტის შესწავლა - სახელმწიფო ბანკის ადგილობრივი განყოფილების და „სანაღმო ეზოს.“ 23 ივლისს კომისიამ დაათვარიელა ორივე ობიექტი. ამავე პერიოდში ბათუმში ბ. ჩხიკვიშვილმა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის საბახტარაშვილის დეპეშა, რომლითაც მთავრობა კომისიას სთხოვდა შეესწავლათ 13 ივლისს ბათუმიდან გასული გემის ყიზილ-არვატის დოკუმენტაცია და გემის „პეტრე დიდის“ ეკიპაჟი. ამ გემების ფარულ კავშირზე ვრანგელთან მიუთითებდა საბჭოთა რუსეთის წარმომადგენელი საქართველოში ს. კიროვი თავის საპროტესტო ნოტაში და სწორედ ამ ეჭვების გასაფანტავად საგარეო საქმეთა სამინისტრო ითხოვდა რუსეთის დელეგაციასთან ერთად ეს საკითხები საგანგებოდ შეესწავლად. კომისიამ გამოარკვია ს. კიროვის პროტესტის უსაფუძვლობა და მხარეებმა შემოწმება შესაბამისი ოქმით დაადასტურეს.

საქართველო-რუსეთის შერეული კომისიის შემდგომ სხდომებზე კვლავ გაგრძელდა კამათი მე-5 მუხლის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით. რუსეთის მხარის მტკიცებით საქართველოს არ ჰქონია სამხედრო დაპირისპირება მოხალისეებთან და, შესაბამისად, რაიმე სახის სამხედრო ნადავლზე საუბარი ქართული მხარის მხრიდან უმართებულოა. თავის მხრივ ს. მდივანმა ვრცელი წერილი წარუდგინა რუსეთის დელეგაციას, რომელშიც ადასტურებდა, რომ დენიკინის ჯარებსა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის არა ერთი შეტაკება მოხდა აფხაზეთის ფრონტზე და სოჭის ოლქში. საბოლოოდ, რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა კომპრომისზე წასულიყო. შერეული კომისიის ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე რუსეთის მხარემ განაცხადა: „დელეგაცია მიდის რა მაქსიმალურ დათმობაზე, თანახმაა შეზღუდოს რუსეთის სოციალისტურ-ფედერატიულ საბჭოთა მთავრობის მოთხოვნილება, მხოლოდ გენერ. ერდელის რაზმების ქონების გადაცემით, ვინაიდან უეჭველია, რომ ეს ქონება გადავიდა საქართველოს ხელში მაშინ, როდესაც მათ შორის არავითარი ომი არ არსებობდა.“ მიუხედავად, რუსეთის მხარის დათმობისა, საბოლოო შეთანხმების მიღწევა მაინც ვერ მოხერხდა. 1920 წლის აგვისტოში საქართველო-რუსეთის შერეული კომისიის მუშაობა შეწყდა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates