• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სამხედრო სამინისტრო

სამხედრო სამინისტრო . საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918 წლის 20 აგვისტოს მიღებული სამხედრო მმართველობის დებულების მიხედვით, საქართველოს შეიარაღებული ძალების უზენაეს ორგანოს წარმოაგდენდა ეროვნული საბჭო, რომლის აღმასრულებელი ორგანოს წარმოადგენდა მთავრობა, ეს უკანასკნელი კი თავის უფლებას შეიარაღებული ძალების მიმართ სამხედრო სამინისტროს მეშვეობით ახორციელებდა. სამხედრო სამინისტროს სათავეში იდგა სამხედრო მინისტრის - სამოქალაქო პირი. დებულების მეხუთე მუხლის თანახმად სამხედრო მინისტრს ჰყავდა ერთი ამხანაგი (მოადგილე), იგი გახლდათ მინისტრის უმთავრესი მრჩეველი და თუ საკითხს არ ჰქონდა პრინციპული, პოლიტიკური ან საბიუჯეტო ხასიათი, მას შეეძლო საქმის დამოუკიდებლად გადაწყვეტა. სამხედრო სამინისტრო შედგებოდა ექვსი განყოფილებისაგან: საერთო; პირადი შემადგენლობის, გენერალური შტაბის, საადმინისტრაციო, სამხედრო სასანიტარო და სამხედრო საბეითლო განყოფილებისაგან. საერთო განყოფილების სათავეში იდგა გენერალური შტაბის შტაბ-ოფიცერი, მას მოვალეობას შეადგენდა სამინისტროში შემოსული ფოსტის (გარდა გენერალური შტაბის სახელზე მოსული ფოსტია) გახსა, განხილვა, განაწილება, მინისტრის ბრძანებებისა და განკარგულებების საბოლოო რედაქტირება. პირადი შემადგენლობის განყოფილებას სათავეში ედგა შტაბ-ოფიცერი, გენერლის წოდებით. განყოფილება განაგებდა ოფიცერთა და მოხელეთა, დანიშვნა-გათავისუფლების, გადაყვანა-გადმოყვანის, დაჯილდოების საქმეს. საადმინისტრაციო/ადმინისტრაციული განყოფილებას სათავეში ედგა უმაღლესი სამხედრო განათლების ან სათანადო ადმინისტრაციული გამოცდილების მქონე გენერალი. განყოფილება შედგებოდა 5 სექციისაგან: 1) საბიუჯეტო - განაგებდა სამინისტროს ხარჯთაღრიცხვას; 2) სასურსათო - განაგებდა ჯარის კმაყოფას სურსათ-სანოვაგით; 3) საბარგო და საავეჯო - განაგებდა ჯარის შემოსვა-შეკაზმვისა და საბარგო საკითხებს; 4)საბინაო/სასადგომო - განაგებდა ჯარების დაბინავების, ყაზარმების მოწყობის და გათბობა-განათების საკითხებს; 5) საპენსიო - განაგებდა სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრთათვის პენსიებისა და სხვა ტიპის დახმარებების საკითხებს.  სანიტარულ განყოფილებას სათავეში ედგა სამხედრო ექიმი. განყოფილება განაგებდა საკითხებს რომელიც შეეხებოდა ჯარის სანიტარულ საქმეს. სამხედრო-საბეითლო განყოფილებას სათავეში ედგა სამხედრო ბეითალი, განყოფილება შეიმუშავებდა ჯარში არსებულ საბეითლო საქმის საკითხებს. გენერალური შტაბის განყოფილებას სატავეში ედგა გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც ომის დროს ინიშნებოდა არმიის საველე შტაბის უფროსად. გენერალური შტაბი შედგებოდა ექვსი სექციისაგან:საოპერაციო; საორგანიზაციო; საარტილერიო; საინჟინრო-სატექნიკო; სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საისტორიო არქივი. საადმინისტრაციო (ადმინისტრაციული) განყოფილების, საქმეს შეადგენდა სამხედრო სამინისტროს ხარჯთაღრიცხვის შედგენა, ჯარის ხელფასების გაცემა, კვება, შემოსვა, დაბინავება და ა.შ. 1919 წლის 29 ივლისს მიღებული  შეიარაღებული ძალების მოწყობის ახალი კანონის მიხედვით.თანახმად სამინისტროს ადმინისტრაციული განყოფილება გადაკეთდა სამნეო განყოფილებად, სამხედრო სასანიტარო და სამხედრო საბეითლო განყოფილებები გადაკეთდა სექციებად და შევიდა სამხედრო სამნეო განყოფილების შემადგნლობაში. ამავე განყოფილებაში გადავიდა, მანამდე გენერალური შტაბის საარტილერიო და საინჟინრო-სატექნიკო სექციები. სამინისტროს საერთო განყოფილება კი გადაკეთდა სამხედრო სამინიტროს კანცელარიად. გენერალური შტაბის განყოფილებაში დარჩა 4 სექცია: 1) ოპერატიული; 2) სამხედრო საზღვაო; 3)კანცელარია; 4) სამხედრო-საისტორიო არქივის წიგნთსაცავი. როგორც ზემოთ ვწერდით საარტილერიო და საინჟინრო-სატექნიკო სექციები სამნეო განყოფილების დაქვემდებარებაში გადავიდა, ხოლო 1918 წელს არსებული საორგანიზაციო სექცია - ოპერატიული სექციის დაქვემდებარებაში გადავიდა. სამინისტროში სამხედრო საბჭოსთან ასევე შეიქმნა კულტურულ-საგანმანათლებლო სექცია. სამხედრო მინისტრს ასევე დაემატა ერთი მოადგილე.   

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates