• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ნაციონალისტი

ნაციონალისტი - 1920.  ნაციონალური და აგრარული  პოლიტიკის ორგანო. ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ყოველდღიური გაზეთი.  გამოდიოდა თბილისში.  გაზეთის რედაქტორი იყო პოლიტიკოსი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი,  გრიგოლ ვეშაპელი (1891-1926).   წამყვანი   ავტორები იყვნენ:  გ. ლეონიძე, კ. კაპანელი, დ. ვაჩნაძე, მ. იშხნელი, დ. ს. ღოღობერიძე.  ა.კარგარეთელი  და სხვ.   ,,ნაციონალისტი“ უპირატესობას ანიჭებდა აგრარულ საკითხებს,  დიდ ყურადღებას უთმობდა სოფლის მეურეობის ცალკეული  დარგებისა და  მიმართულებების განვითარებას, ასევე, საქართველოს რეგიონების პრობლემებს. ორიენტირებული იყო თავისი მთავარი მკითხველის - გლეხების ინფორმირებაზე, შემეცნებასა და განათლებაზე, გვევლინებოდა მის ქომაგად  და დამხმარედ.  გაზეთი  დაინტერესებულ მკითხველს   მუდმივად აწვდიდა სასოფლო-სამეურნეო დარგების სიახლეებს. გლეხებისთვის აქვეყნებდა ინფორმაციებს მატყლის ყიდვა-გაყიდვის, საძოვრების ფასის, მევენახეობა-მეხილეობის, საცდელი სადგურების, სანერგეებისა და ლაბორატორიების შესახებ. თვალს ადევნებდა  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებს, სოფლის მეურნეობაში  განხორციელებულ  აგრარულ პოლიტიკას, შიდა თუ გარე ბაზრის პრობლემებს და სხვ. გამოცემა სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარებისა და მოსავლის გაზრდის მიზნით, მხარს უჭერდა  ახალი  ტექნოლოგიის შემოტანას,  საზღვარგარეთ  პროდუქციის ფართო  ბაზრის მოპოვებას. საგაზეთო გვერდები მუდმივად ეთმობოდა მთავრობის გადაწყვეტილებებს,  ცალკეულ კანონებსა თუ კანონპროექტებს. მაგ., ,,ღვინის კანონის გაფართოება“,  ,,საქონლის ჭირთან ბრძოლის წესდება“,  ,,საქონლის ნედლი მასალის გადმოტანის წესდება“ და სხვ. არსებულ  კრიზისულ ვითარებაში,  ,,ნაციონალისტი“ თვალს მიადევნებდა ხორბლეულის შენახვის,  ტრანსპორტირების,   კანონიერად  რეგულირების   პროცესს, ააშკარავებდა დარღვევებს სურსათის   აღრიცხვისა და კონტროლის  საქმეში. გაზეთი  მთავრობის გადაწყვეტილებებს  კრიტიკულად განიხილავდა  და საკუთარ რეკომენდაციებს სთავაზობდა მკითხველს. იგი  ცდილობდა,  სოფლის მეურნეობისა და წარმოების  ყველა სფეროში  ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას, მხარს უჭერდა  შრომის ინტენსიფიკაციას და წარმოების მოცულობის გაზრდას.  გამოცემა  მკითხველს  აცნობდა  რეგიონებში მიმდინარე აგრარული რეფორმის შემაფერხებელი მიზეზებს. ,,ნაციონალისტის“ პუბლიკაციებში  იკვეთება იდეური განსხვავებები  სხვადასხვა პარტიულ პლატფორმას შორის. თვალსაჩინოა სოციალ-დემოკრატიული ხელისუფლებისა და ზოგადად, პარტიის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება,  რომელიც,  დიდწილად, ეხება ქვეყნის  მართვის ტაქტიკას, თუმცა, გაზეთი ყველაზე შეურიგებელია  ბოლშევიკების მიმართ. ეროვნული იდეოლოგია  ყველა თემის  განხილვისას ვლინდება.  გამორჩეული ავტორია გ.ლეონიძე (გაზეთში გამოქვეყნდა  მისი სტატიები: ,,ქართული წიგნი“, „ძველ პოეზიაზე“, ,,ვახტანგ VI“, ,,მცხეთა“), რომლის პუბლიცისტურ წერილებში აღსანიშნავია  ნაციონალისტური და კოსმოპოლიტური კულტურების ურთიერთმიმართების საკითხი. ავტორი ,,კომერციულ კულტურად“ მოიხსენიებს ე.წ. ინტერნაციონალური კულტურების ნაკადს, რომელიც, მისი თქმით, ,,ვეშაპივით მოექანება და საფრთხეს უქმნის  ეროვნულ კულტურას“. ,,ნაციონალისტი“ არაერთ პუბლიკაციას უძღვნის  ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის საკითხს და ამ თემაზე სოციალ-დემოკრატებისაგან განსხვავებულ პოზიციას გამოხატავს - მხარს უჭერს ეკლესიის გამოყოფას სახელმწიფოსგან, თუმცა  საჭიროდ მიიჩნევს  სახელმწიფოს მიერ  ყველა კონფესიის ეკლესიის დაფინანსებას, ეკლესიის ქონების ხელშეუხებლობას, სკოლაში სახარების სწავლებას. მაგალითად  იმოწმებს გერმანიის გამოცდილებას. გაზეთი  სისტემატურად აშუქებს  დამფუძნებელი საბჭოს მუშაობას, მხარს უჭერს არსებულ კრიზისულ ვითარებაში ერთიანი ფრონტის შექმნას,  თუმცა ზოგიერთი ავტორი(მაგ., ,,ნალი“), მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას მყარი პოლიტიკური ორიენტაციის არქონას საყვედურობს - მარჯვნივ თუ მარცხნივ? ,,მარჯვნივ -ევროპისკენაა გზა, მარცხნივ-რუსეთისკენ. ,,დროა  ერთად დავდგეთ“ .  ,,ნაციონალისტი“ მუდმივად  მიადევნებს თვალს ქვეყნის შიდა და საერთაშორისო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს- პირველი მსოფლიო ომის შემდგომ მოვლენებს, რუსეთის სამოქალაქო ომის მიმდინარეობას, თურქეთ-სომხეთის კონფლიქტს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates