• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

„მშრომელი“

„მშრომელი“ (1919 - 1920, თბილისი) - სომეხთა სარევოლუციო პარტია „დაშნაკცუთიუნის" საქართველოს ცენტრალური კომიტეტის ორგანო (სოციალისტური ინტერნაციონალის სომეხთა შტო). მუშათა და სოფლის მშრომელთა ყოველდღიური გაზეთი. რედ. - სარედ. კოლეგია. გამომცემელი - „დაშნაკცუთიუნის“  საქ. ცენტრალ. კომიტეტი, სტამბა „აშხატავორ". ჩვენამდე მოაღწია ოთხგვერდიანი გაზეთის  შვიდმა ნომერმა. ბოლო, მეშვიდე ნომერი გამოიცა 1920 წ-ის 1 იანვარს. გაზეთი მიზნად ისახავდა სომხური და ქართული დემოკრატიების დაახლოებას, რაც ნათლად იყო გაცხადებული სტატიაში „ძმურმა ძმამ გვიბრძანა“ (1919, №2). მასში ნათქვამია, რომ ამ ორ ერს შორის გამყოფი კედელი ინგრევა, რასაც ადასტურებს იქვე გამოქვეყნებული დოკუმენტი - „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკათა შეთანხმება“. ქვეყნდება ასევე „სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება“ და დეპეშები ამ შეთანხმებებთან დაკავშირებით. სომხეთ - საქართველოს ურთიერთობის ახალ ეტაპზე საუბრობს გაზეთი სხვა პუბლიკაციებშიც. მათ შორის უნდა გამოიყოს „ა.-კ.“ - ს ფსევდონიმით დაბეჭდილი წერილი „თავისუფალი საქართველო და ჩვენ“ და „დაშნაკელის“ ფსევდონიმით - „დაშნაკელი სომეხია - სომეხი „დაშნაკელია“.  პუბლიკაციების პათოსი ორი ქვეყნის დემოკრატიათა დაახლოებისა და არსებული უნდობლობის დაძლევის სურვილითაა ნაკარნახევი. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საქართველოში  მცხოვრები სომხების მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის თემაზე. გაზეთში ჭარბადაა წარმოდგენილი ცნობები „დაშნაკცუთიუნის“ პარტიული საქმიანობის შესახებ სომხეთსა და საქართველოში. მუდმივი რუბრიკით - „სომხეთის ამბები“ - იბეჭდება მეზობელ ქვეყანაში არსებული სიახლეები (მაგ.:  „ჯარის დღე სომხეთში“ და მსგავსი ინფორმაციები). „მშრომელი“ თავის ფურცლებზე ადგილს უთმობს მხატვრულ ნაწარმოებებსაც, კერძოდ, ფსევდონიმით Rekord  იბეჭდება ლექსები: „სონეტა რკალიდან“, „მე და მსოფლიო“ (№5) „ახალი წელი“, „ამიერკავკასიის დემოკრატიას“ (№7) და სხვა. გამოცემაში გვხვდება სარეკლამო განცხადებებიც.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates