• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

„მომავალი“

მომავალი“ (1920 – 1921, თბილისი) - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის ყოველთვიური სამეცნიერო, სალიტერატურო და საპოლიტიკო ჟურნალი, გამომც. - სტუდენტთა ჯგუფის საგამომცემლო  კომიტეტი.  ჟურნალი პირველი ქართული უნივერსიტეტის ცხოვრებას წარმოაჩენს. მიუხედავად კონკრეტული ამოცანისა, მისი პროფილი ფართოა და მოიცავს როგორც სამეცნიერო სიახლეებს, სხვადასხვა დარგის ცნობილ წარმომადგენელთა ნაშრომებს, ასევე მხატვრულ პროდუქციასა და საზოგადოებრივ - პოლიტიკური პრობლემების ამსახველ პუბლიკაციებს. გამოცემის კონცეფცია მკაფიოდაა გადმოცემული წინასიტყვაობაში, რომელშიც დამოუკიდებელი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის მეცნიერების ტაძრის - ქართული უნივერსიტეტის, სტუდენტი - ახალგაზრდობის სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობის და, ზოგადად, ცოდნის, მაღალი ინტელექტის მნიშვნელობაზეა საუბარი („ქართული უნივერსიტეტი, ქართველი ახალგაზრდობა, საქართველოს მომავალია...  საჭიროა ახალგაზრდობა მოძრაობით, თვითაზროვნებით, შემოქმედებით ცოცხლობდეს“).  სწორედ ამ თემების აქტუალიზებას ემსახურება ჟურნალი, რომლის კრედო სარედაქციო გამოსვლაში ასეა გაცხადებული: „ჟურნალი „მომავალი“ ის ორგანოა, რომელშიც ასახულია სტუდენტების სული, სულის მოძრაობა. ჟურნალის მიზანია, სტუდენტების დარაზმვა მეცნიერული შემოქმედებისათვის, ჭეშმარიტებისათვის, სიკეთის მშვენიერებისა და დაგროვილი ცოდნის საზოგადოების წინაშე გადაშლისათვის“. ცნობილ ქართველ მეცნიერთა ნაშრომებისა და გამოკვლევების გვერდით, ჟურნალი მკითხველს აცნობს მათ ბიოგრაფიულ ცნობებს, შრომების ბიბლიოგრაფიას. მაგალითად, გამოცემაში წარმოდგენილია ივ. ჯავახიშვილის, აკ. შანიძის, კ. კეკელიძის მოღვაწეობის ამსახველი ინფორმაცია, რომელსაც ერთვის მეცნიერთა ფოტოსურათები. ჟურნალში გამოქვეყნებული პუბლიკაციებიდან აღსანიშნავია: პლ. გირიელის „ქართული უნივერსიტეტის მნიშვნელობა“, ა. შილაკაძის „ხელოვნების ისტორიიდან (ძველი ქართული ხუროთმოძღვრების გამოფენის გამო)“, ვასილ გიორგაძის „სასულიერო პოეტები: იოანე საბანისძე, ივანე მინჩხი და ფილიპე“, ს. მაკალათიას „ატენის სიონი“, გ. ახვლედიანის „მარცვლის“ საკითხის გარშემო“ (საუბარია ფონეტიკურ ერთეულზე), თ. სიხარულიძის „გუსტავ ლებონის ახალი თეორია“, ლეონ მელიქსეთ-ბეგის „მცხეთა-ქალაქის დაარსების საკითხის გარშემო“, ექიმ ვლ. ცეცხლაძის „სიცოცხლე და სიკვდილი“ და სხვ.   ჟურნალში იბეჭდება ლიტერატურული ნაწარმოებებიც, მათ შორის: „ბაბილინას“  (ბარბარე ხოსიტაშვილი-კურდღელაშვილისა), „ღრუბელის“ (ილია სიხარულიძე), ვ. გორგაძის, ს. აბულაძის, ილ. გოგიას ლექსები, ვ. გორგაძის „ებრაული ლირიკა“ და სხვ.   „მომავლის“ ყოველი ნომრის ბოლოს იბეჭდება წერილები საქართველოს იმდროინდელი პოლიტიკური ვითარების შესახებ. პუბლიკაციები ძირითადად ფსევდონიმებითაა ხელმოწერილი, მაგ.: „ლიას“ (იოსებ იმედაშვილი) წერილები - „ვერ დამიმონებ!..“,  „რატომ არ ცხრები?“, „ა. კ-ძის“ (აკაკი კალაძე)  „ზავი საბჭოთა რუსეთთან“,  „ შ. დ-ვას“ (შ. დუდუჩავა) „ორი ქვეყანა“ და ა. შ.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates