• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

კომუნისტური პარტია

კომუნისტური პარტია - რევოლუციურ-რადიკალური ფრთა საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში ჯერ კიდევ „მესამე დასის“ პირველ კონფერენციაზე, 1892 ჩაისახა. 1903 წ-დან, როცა ქართული სოციალ-დემოკრატია ოფიციალურად გახდა რსდმპ-ის შემადგენელი ნაწილი, რადიკალურ-რევოლუციური ფრთა მოქმედებდა ბოლშევიკური ფრაქციის სახით. 1907 წ-დან საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში საბოლოოდ გაიმარჯვა მენშევიკურმა ფრთამ, რის გამოც ბოლშევიკების გავლენა ადგილობრივ რევოლუციურ მოძრაობაში მნიშვნელოვნად შესუსტდა.           

1917 წ-ის რევოლუციების შემდეგ საქართველოში დროდადრო შეიმჩნეოდა ხოლმე ბოლშევიკების გააქტიურება, რასაც განაპირობებდა საბჭოთა რუსეთის ხელისუფლებისა და რუსეთის ბოლშევიკური პარტიის მხრიდან ფინანსური, მატერიალური და, ხშირ შემთხვევაში, სამხედრო რესურსებით მხარდაჭერა. 1917 წ-ის ოქტომბერში შეიქმნა რსდმპ (ბ)-ის, შემდგომში კი - რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკებისა) კავკასიის სამხარეო კომიტეტი, რომელიც ხელმძღვანელობას უწევდა საქართველოსა და კავკასიის ადგილობრივი ხელისუფლებების: „ოზაკომის“, კომისარიატის, სეიმის და, რაც მთავარია, - დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობას, ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებს თუ აჯანყებებს. ყველა ცდა მარცხით დასრულდა (შამქორის ამბები, 1918 წ-ის გლეხთა გამოსვლები; 1919 წ-ის საყოველთაო აჯანყების მცდელობა და სხვ). 1920 წ-ის გაზაფხულიდან საბჭოთა რუსეთმა ამიერკავკასიის სახელმწიფოებისა და საქართველოს ოკუპაციაზე აიღო გეზი, „რევოლუციის ექსპორტის“ გზით. 1920 წ-ის 7 მაისის საქართველო-რუსეთის ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოში ბოლშევიკური ორგანიზაციების საქმიანობა ლეგალური გახდა. 1920 წ-ის 8 აპრილს რკპ(ბ) ცკ-მა მიიღო გადაწყვეტილება რკპ(ბ) კავკასიის ბიუროსა და საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის კომუნისტური პარტიების შექმნის შესახებ. 1920 წ-ის 20 მაისს კავკასიის  ბოლშევიკური სამხარეო კომიტეტი გაუქმდა და ფორმალურად გარდაიქმნა საქართველოს კომუნისტურ პარტიად (შესაბამისად გაფორმდა აზერბაიჯანის და სომხეთის კომპარტიები). 3 ივნისს გამოვიდა ახალგაფორმებული პარტიის ორგანო - გაზ. „კომუნისტი“. საქ. კომპარტია მოქმედებდა რკპ(ბ) კავასიის ბიუროს მითითებებით, რომელსაც სათავეში   ს. ორჯონიკიძე ედგა და, თავის მხრივ, საბჭოთა რუსეთის ხელისუფლების მეთაურის ვ. ლენინის მითითებებს ასრულებდა. საბჭოთა რუსეთის მიერ აზერბაიჯანისა და სომხეთის „გასაბჭოების“ შემდეგ მოსკოვის დღის წესრიგში საქართველოს დაპყრობის ამოცანა დადგა. 1920 წ-ის ნოემბრის ბოლოს თბილისში გაიმართა საქ. კომუნისტური ორგანიზაციების კონფერენცია, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების მომზადების საკითხი განიხილა. კონფერენციამ აირჩია კპ(ბ)-ის ცენტრალური კომიტეტი  ფ. მახარაძის, გ. სტურუას, მ. ორახელაშვილის, მ. ტოროშელიძის და სხვათა შემადგენლობით. 1921 წ-ის დასაწყისში კავკასიის ბიურომ საქ. კპ(ბ) ცკ-ს „ოპერატიული დავალება“ მისცა, მოემზადებინა აჯანყება. მოსკოვის მითითებით და კავკასიის ბიუროს დავალებით, საქ. კპ(ბ) ცკ-მა შექმნა ე. წ. საქართველოს რევოლუციური კომიტეტი, რომელმაც ფორმალურად ჩაიბარა შეიარაღებული აჯანყების ხელმძღვანელობა და საბჭოთა რუსეთის ხელისუფლებას სთხოვა „ინტერნაციონალური“ დახმარება საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დასამხობად. საქ. კომუნისტურმა პარტიამ წარმატებით შეასრულა ტიპური „მეხუთე კოლონის“ როლი და საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის დახმარებით განახორციელა „რევოლუციის ექსპორტი“ საქართველოში.                                                                  

1921 წ-დან შემდგომი 70 წლის მანძილზე საქართველოს დამოუკიდებელი კომპარტია მხოლოდ იურიდიულად არსებობდა, ფაქტობრივად კი, საბჭოთა კავშირის კომპარტიის შემადგენელ ნაწილს შეადგენდა და ადგილობრივ ავტონომიურ მარიონეტულ ხელისუფლებას წარმოადგენდა.                                                                               

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates