• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

კაუკაზიშე პოსტ - Kaukasische Post

კაუკაზიშე პოსტ - Kaukasische Post (1906 - 1914;  1918 - 1922, თბილისი) - ყოველკვირეული გერმანული გაზეთი 1906 წელს მდიდარმა გერმანელმა მეწარმემ, კურტ ფონ კუჩენბახმა დააარსა თბილისში. თავდაპირველად მისი რედაქტორი და გამომცემელი ფორმალურად იყო კუჩენბახი, ფაქტობრივად კი - ცნობილი მწერალი და ჟურნალისტი არტურ ლაისტი. შემდეგ რედაქტორობა მთლიანად მას გადაეცა და სამი წელი რედაქტორობდა – 1909 წლის 21 ივნისამდე. არტურ ლაისტის შემდეგ გაზეთის რედაქტორები და რედაქციის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა. გაზეთის გამოცემა შეწყდა პირველი მსოფლიო ომის დროს, 1914 წლის 3 აგვისტოს. 1918–1922 წწ-ში „კაუკაზიშე პოსტი“ კვლავ აღდგა, ოღონდ შეცვლილი პროგრამით და განსხვავებული მოცულობით. გამოცემა ორგვერდიანი გახდა და გამოდიოდა კვირაში ორჯერ.  განახლებული გაზეთის  №1-16 რედაქტორი იყო ლ. როთეკერი,  ხოლო №71-91 – სარედაქციო კოლეგია. გაზეთის მხოლოდ ნაკლულმა კომპლექტებმა მოაღწია ჩვენამდე.

თავდაპირველად „კაუკაზიშე პოსტი“იყო ჟურნალის ფორმატის მრავალგვერდიანი გაზეთი. იბეჭდებოდა გოთური შრიფტით. იშვიათი იყო ილუსტრაციები და ფოტოები. ის პირველი გერმანულენოვანი ორგანოა, რომელიც საქართველოში გამოვიდა. მისი მიზანი იყო კავკასიაში მცხოვრები გერმანელების ყოფა-ცხოვრების ასახვა, მათთვის რჩევების მიცემა, გერმანული კულტურის გაცნობა, ვინაიდან კავკასიაში გერმანელების განათლების დონე იმ პერიოდში ძალიან დაბალი იყო, აგრეთვე, მათთვის მშობლიურ ენაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება. თუმცა, გაზეთი კავკასიაში მცხოვრები მცირე ერების ცხოვრებასა და კულტურასაც ეხმიანება, განსაკუთრებული ყურადღება კი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეთმობა.

მიუხედავად იმისა, რომ გაზეთს მეტად მრავალი საკითხი ჰქონდა გასაშუქებელი, მაინც დიდი წვლილი გაიღო ქართული ლიტერატურისა და, საერთოდ, ქართული ყოფის გერმანელი მკითხველისთვის გაცნობის საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ გაზეთი მთელ ამიერ და იმიერკავკასიაში ცხოვრებას ასახავდა, მაინც გარკვეულწილად, ქართული სულით სუნთქავდა.

გაზეთი გამოცემის დროისათვის მეტისმეტად გაბედული იყო. მის პირველსავე ნომერში დაიწყო ბეჭდვა ვრცელი გამოკვლევისა „გერმანული კოლონიები ამიერკავკასიაში“ (Die deutscen Kolonien in Transkaukasien”), რომელიც A. F. ინიციალით არის ხელმოწერილი. სავარაუდოდ, მისი ავტორი რედაქციის წევრი ალექსანრე ფუფაევია. წერილში განხილულია გერმანელი მოახალშენეების ამოცანებთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული საკითხები. აღნიშნულია ეროვნული ინტერესების ერთიანობის იდეა და მათი უპირატესობა სოციალურ და პოლიტიკურ ინტერესებთან შედარებით. საინტერესოა წერილში მოცემული ცნობები, თუ რა სავალალო მდგომარეობაში იყო საქართველო XIX ს-ის დასაწყისში, როცა აქ გერმანელები ჩამოსახლდნენ და როგორი პროცესი განიცადა მან გავლილი 90 წლის მანძილზე. 1912 წ-ის მე-2 ნომრიდან გაზეთი აქვეყნებს კიდევ ერთ ვრცელ ნაშრომს ამავე თემაზე - სათაურით „გერმანელების გამომგზავრება ამიერკავკასიისკენ“ („Einwanderung der Deutschen nach Transkaukasien”), რომელიც იმავე ავტორს უნდა ეკუთვნოდეს – ხელმოწერილია: A. F. – Tiflis).  გაზეთში მრავალი წერილი და მხატვრული ნაწარმოები იბეჭდება (თვით არტურ ლაისტის), მათ შორის, ქართულ თემატიკაზე. ესენია მწერლის ორი მოთხრობა: „კატასტროფა“ (1906, №1-3) და „ვარო“ (1908, №41-52). 1907 წ-ის მე-13 ნომერში იბეჭდება ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით არტურ ლაისტის გამოსათხოვარი წერილი მეგობართან, რომელსაც ახლავს ილიას ფოტო და  აქვე იბეჭდება მისი სამი ნაწარმოების ლაისტისეული თარგმანი. ესენია: „კაკო ყაჩაღის“ შესავალი, სათაურით „ბინდი ალაზნის ველზე“, მდინარე არაგვისადმი მიძღვნილი მეხუთე თავი პოემიდან „აჩრდილი“, სათაურით „არაგვს“ და ლექსი „გაზაფხული“. ნეკროლოგში არტურ ლაისტი გერმანელ მკითხველს აცნობს ილია ჭავჭავაძის პიროვნებას, მის დამსახურებასა და როლს ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრების ამაღლებაში. „ილია ჭავჭავაძე თვით უმცირესი ზომის ნაწარმოებებშიც უდიდეს იდეებს დებს“ – წერს ავტორი. გაზეთ „კაუკაზიშე პოსტის“ 1908 წ-ის  25-ე ნოემრში არტურ ლაისტი აკაკი წერეთლის საიუბილეო წერილში საუბრობს პოეტის შემოქმედებაზე. იგი აქვეყნებს აკაკის სამი ლექსის გერმანულ თარგმანს: „ჩემი სურვილი“, „სალამური“ და „ხალხური“ („მინდვრად ეგდო თეთრი ქვა...“). მესამე ქართველი მწერალი, რომლის მხატვრული შემოქმედება უთარგმნია არტურ ლაისტს და აქვეყნებს გაზეთში, ეს არის ანდრია დეკანოზიშვილი. მისი ფსიქოლოგიური ნოველა „პეპელა“ დაიბეჭდა „კაუკაზიშე პოსტის“ 1906 წ-ის მე-11 ნომერში. ქართული ლიტერატურის გარდა, გაზეთში იბეჭდება კავკასიის სხვა ხალხების კულტურის ამსახველი წერილებიც. მაგალითად, 1906 წ-ის მე-4 ნომერში დაბეჭდილია სომეხი პოეტის ალექსანდრე ცატურიანის ორი ლექსი და მცირე ბიოგრაფიული ცნობები. 1909 წ-ის 43-ე ნომერში დაიბეჭდა არტურ ლაისტის მიერ თარგმნილი საიათნოვას ორი ლექსი, უსათაუროდ, დანომრილია რომაული ციფრებით. 1906 გაზეთის მე-8 ნომერში გამოქვეყნდა წერილი „ოსური გაზეთი“, რომელიც არის ვლადიკავკაზში გამოსულ პირველ ოსურ გაზეთზე გამოხმაურება.1908 წ-ის №37 არტურ ლაისტი გამოეხმაურა თბილისში გამომავალ აზერბაიჯანულ სატირულ–იუმორისტულ ჟურნალს „მოლა ნასრედინს“. „კაუკაზიშე პოსტის“ ფურცლებზე დაიბეჭდა საქართველოს ისტორიის ამსახველი სტატიებიც, რაც მნიშვნელოვანი იყო გერმანულენოვანი მკითხველისათვის ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის გასაცნობად. „კაუკაზიშე პოსტის“ თითქმის ყველა ნომერს აქვს იუმორის კუთხე, სადაც უცხოური ანეკდოტები იბეჭდება, თუმცა არის ადგილობრივიც. მაგ.: 1910 წ-ის 14 მარტის 1 ნოემრში დაბეჭდილი სამი ანეკდოტიდან ერთი თბილისური სიუჟეტია, სათაურით „გახარებული ქათმები“. 1914 წ-ის 3 აგვისტოს (№31) გაზეთის რედაქცია  მკითხველს  ატყობინებს, რომ საომარი მდგომარეობით გამოწვეული საწარმოო შეფერხებების გამო „კაუკაზუშე პოსტის“ გამოცემა დროებით შეწყვეტილია. ამ დროს რედაქტორი იყო ვალტერ ფონ ზასი, ხოლო გამომცემელი - იოანეს შლოინინგი.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates