• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტრო - 1918 წ-ის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით შეიქმნა საქართველოს პირველი დროებითი მთავრობა. მთავრობის სისტემაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრუქტურას იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენდა. 1918-1921 წწ-ში აღნიშნულ უწყებას ხელმძღვანელობდნენ შალვა ალექსი-მესხიშვილი (1918-1919), ევგენი  გეგეჭკორი (1919) და რაჟდენ არსენიძე (1920-1921). საქართველოს დემოკრატიულ  რესპუბლიკაში მთავრობისა და მის სისტემაში შემავალი სამინისტროების სტრუქტურისა და უფლებამოსილების შესახებ იმდროინდელ ხელისუფლებას ერთიანი სამართლებრივი აქტი არ მიუღია. აქედან გამომდინარე, ამ საკითხის შესასწავლად ძირითადად გამოდგება ცალკეული ნორმატიული დოკუმენტები და საარქივო მასალა.  იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენდა უწყებას, რომელსაც ქვეყანაში უნდა უზრუნველეყო სამართლებრივი რეფორმები, მათ შორის, სასამართლო  სისტემის რეორგანიზაცია. იუსტიციის სამინისტროს მიზანს შეადგენდა „ზრუნვა დარღვეული ნორმალური წესწყობილების აღდგენისათვის, ცხოვრებაში უფლებრივი პრინციპების განმტკიცებისათვის, სასამართლოს დემოკრატიულ ნიადაგზე გარდაქმნისათვის“. იუსტიციის სამინისტროს გამიზნული ჰქონდა, თავიდანვე დაესახა შემდეგი რეფორმები: „არჩეულ მომრიგებელ მოსამართლეთა ინსტიტუტის შემოღება, საგამომძიებლო ნაწილის რეორგანიზაცია სასამართლოს გამომძიებელთა დამოუკიდებლობის განმტკიცების ნიადაგზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება, უზენაესი საკასაციო სასამართლოს დაწესება, ყოველგვარი წოდებრივი სასამართლოთა მოსპობა და სხვა“. ამ რეფორმების პროცესში „უდიდესი ყურადღება ჰქონდა მიქცეული სასამართლო უწყების დემოკრატიულ ნიადაგზე გარდაქმნას იურიდიული მეცნიერების მიერ მიღებულ დებულებათა საფუძველზე და განათლებული ქვეყნების პრაქტიკის მიხედვით“. იუსტიციის სამინისტროს დიდი შრომის შედეგად 1919 ჩამოყალიბდა პირველი სენატი, როგორც უზენაესი სასამართლო. სენატის დებულება შემუშავებულ იქნა იუსტიციის მინისტრის ამხანაგის გ. გველესიანის თავმჯდომარეობით შექმნილი საგანგებო კომისიის მიერ. სწორედ იუსტიციის სამინისტრო ზრუნავდა იურიდიული განათლების განვითარებისათვის საქართველოში. ამის მკაფიო გამოხატულებაა იუსტიციის მინისტრ შ. ალექსი-მესხიშვილის მიმართვა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისადმი თხოვნით, რათა პროფესორთა საბჭოს წინაშე განსახილველად წარდგენილიყო იურიდიული ფაკულტეტის დაარსების შესახებ წინადადება. „თვის მხრივ სამინისტრო ყოველგვარ დამხმარებას აღუთქვამს უნივერსიტეტს ხსენებული ფაკულტეტის დაარსების საქმეში“ - ნათქვამია იუსტიციის მინისტრის მიმართვაში. იუსტიციის სამინისტროსთან არსებობდა „სატერმინოლოგიო კომისია“, რომელსაც დავალებული ჰქონდა „უსაჭიროეს იურიდიული ტერმინების გამორკვევა, დაბეჭდვა და სასამართლოს მოხელეთათვის დარიგება“. სამინისტროს სისტემაში შესაძლებელი იყო საუწყებათაშორისო კომისიის შექმნაც. მსგავსი კომისია დაარსდა „განქორწინების პროექტთან“ დაკავშირებით, რომელიც საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს მიერ იყო შემუშავებული. იუსტიციის სამინისტრო, ასევე, ზრუნავდა კანონმდებლობის სრულყოფისათვის. სწორედ იუსტიციის მინისტრის მოხენების საფუძველზე შეიქმნა 1920 წ-ის 8 აპრილს დეკრეტით „კანონთა გადამსინჯავი დროებითი კომისია“. იუსტიციის სამინისტროს საარქივო მასალებში ვკითხულობთ, რომ „კომისიამ პირველყოვლისა სასწრაფოდ უნდა გამოარკვიოს მოქმედი კანონმდებლობის არქაიზმები და შეიმუშაოს მათის გაუქმების ან შეცვლის პროექტი. ამავე დროს საძირკველი უნდა ჩაუყაროს ეროვნულ ნიადაგზე შექმნილ საკანონმდებლო კოდექსების შექმნას“. დეკრეტის პირველი მუხლის თანახმად, სამინისტროს კომისიას ევალდებოდა მიმდინარე საკანონმდებლო წინადადებების შემუშავება. კომისია შედგებოდა მუდმივი და მოწვეული წევრებისაგან და მას იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა. ამ რეფორმას წინ უსწრებდა 1918 წ-ის 11 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროსთან საკოდიფიკაციო განყოფილების დაარსება, რომლის მიზანი საკანონმდებლო მასალისა და უმაღლესი მთავრობის ზოგადი ხასიათის განკარგულებათა შეკრება, წესრიგში მოყვანა და გამოქვეყნება იყო. კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საკოდიფიკაციო განყოფილების ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა დაეკისრა იუსტიციის მინისტრს. 1918 წ-ის 11 ოქტომბრის „კანონთა გამოქვეყნების“ შესახებ კანონით, საკოდიფიკაციო განყოფილება „განსაკუთრებული დაწესებულების დაარსებამდე“ უზრუნველყოფდა „კანონთა და მთავრობის განკარგულებათა კრებულის“ ოფიციალურ გამოცემას. 1918-1921 წწ-ში ნორმატიულ დოკუმენტებში მოცემულია იუსტიციის მინისტრის ცალკეული უფლებამოსილებები. მის კომპეტენციაში შედიოდა გამომძიებლების, თბილისის ოლქის სასამართლოს პროკურორის ამხანაგების დანიშვნა. იუსტიციის სამინისტროს ფუნქცია იყო გამომძიებელთა საქმეების რევიზიაც, სასამართლო სისტემის რეფორმირება. საქართველოს რესპუბლიკის 1918 წ-ის 5 ივლისის „ტფილისის სამოსამართლო პალატის შტატების შემცირების“  შესახებ კანონის პირველი მუხლის თანახმად, იუსტიციის მინისტრს დაევალა თბილისის სამოსამართლო პალატის შტატების შემცირების უზრუნველყოფა. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, მინისტრის კომპეტენციაში შედიოდა აღნიშნული პალატის შტატგარეშე წევრების, მდივნების, მათი თანაშემწეების, მოხელეებისა და მოსამსახურეების დათხოვნა, თუ ის ამის საჭიროებას დაინახავდა. „მომრიგებელ მოსამართლეთა ინსტიტუტის“ შესახებ 1918  წ-ის 24 სექტემბრის კანონის მე-15 მუხლის მიხედვით, რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს დაარსებამდე მომრიგებელი მოსამართლის სრულიად დათხოვნა თანამდებობიდან ან მისი დროებით განთავისუფლება სამასახურიდან იუსტიციის მინისტრს შეეძლო. ასევე, მომრიგებელ მოსამართლეთა ყრილობის თავმჯდომარის სამსახურიდან დროებით განთავისუფლება იუსტიციის მინისტრის კომპეტენციაში შედიოდა. „ნაფიც-მსაჯულთა სასამართლოს შემოღების“ შესახებ 1919 წ-ის 17 იანვრის კანონის მე-3 მუხლის ძალით, ნაფიც-მსაჯულთა სასამართლოს დაჩქარებით შემოღების მიზნით, იუსტიციის მინისტრს დაევალა, განესაზღვრა ნაფიც-მსაჯულთა ასარჩევად სათანადო სიების შედგენისთვის დრო და ვადა.  1919 წ-ის 29 მარტს იუსტიციის სამინისტროში სამინისტროს რეორგანიზაციაზე იმსჯელეს. ზოგიერთი ამ სამინისტროს  გაუქმებას უჭერდა მხარს, ვინაიდან სამინისტროს ცალკე არსებობა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. უმრავლესობა კი ამ ინიციატივას უარყოფდა: „სამინისტროს მოსპობა უხერხულს მდგომარეობას შეჰქმნის, რადგან ამ შემთხვევაში უწყებას აღარ ეყოლება ერთი ხელმძღვანელი, ერთის პოლიტიკის გამტარებელი, აღარ ეყოლება სასამართლო უწყების წარმომადგენელი მთავრობაშიც, როცა ამ წარმომადგენლის აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა საკითხის გარჩევის დროს“. საბოლოოდ, 1919 წ-ის მარტიდან დეკემბრის ბოლომდე იუსტიციის მინისტრის პორტფელი საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს გადაეცა, ხოლო 1920 წ-ის დასაწყისიდანვე კვლავ დამოუკიდებელ სამინისტროდ  გარდაიქმნა და რაჟდენ არსენიძე დაინშნა იუსტიციის მინისტრად. 1920 წ-ის 29 ივნისის „საპატიმროთა საქმის უმაღლესი საბჭოს“ შესახებ დებულების მიხედვით, იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნა საპატიმროთა საქმის უმაღლესი საბჭო, რომლის წევრი იყო იუსტიციის მინისტრი. საბჭოს თავმჯდომარეს ნიშნავდა იუსტიციის მინისტრი. 1920 წ-ის 3 დეკემბერს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ „მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების“ შესახებ კანონი მიიღო, რომლის 27-ე მუხლის მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრი იუსტიციის მინისტრთან ერთად გამოსცემდა ინსტრუქციას აღნიშნული კანონის განსახორციელებლად.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates