• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

თბილისის (ვანო სარაჯიშვილის სახელობის) სახელმწიფო კონსერვატორია

თბილისის (ვანო სარაჯიშვილის სახელობის) სახელმწიფო კონსერვატორია - პირველი ევროპული ტიპის უმაღლესი სასწავლებელია საქართველოსა და მთელ კავკასიაში. დაარსდა სამუსიკო სასწავლებლის ბაზაზე. ოფიციალური გახსნის თარიღია 1917 წ-ის 1 მაისი. 1924 სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭა. 1947 წ-დან ვ. სარაჯიშვილის სახელს ატარებს. სასწავლებელს მყარი პროფესიული საფუძველი ჩაუყარა პედაგოგთა პირველმა თაობამ: ილია აისბერგმა, ანასტასია ვირსალაძემ, ანა თულაშვილმა, ფრანც კესნერმა, ვალენტინა კუფტინამ, ჰენრიჰ ნეიჰაუზმა, ლაუციან ტრუსკოვსკიმ, ოლღა ბახუტაშვილი-შულგინამ, ენრიკო ბროჯი-მუტინიმ, ვიქტორ ვილშაუმ, ევგენი ვრონსკიმ, სანდრო ინაშვილმა, ვარვარა ზარუდნაიამ, ვალერიან ქაშაქაშვილმა, მორის ლუდნიკმა, ევგენი გუზიკოვმა, კონსტანტინ მინიარ-ბელორუჩევმა (ჩელო); სერგეი ბარხუდარიანმა; მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვმა; ზაქარია ფალიაშვილმა (კომპოზიცია, თეორია); დიმიტრი არაყიშვილმა (ქართული ხალხური შემოქმედება); ივანე ფალიაშვილმა (დირიჟორი) და სხვ.  თბილისში ჩამოდიოდნენ და მუშაობდნენ ცნობილი მუსიკოსები:  ვლადიმერ შჩერბაჩოვი, მარია იუდინა, პიოტრ რიაზანოვი, ალექსანდრ რიაბინოვიჩი. 1930-იანი წწ-დან მუშაობას იწყებენ: დირიჟორი ევგენი მიქელაძე, მუსიკათმცოდნეები: ფოლკლორისტი გრიგოლ ჩხიკვაძე, თეორეტიკოსი შალვა ასლანიშვილი; მუსიკის ისტორიკოსები: ვლადიმერ (ლადო) დონაძე და პავლე ხუჭუა, დირიჟორი ოდისეი დიმიტრიადი და სხვ. იმავე 1930-იან წწ-ში დამკვიდრდა მუსიკალური აღზრდის ეროვნული კონცეფცია და დაინერგა სწავლების 5-წლიანი სისტემა, რომელიც 1990 წ-მდე თითქმის უცვლელად დარჩა. თსკ იყო პირველი საბჭოთა რესპუბლიკების კონსერვატორიებს შორის, რომელმაც სასწავლო გეგმაში  ეროვნული პროფესიული მუსიკის თეორიისა და ისტორიის კურსები ჩართო. სისტემატურად ეწყობა ექსპედიციები. მიმდინარეობს ჩანაწერების გაშიფრვა. ქართული ხალხური სიმღერის ელემენტებით მდიდრდება სოლფეჯიოსა და ჰარმონიის სასწავლო კურსები. დამოუკიდებელი კურსის სახით ეს საგნები 1950-იან წწ-ში დამკვიდრდა. მუსიკის თეორიის, ისტორიისა და ფოლკლორის მიმართულებებს სათავეში შალვა ასლანიშვილი, ლადო დონაძე და გრიგოლ ჩხიკვაძე ჩაუდგნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს თსკ-ში მოღვწეობდნენ მაშინდელი საბჭოთა მუსიკალური ელიტის წარმომადგენლები: ალექსანდრ გაუკი, ალექსანდრ გოლდენვეიზერი, კონსტანტინ იგუმნოვი, ნიკოლაი მიასკოვსკი, სერგეი პროკოფევი, იური შაპორინი, სამუილ ფეინბერგი, ვერა დავიდოვა, ალექსანდრ იოხელესი და სხვ. თბილისში ხშირად ჩამოდიოდნენ და კონცერტებს ატარებდნენ დიმიტრი შოსტაკოვიჩი, ჰეინრიჰ და სტანისლავ ნეიჰაუზები, ემილ გილელსი, სვიატოსლავ რიხტერი, დავიდ ოისტრახი, მსტისლავ როსტროპოვიჩი და სხვები. 50-იან წლებში ძლიერდება საკომპოზიტორო კლასი (ანდრია ბალანჩივაძე, შალვა მშველიძე, ალექსი მაჭავარიანი, იონა ტუსკია, გრიგოლ კილაძე, ალექსანდრე შავერზაშვილი, დავით თორაძე, სულხან ცინცაძე). 1960-იანი წწ-დან, პოლიტიკური „დათბობის“ შემდეგ, ქართველ მუსიკოსებს ევროპული ხელოვნების მიღწევათა გაცნობის მეტი შესაძლებლობა მიეცათ. 1970-იანი წწ-დან ასპარეზზე გამოვიდა კომპოზიტორთა ახალი თაობა: სულხან ნასიძე, ბიძინა კვერნაძე, ნოდარ მამისაშვილი. „დაშვებულის“ ფარგლებში შესაძლებელი გახდა ქართველ მუსიკოსთა კონტაქტები უცხოელ კოლეგებთან და ქართული მუსიკის აჟღერება საზღვარგარეთ. სერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას მიაღწიეს ცალკეულმა შემსრულებლებმაც და სტუდენტურმა კამერულმა ორკესტრმა ოთარ საფარიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც 1978 საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედლით დაჯილდოვდა. 1990-იანი წწ-ის მეორე ნახევრიდან  შესაძლებელი ხდება თანამედროვე მუსიკალურ მსოფლიოსთან დაახლოებისათვის აუცილებელი სიახლეების დანერგვა. თსკ საუნივერსიტეტო ტიპის უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია, რომელშიც, პროფესიულ საგნებთან ერთად, ისწავლება სხვადასხვა ჰუმანიტარული საგნები. არსებობს ენებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრაც. 1995 გადავიდა სწავლების დასავლურ ორსაფეხურიან სისტემაზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა). 2005 წ-დან „ევროპის კონსერვატორიების ასოციაციის“ წევრია. თსკ-ში მოქმედებს: 1917  გახსნილი ფონოტეკის კაბინეტი; 1919  დაარსებილი საოპერო სტუდია; 1932 დაარსებული კლავიშებიან საკრავთა ფაკულტეტი; 1932  შექმნილი კომპოზიციის კათედრა; 1935 დაარსებული აკადემიური სიმღერის ფაკულტეტი; 1934 წ-დან არსებული ფონიატრიული კაბინეტი; 1935 წ-დან საგუნდო-სადირიჟორო კათედრა; 1937 დაარსებული მუსიკის თეორიის ფაკულტეტი; 1946 წ-დან ფოლკლორისტიკის კაბინეტი (1971 გრიგოლ ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით, ფოლკლორის კათედრად გარდაიქმნა); 1947  დაარსებული საორკესტრო  ჩასაბერ და დასარტყამ საკრავთა ფაკულტეტი; 1997 დაარსებული მუზეუმ-კაბინეტი; 2003  შექმნილი ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი; ჯაზის ხელოვნების ფაკულტეტი; აკუსტიკური მუსიკის ჩამწერი სტუდია; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და სხვ. ფართოვდება და ღრმავდება თსკ-ის კონტაქტები ევროპისა და ამერიკის მუსიკალურ დაწესებულებებთან. ტარდება საერთაშორისო კონკურსები და მოწვეული პროფესორების მასტერკლასები. უმაღლესი სასწავლებლის შენობა აგებულია XX საუკუნის დასაწყისში პიანისტისა და პეტერბურგის კონსერვატორიის დაამარსებლის - ანტონ რუბინშტეინის მიერ გაღებული შემოწირულობით. პროექტის ავტორია XIX საუკუნის 80-90-იან წწ-ში თბილისში მოღვაწე პოლონელი არქიტექტორი ალექსანდრ შიმკევიჩი. თსკ-ს ბიბლიოთეკაში დაცულია 53 000-მდე დასახელების წიგნი და 100 000-მდე დასახელების სანოტო მასალა. განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევების მქონე სტუდენტებისათვის გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის სტიპენდიები. არსებობს თსკ-ის სამეცნიერო პერიოდული გამოცემები: „მუსიკისმცოდნეობის საკითხები“ (გამოდის 1972 წ-დან); ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმების მოხსენებათა კრებული; 2003 წ-დან ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოდის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ბიულეტენი; კონსერვატორიის ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი „მუსიკისმცოდნეობა და კულტუროლოგია“; 2005 წ-დან გამოდის თსკ-ის, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ერთობლივი გაზეთი „კულტურა“. თსკ-ის რექტორები პირველი რესპუბლიკის პერიოდში იყვნენ: ნიკოლაი ნიკოლაევი (პიან.  კომპ. 1917-1918); ზაქარია ფალიაშვილი (კომპ. 1917-1918, 1918-1919); ნიკოლაი ჩერეპნინი (კომპ. 1919-1922).

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates