• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

„ერობა“

„ერობა“ (1920-1921) - ორკვირეული საერობო ჟურნალი, ერობათა კავშირის კომიტეტის  ორგანო.  გამოდიოდა თბილისში.  ჟურნალს ხელს აწერს  სარედაქციო კოლეგია,     მეხუთე  ნომრიდან კი - რედაქტორები:   გრ. ლორთქიფანიძე და პ. საყვარელიძე. სულ  დაიბეჭდა 15 ნომერი. ჟურნალის  თანამშრომლები იყვნენ: ს. ავალიანი, მ. ახალაძე,  გრ. ბენაშვილი, ვ. ბურჯანაძე, ივ. გომართელი, ივ. გომელაური, ა. გონჩაროვი,  ნ. ელიავა,  გრ. ლორთქიფანიძე, იდ. ონიაშვილი, მ. რუსია, ვ. ღლონტი, თ. ღლონტი, პ. საყვარელიძე და სხვ. გამოცემა  მიზნად ისახავდა ,,ერობის ცხოვრების თეორიული და პრაქტიკული საკითხების ყოველმხრივ გარკვევა-გაშუქებას“.  „ერობის“ 1920 წ-ის პირველი ნომრის შესავალ წერილში სარედაქციო კოლეგიის მიერ განმარტებულია ჟურნალის მიზნები და ამოცანები. სათემო  ერობის არსსა და  დემოკრატიული რესპუბლიკის თემთა უფლება–მოვალეობას შეეხება ივ. გომართელის სტატიები: „ერობის მნიშვნელობა“ და „თემი და მისი მოვალეობა“. საქართველოში ერობების დანიშნულებასა და საქმიანობაზეა საუბარი  ვლ. გერსამიას სტატიაში „ქუთაისის სამაზრო ერობა (ქუთ. ერობის 1920 წ-ის შემოსავალ-გასავლის აღრიცხვის გამო)“. ავტორის აზრით,  ,,ერობა ერთსა და იმავე დროს არის როგორც წმინდა ხალხოსნური დაწესებულება, ისე სახელმწიფოებრივი ორგანოც“. ჟურნალი ცდილობს, მკითხველს გააცნოს სხვა ქვეყნების ერობათა ისტორია და პრაქტიკული მოღვაწეობა. ამ მხრივ აღსანიშნავია ვლად. ტკაჩოვი-ახობაძის წერილი „თემი ამერიკაში“ და ბ. თევზაიას „საზოგადოებრივი წარმოება (მისაბაძი მაგალითი ევროპის ცხოვრებიდან)“. „ერობის“ ფურცლებზე იბეჭდება წერილები საქართველოს ეკომონიკური მდგომარეობისა და მასში ერობების როლის შესახებ. მაგ.,  „ეკონომიკური მდგომარეობა და ჩვენი ერობა“, „ბიუჯეტი და ეკონომიკური შემოქმედება“, „თემის საბიუჯეტო უფლებების შესახებ“. თემის ბიუჯეტის საკითხს ჟურნალი ეხება არაერთ წერილში. გამოცემა მკითხველს აწვდის ერობების საქმიანობის ხარჯთაღრიცხვის სტატისტიკურ მონაცემებს. ასევე, აქვეყნებს  სტატისტიკურ მონაცემებს ქვეყნის ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველობისათვის გამოყოფილი თანხების შესახებ (ს. ავალიანი „თემის საბიუჯეტო უფლებების შესახებ“). ჟურნალში დაბეჭდილი კანონპროექტი თემის შესახებ განხილულია ცალკეულ პუბლიკაციებში, მაგ., ნ. ასათიანის „არსებული კანონი თემის შესახებ“; დ. ს-ლის „ჩვენი კანონპროექტის გამო“; „სათემო კანონპროექტის გამო“. გამოცემაში შუქდება სახალხო მეურნეობის, სოფლის მეურნეობის, სოფლისა და თემების ცხოვრების, ეკონომიკური, ფინანსთა, ვაჭრობა-მრეწველობის, ჯანდაცვის საკითხები, ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის თემა, კულტურა და ხელოვნება. საქართველოში ევროპის სოციალისტთა დელეგაციის სტუმრობას ,,ერობა“ ეხმაურება მეთაური სტატიით „ევროპის სოციალისტთა დელეგაცია და ერობები“. ჟურნალს აქვს რუბრიკები: „თემთა ცხოვრება“ და „ერობათა ცხოვრება“, რომლებშიც მუდმივად ქვეყნდება ცნობები თემების, ერობათა კომიტეტისა  და სამაზრო ერობების საქმიანობის შესახებ.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates