• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ერთა ლიგა

ერთა ლიგა - 1919 მსოფლიოში პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია შეიქმნა, როგორც ვერსალის საზავო ხელშეკრულების სისტემის ნაწილი. მისი დამფუძნებელი იყო 44 ქვეყანა. I მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდა წარმოდგენა, რომ საყოველთაო მშვიდობის მიღწევა შესაძლებელი გახდებოდა სახელმწიფოთა შორის დიალოგის და საერთაშორისო წესების უზენაესობის დამკვიდრებით.

ერთა ლიგის მუშაობას ხელმძღვანელობდა გენერალური მდივანი (გენერალური სამდივნოს საშუალებით). ერთა ლიგის ჟენევაში მდებარე მთავარი მმართველი ორგანოები იყო: 1. საბჭო - შედგებოდა 4 მუდმივი (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია) და 4 არჩევითი წევრისგან. 1934 ერთა ლიგაში მიიღეს სსრკ, რომელიც აგრეთვე გახდა საბჭოს მუდმივი წევრი 1939 წ-მდე, როდესაც ფინეთთან ომის დაწყების გამო გარიცხეს ლიგიდან. საბჭოს ფუნქცია იყო, კონფლიქტის დროს შეესრულებინა მედიატორის როლი, გაენეიტრალებინა აგრესორი ეკონომიკური სანქციების გზით. 2. ასამბლეა - მსოფლიო პარლამენტის შექმნის პირველი მცდელობა. ასამბლეაზე განიხილებოდა სხვადასხვა სახის მსოფლიო პრობლემები და მიიღებოდა გადაწყვეტილებები. თითოეულ ქვეყანას ჰქონდა ერთი ხმა. ნებისმიერ სახელმწიფოს ჰქონდა უფლება, ვეტო დაედო ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე. ამ ერთი შეხედვით დემოკრატიულმა პრინციპმა არაქმედითი გახადა ერთა ლიგა. ვინაიდან მნიშვნელოვანი საკითხები ხშირად იბლოკებოდა. 3. საერთაშორისო სასამართლო - მდებარეობდა ქ. ჰააგაში. შედგებოდა სხვადასხვა ქვეყნიდან არჩეული 15 მოსამართლისგან და განიხილავდა ქვეყანათა შორის დავებს. ამის გარდა, ერთა ლიგას გააჩნდა სხვა სტრუქტურებიც: სამანდატო კომისია - დიდ ქვეყნებს სამანდატოდ უნაწილებდა I მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანიისთვის ჩამორთმეულ კოლონიებს. აკონტროლებდა სამანდატო მმართველობას. უმცირესობათა კომისია - იცავდა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა უფლებებს. განიარაღების კომისიამ - აკრძალა მომწამვლელი გაზის გამოყენება ომის დროს და მოუწოდა ერთა ლიგის წევრ ქვეყნებს შეიარაღების შემცირებისკენ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია - მისი მიზანი იყო, ერთობლივი ძალისხმევით დაეძლიათ I მსოფლიო ომის დროს და შემდგომში გავრცელებული გადამდები დაავადებები. ახორციელებდა ახალი მედიკამენტების შექმნის, ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა აქტუალურ პროგრამებს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია - ადგენდა შრომის პირობების, უსაფრთხოებისა და ადეკვატური ანაზღაურების სტანდარტებს. ლტოლვილთა ორგანიზაცია - ზრუნავდა I მსოფლიო ომის დროის სამხედრო ტყვეთა რეპატრიაციისა და უსახლკაროდ დარჩენილ ლტოლვილთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. ერთა ლიგას ჰქონდა სხვა კომიტეტებიც, რომლებიც ზრუნავდნენ: ქალთა უფლებების დაცვაზე, ბავშვთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, ეკონომიკურ და ფინანსურ პრობლემებზე.

        რწმენა, რომ მშვიდობა ყველა სახელმწიფოს საერთო ინტერესი და სურვილია და რომ ყველა პოტენციური კონფლიქტის თავიდან აცილება შეიძლება, იდეალისტური და უტოპისტური იყო. იდეალისტური ილუზიების უმაღლესი მწვერვალი იყო 1928 წ-ის 27 აგვისტოს 15 სახელმწიფოს, მათ შორის აშშ, გერმანიის, იაპონიის და ინდოეთის მიერ პარიზში ხელმოწერილი ბრიან-კელოგის პაქტი. ამ პაქტის მიხედვით, მიუღებლად ცხადდებოდა საერთაშორისო წინააღმდეგობების დაძლევა ომის მეშვეობით. ყველა სადავო საკითხი მშვიდობიანი გზით უნდა გადაჭრილიყო.

        1932 აშშ-ს მთავრობის მიერ მიღებული სტიმსონის დოქტრინის მიხედვით, აშშ უარს აცხადებდა ძალის ნებისმიერი გამოყენებით შეძენილი ტერიტორიების დიპლომატიურ ცნობაზე. ამ დადგენილებების რეალობად ქცევა შეუძლებელი აღმოჩნდა. 20-იან წლებში ერთა ლიგამ მართლაც შეძლო რამდენიმე კონფლიქტის ეფექტურად მოგვარება, მაგრამ 30-იანი წლების მოუგვარებელმა კონფლიქტებმა (იაპონიის აგრესია მანჯურიაში, გერმანიის მიერ რაინის ოკუპაცია, იტალიის მიერ ეთიოპიის ოკუპაცია, ესპანეთის სამოქალაქო ომი, გერმანიის აგრესია ჩეხოსლოვაკიასა და ავსტრიაზე) აზრი დაუკარგა ერთა ლიგის არსებობას და მსოფლიო ახალ მასშტაბურ ომში ჩაითრია. 1941 ერთა ლიგის გენერალური ასამბლეის უკანასკნელი სხდომა გაიმართა. ხოლო 1946 წ-ის აპრილში ერთა ლიგამ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა და ასპარეზი თავის მემკვიდრეს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას დაუთმო.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates