• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ბარბა

ყოველდღიური პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაზეთი რუსულ ენაზე. რსდმპ-ის ამიერკავკასიის საოლქო და თბილისის კომიტეტის ორგანო. იბეჭდებოდა ოთხ გვერდზე. იყო რსდმპ-ის (რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია) ამიერკავკასიის ორგანიზაციების გაერთიანებული კომიტეტის ორგანო როგორც ამიერკავკასიის ცალკეულ რესპუბლიკებად დაყოფამდე, ასევე მას შემდეგაც. უფრო ზუსტად, 1918 წ-ის ნოემბრიდან გახდა საქართველოს სდმპ-ის   ცენტრალური კომიტეტის ორგანო. 1917 წ-დან გაზეთს რედაქტორობდნენ: მ. ვოევოდა, უსპენსკაია და შარაშიძე,  1918-1919 წწ-ში მას უძღვებოდა სარედაქციო კოლეგია, ხოლო 1920-1921 წწ-ში  - დავით შარაშიძე. „Борьба“-ს მუდმივ თანამშრომელთა შორის უნდა გამოვყოთ მ. ვოევოდა. გაზეთს გამოცემის პირველ წლებში, ფაქტობრივად,  ის ხელმძღვანელობდა. გაზეთის გამოცემა შეწყდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. მისი ბოლო ნომერი გამოვიდა 1921 წ-ის 25 თებერვალს. ქართველი სოციალ-დემოკრატები საგაზეთო საქმიანობას ევროპაში განაგრძობენ. 1934-1935 წწ-ში პარიზში რუსულ ენაზე გამოიცემოდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს ორგანო „Эхо Борьбы“ (1934, №1; 1935, №2, რედ. ბისნოვატი). ემიგრანტული პრესის ეს ნიმუში „Борьба“-ს იდეურ მემკვიდრედ უნდა მივიჩნიოთ. გაზეთ „Борьба“-ს პროფილი მთლიანად განისაზღვრება მისი გამომცემლების პოლიტიკური ხედვების მიხედვით. გამოცემაში მძლავრობს ანტიბოლშევიკური დისკურსი, რაც ამ ჭრილში წარმოჩენილი სახელისუფლებო პოლიტიკის გამომხატველი მრავალრიცხოვანი პუბლიკაციით დასტურდება. ვინაიდან გამოცემა არის მმართველი პარტიის ორგანო, ე.წ. ოფიციოზი, იგი, პირველ ყოვლისა, პარტიის პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება. მასში სისტემატურად იბეჭდება წერილები მთავრობის საქმიანობის, მისი პოლიტიკური თუ ეკონომიკური კურსის შესახებ, მთავრობის წევრთა საჯარო გამოსვლების ტექსტები. მაგ., 1920 წ-ის 16-17 დეკემბრის ნომრებში გამოქვეყნებულია ჩხენკელის მოხსენება „თანამედროვე სიტუაცია და ქართველი ხალხი“, რომელიც მან სახელმწიფო თეატრში წარმოთქვა; ამავე წლის 14-15 იანვარს კი - მისივე ვრცელი მოხსენება ევროპაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის არაოფიციალური მუშაობის შესახებ. აღსანიშნავია 1921 წ-ის 24 თებერვლის ნომერში დაბეჭდილი „მთავრობის თავმჯდომარის ნ. ჟორდანიას სიტყვა, წარმოთქმული დამფუძნებელი კრების სხდომაზე, 21 თებერვალს“, რომელშიც უმაღლესი ხელისუფალი კარს მომდგარ საფრთხეზე საუბრობს და პატივს მიაგებს წითელ არმიასთან ბრძოლაში დაღუპულ ქართველ გმირებს.

1921 წ-ის 25 თებერვალს, თავის უკანასკნელ ნომერში, გაზეთი წერს: „1921 წლის 25 თებერვალს, დღის 12 საათსა და 15 წუთზე, კოჯრის გზიდან ტფილისში წითელმა არმიამ დაიწყო შემოსვლა. ქალაქში პირველად ველიკანოვის მე-20 დივიზიის ნაწილები გამოჩნდნენ. კოლონის წინ თეთრ ცხენზე ამხედრებული რევკომის წევრი ელიავა მოდიოდა. მის უკან წითელი დროშა მოჰქონდა ქართველ კომუნისტს ბებურიშვილს. იმავე დღეს, ნავთლუღის მხრიდან წითელი არმიის მეორე ნაწილი შემოვიდა,  რომელსაც მამია ორახელაშვილი მოუძღოდა. 25 თებერვალს საქართველოს რევკომმა პირველი ბრძანება გამოსცა. ქალაქის კომენდანტად მე-20 დივიზიის მეთაური ველიკანოვი დაინიშნა. საღამოს 10 საათიდან ტფილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა“. გაზეთში გვხვდება რუბრიკები: „პრესა“, „ქრონიკა“, „დეპეშები“, „მუშათა ცხოვრება“, „თეატრი და ხელოვნება“ და სხვ. შინაური მიმოხილვის გარდა, ვრცლად არის წარმოდგენილი უცხოეთის ამბები. მუდმივ რუბრიკებადაა გამოყოფილი:  „რუსეთი“, „გერმანია“, „საფრანგეთი“, „ინგლისი“, „ამერიკის ცნობები“ და ა.შ. გაზეთი ასახავს აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებას, ამ მხრივ არსებულ პრობლემებს. მაგ., 1919 წ-ის 5 და 6 დეკემბრის ნომრებში იბეჭდება ტ. მენდელეევის „ჩვენი დროის ეკონომიკური კამათები“,  სადაც საუბარია საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ხარვეზებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე. მოყვანილია სტატისტიკური ცნობები თამბაქოსა და ბეწვეულის წარმოების, მათი რეალიზაციის შესახებ. 1920 წლის 31 იანვრის ნომერში იბეჭდება ნ. იასნის წერილი „სავაჭრო პოლიტიკის საკითხები“,  რომელშიც ავტორი ომის შედეგად მოშლილ სავაჭრო ურთიერთობებზე საუბრობს და ა.შ. გაზეთს არც საგანმანათლებლო საკითხები რჩება ყურადღების მიღმა, ხშირად აქვეყნებს წერილებს ამ სფეროში არსებულ პრობლემებსა და საჭირბოროტო თემებზე. ამ მხრივ აღსანიშნავია,  რ. ნიკოლაძე-პოლიევქტოვას მიერ 1919 წ-ის 7 დეკემბერს დასტამბული წერილი: „საქართველოში საყოველთაო სწავლების შემოღებისთვის“. მასში აქცენტირებულია სასკოლო სახელმძღვანელოების თემა. ავტორის თქმით, საჭიროა ორიგინალური ქართული სახელმძღვანელოების შექმნა და არა მათი კოპირება სხვა ქვეყნებიდან, კერძოდ კი - რუსეთიდან. გაზეთი შეძლებისდაგვარად ასახავს ქვეყნის კულტურულ ცხოვრებასაც. მართალია, ლიტერატურულ-კრიტიკულ მასალას დიდი ადგილი არ ეთმობა, მაგრამ გვხვდება უნიკალური პუბლიკაციები არაერთი გამოჩენილი მწერლის შემოქმედების შესახებ, მათ შორისაა: ო. უაილდი, ბ. შოუ, ა. ფრანსი, ლ. ტოლსტოი, ი. ერენბურგი, ფ.სოლოგუბი, ა. ბელი და სხვები. კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილებიდან განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ნ. ველსკის „ინდივიდუალისტი შემოქმედნი და სოციალიზმი“ („Борьба“, 1920, №101). „Борьба“-ს გვერდებზე მრავლად გვხვდება განცხადებები, რეკლამები, აფიშები, დეპეშები. ისინი ძირითადად განთავსებულია გაზეთის პირველ ან მეოთხე გვერდებზე, ზოგჯერ კი მთელ გვერდს იკავებს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates