• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ბათომის ფურცელი

ყოველდღიური დემოკრატიული ორგანო, გაზეთი „ბათომის ფურცელი“ გამოდიოდა 1920, ქ. ბათუმში. გაზეთს ხელმძღვანელობდა სარედაქციო კოლეგია. იბეჭდებოდა მ. შმაევსკის ელექტრომბეჭდავ სტამბაში. მისი დახურვის შემდეგ გამოიცემოდა გაზეთი „ბათომის ცხოვრება“ (1921). იბეჭდებოდა ოთხ გვერდზე. სულ დაისტამბა გაზეთის 88 ნომერი. „ბათომის ფურცელი“ სოც.-დემ. მიმართულების ორგანოა. მისი თანამშრომლები არიან: ბ. გოგუა, ი. დიდიძე, კ. ქავთარაძე, კ. მაჭავარიანი, ვ. სეფისპირელი, გ. ვოზნესენსკი, „ე. წ. ძე“ (?) და სხვები.  გაზეთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცემაა და ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. ყოველ ნომერში ვხვდებით ე.წ. გამხსნელ სტატიას, რომელიც გაზეთის გამოსვლის თარიღითაა დასათაურებული (მაგ.: „,ბათომი, 2 ოქტომბერი“, „ბათომი, 24 ნოემბერი“ და ა.შ.). პერიოდული გამოცემა თემატიკის მრავალგვარობით გამოირჩევა. პოლიტიკის, ეკონომიკის, სოციალური სფეროს თუ კულტურის საკითხები რუბრიკებად შუქდება. მაგალითად, მუდმივი რუბრიკების სახითაა შემოთავაზებული: „უკანასკნელი ცნობები“, „ქრონიკა“, „ქალაქის საქმეები“, „პრესა“, „უცხოეთში“, „საბჭოთა რუსეთში“, „შორეულ აღმოსავლეთში“, „თეატრი და ხელოვნება“, „წერილი რედ. მიმართ“, „სახალხო გვარდიაში“, „მუშათა ცხოვრება“, „კოოპერატიული ცხოვრება“ და სხვ. „ბათომის ფურცელი“ დიდ ადგილს უთმობს ქვეყნის საშინაო პოლიტიკის მიმოხილვას,  ახალგაზრდა რესპუბლიკის ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს;  აშუქებს ბათუმისა და მისი ოლქის წინაშე არსებულ პრობლემებს, უცხოურ ამბებს. გაზეთი ჟანრობრივი მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება  პრობლემურ და პროპაგანდისტულ სტატიებზე.  გაზეთი დიდ ადგილს უთმობს ქალაქის თეატრალური და  კულტურული ცხოვრების ამსახველ მასალას; ყურადღებას ამახვილებს ასევე განათლების თემაზე. გამოცემა აჭარის მკვიდრი მოსახლეობის გამოფხიზლებისა და ავანტიურისტ-აგიტატორთა გადაბირებისგან ხსნის ერთადერთ გზას სწორედ საგანმანათლებლო ღონისძიებებში ხედავს, რისკენაც აქტიურად მოუწოდებს ხელისუფლებას და სასწრაფო ზომების მიღებას სთხოვს. „ბათომის ფურცელი“ აქვეყნებს მხატვრულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებებსაც. მართალია, მხატვრული ტექსტები მაღალი ლიტერატურული ღირებულებით არ გამოირჩევა (მაგ.:  ვ. ზღვისპირელის ლექსი „სევდა უცხოეთზე“, ნიგოითელის ნოველა „ამონაკვესები“, დ. კოპალის მოთხრობა „ქალი ნიღაბში“ და სხვ. ერთადერთი ღირებული ნიმუშია ი. გრიშაშვილის ლექსი „სველი საღამო“, რომელიც  გაზეთის 64-ე ნომერში  ბათუმში პოეტის სტუმრობის აღსანიშნავად დაიბეჭდა), მაგრამ არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, აქ დასტამბულ ისტორიულ-სამოგზაურო თხზულებათა მნიშვნელობა ერთიორად იზრდება. ცალკე გამოვყოფთ კ. მაჭავარიანის „ლაზისტანს“ (№51, 52, 57),  ი. დიდიძის პუბლიკაციებს: „ევროპა და ჩვენ“, „ერთა ლიგა და საქართველო“, „სომხეთის უბედურება და ჩვენ“. აღსანიშნავია გაზეთის პოლემიკა „სამუსლიმანო საქართველოსთან“, რომელიც დამფუძნებელი კრების მიერ ბათუმის ოლქში საგანგებო კომისრად დანიშნული ბენია ჩხიკვიშვილის საქმიანობის გამო გაჩაღდა (ამ საკითხს ეძღვნება „ბათომის ფურცლის“ 2 ნოემბრის სარედაქციო წერილი).  საერთოდაც, გაზეთი ხშირად მსჯელობს ოლქის მართვა-გამგეობის საკითხებზე, კვალიფიციური მოხელეების მომზადებაზე, კეთილსინდისიერი ჩინოვნიკების მივლინებაზე ადგილობრივ მმართველობებში და სხვა საჭირბოროტო თემებზე. 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates