• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ამიერკავკასიის სეიმი

ამიერკავკასიის კომისარიატი აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციას ასრულებდა. დღის წესრიგში დადგა ა/კ-ის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მოწვევის საკითხი. 1918 წ-ის 5 იანვარს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საგანგებოდ იმსჯელა სეიმის მოწვევის შესახებ. ნ. ჟორდანიას მტკიცებით, რუსეთის დამფუძნებელი კრების ლოდინი და ა/კ-იის სეიმის მოუწვევლობა დანაშაული იყო. ბოლშევიკების მიერ რუსეთში დამფუძნებელი კრების გარეკვის შემდეგ, სეიმის მოწვევა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. აღნიშნული საკითხის შესახებ კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ქართველი სოციალ- დემოკრატების (მენშევიკები) ინიციატივით, 1918 წ-ის 22 იანვარს საგანგებო კრება იქნა მოწვეული, რომელსაც დაესწრო: რუსეთის დამფუძნებელი კრების 25 დეპუტატი ამიერკავკასიიდან, სოციალ-დემოკრატები (მენშევიკები), სოციალისტ-რევოლუციონერები, დაშნაკცუთიუნი, მუსავატი და ამიერკავკასიის კომისარიატის მთელი შემადგენლობა. ამიერკავკასიის სეიმის უფლებამოსილების შესახებ მოხსენება ნ. ჟორდანიამ გააკეთა. სეიმი რეგიონის ერთა შეთანხმების მაკოორდინირებელ საშუალებად გამოცხადდა. სეიმის მოსაწვევად არჩევნები არ ჩატარებულა. სეიმში შევიდნენ რუსეთის დამფუძნებელ კრებაში ამიერკავკასიიდან არჩეული დეპუტატები. ესენი იყვნენ ათი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები: სოციალ-დემოკრატები, კადეტები, ესერები, დაშნაკები, სოციალისტ-ფედერალისტები, ეროვნულ-დემოკრატები, მუსავატელები, იტიხადისტები (მუსლიმთა პარტია), მუსლიმი სოციალისტები და პარტია „ჰუმეთი“. ყველაზე მეტი წარმომადგენლები ჰყავდათ: სოციალ-დემოკრატებს - 32; მუსავატელებს - 30; დაშნაკებს - 27. ამიერკავკასიის სეიმის პირველი სხდომა 1918 წ-ის 10 თებერვალს ჩატარდა.  სეიმის თავმჯდომარედ ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე იქნა არჩეული. სეიმის იმავე სხდომაზე ხუთი კომისია და მისი წევრების შემადგენლობა დამტკიცდა. აგრარული, თავდაცვის, საპარლამენტო, მუშათა და სასურსათო. ეს კომისიები ა/კ-ის ერთიან მთავრობას უნდა დაქვემდებარებოდა და რეგიონის მართვაში ხელშემწყობის ფუნქცია ეტვირთა. სეიმის 1918 წ-ის 13 მარტის სხდომაზე მიღებული დეკლარაციით განისაზღვრა უახლოესი მიზნები: 1. ოსმალეთთან საპატიო ზავის დადება; 2. ა/კ-ის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება; 3. აგრარული რეფორმის გატარება და მიწების გლეხობისთვის უფასოდ გადაცემა; 4. შრომის უფლებების დაცვა და 8-საათიანი სამუშაო დღის შემოღება; 5. ეროვნებათაშორისი უფლებების დაცვა; ეროვნებათა ტერიტორიული გამიჯვნის მოგვარება და ეროვნულ-ტერიტორიული კანტონების დაარსება.  ამ საკითხების გადაწყვეტა, დროის სიმცირისა (135 დღე) და რეგიონში არსებული უმძიმესი პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, შეუძლებელი გახდა. მეორე მხრივ, თავი იჩინა ეროვნებათაშორისი ინტერესების დაპირისპირებამ, განსაკუთრებით, სომხებსა და აზერბაჯანელებს შორის. ამ საკითხის შესახებ მკაცრი და რადიკალური განცხადება ა/კ-ის სეიმის 1918 წ-ის 26 მაისის სხდომაზე ირ. წერეთელმა გააკეთა, რითაც პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა მეზობელი ერების პოლიტიკურ მოღვაწეებს. ა/კ-ის სეიმმა 1918 წ-ის 26 მაისს, დღის 3 საათზე შეწყვიტა არსებობა და თვითდაშლილად გამოაცხადა თავი..

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates