• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ამიერკავკასიის კომისარიატი

რუსეთში მომხდარმა ბოლშევიკურმა გადატრიალებამ  ამიერკავკასიის რეგიონში საბჭოთა ხელისუფლების გავრცელების საშიშროება წარმოქმნა. ამიერკავკასიის წამყვანი პოლიტიკური პარტიები გაემიჯნენ ბოლშევიკურ რუსეთს და ერთმანეთთან შეთანხმება გადაწყვიტეს. ქართველი სოციალ-დემოკრატების ინიციატივით, 1917 წ-ის 11 ნოემბერს მოწვეულ იქნა ა/კ-იის რევოლუციური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეკრება. თათბირის მუშაობაში მონაწილეობდა კავკასიის ჯარის მთავარსარდალი გენერალი პრჟევალსკი, კავკასიის სამხედრო ოლქის უფროსი, გენერალი მდივანი, თბილისის გარნიზონის უფროსი პოლკ. ახმეტელაშვილი, მოკავშირე და ნეიტრალური სახელმწიფოების ელჩების სრული შემადგენლობა. თათბირის მონაწილეებისთვის (ბოლშევიკების გარდა) მისაღები აღმოჩნდა დ. დონსკოის მიერ ა/კ-ის უსაფრთხოების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების პროექტი. დოკუმენტი რუსეთის დამფუძნებელ კრებაზე გასაგზავნი დეპუტატებისგან ადგილობრივი დროებითი ხელისუფლების ორგანოს შექმნას მოითხოვდა. ეს პოზიცია ნ. ჟორდანიამ გაიზიარა და განაცხადა: რუსეთთან კავშირი გამწყდარია, ამიერკავკასია მარტოა დარჩენილი. ახლა ან ფეხზე უნდა დავდგეთ და თავი გადავირჩინოთ, ან ანარქია მოგვიღებს ბოლოს. საბჭოების ადგილობრივმა სამხარეო ცენტრმა და პოლიტიკურმა პარტიებმა დაგმეს ბოლშევიკების რეჟიმი. 1917 წ-ის 15 ნოემბერს თბილისში შეიქმნა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანო - ამიერკავკასიის კომისარიატი. მის შემადგენლობაში შევიდნენ: ე. გეგეჭკორი - ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე;  შრომისა და საგარეო ურთიერთობების საქმეთა კომისარი (მინისტრი); დ. დონსკოი - სამხედრო და საზღვაო  საქმეთა კომისარი; აკ. ჩხენკელი - შინაგან საქმეთა კომისარი; კ. ხარჩიკიანი - ფინანსთა  კომისარი;                  შ. ალექსი-მესხიშვილი - სახალხო განათლებისა და იუსტიციის საქმეთა კომისარი;  მ. ჯაფაროვი - ვაჭრობისა და მრეწველობის კომისარი; ხ. მელიქ-ასლანოვი -  გზათა კომისარი; ა. ნერუჩევი - მიწათმოქმედების კომისარი; გ. ტერ-გაზარიანი - სურსათის საქმეთა კომისარი; - ა. ოგაჯანიანი - საზოგადოებრივი მზრუნველობის კომისარი;  ხ. ბ. ხას-მამედოვი - სახელმწიფო კონტროლის კომისარი. კომისარიატმა აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციების შესრულება დაიწყო. იგი შედგებოდა სოციალ-დემოკრატების, მუსავატელების, დაშნაკცუთიუნის, სოციალისტ-ფედერალისტებისა და ესერების წარმომადგენლებისაგან. წამყვან ძალას ქართველი სოციალ-დემოკრატები ასრულებდნენ. კომისარიატმა განაიარაღა კავკასიის ფრონტიდან რუსეთისაკენ მიმავალი ბოლშევიზირებული ჯარისკაცები და ამიერკავკასიას ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარების საფრთხე ააცილა თავიდან. რუსული ჯარებისა და თბილისის გარნიზონის ქვეყნიდან გასვლის შემდეგ კომისარიატი დე-ფაქტო დამოუკიდებელ ამიერკავკასიას განაგებდა, მაგრამ დამოუკიდებლობის გამოცხადებისაგან თავს იკავებდა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates