• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

„ალიონი“

ქართველი  სოციალ-დემოკრატების  ჯგუფის „ალიონი“ („ალიონისტების“) ორგანო.   ოთხგვერდიანი  პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი.    იბეჭდებოდა  თბილისში,  კვირაში ორჯერ - ხუთშაბათს  და კვირას.   რედაქტორი  პავლე  საყვარელიძე,  გამომცემელი  ლ. სანიძე. სულ გამოიცა  136  ნომერი. გაზეთის  თანამშრომლები იყვნენ: ლ. ქიაჩელი. გ. შარაბიძე, შ. შარაშიძე (თაგუნა),  პ. ინგოროყვა, გ. ტაბიძე, თ. იანელი (თეოფილე კეკელიძე)  და სხვ. გამოცემა ეხმაურებოდა  საქართველოსა და უცხოეთში  მიმდინარე  მნიშვნელოვან მოვლენებს. პუბლიკაციათა მთავარი  თემებია:  საქართველოს ეროვნულ-ტერიტორიული და სოციალური პრობლემები,  რუსეთის თებერვლის რევოლუცის ანალიზი,   პირველი მსოფლიო ომი და მისი შედეგები, განათლება,  კულტურა. „ალიონი“ არ იზიარებდა სოციალ–დემოკრატიული პარტიის (მენშევიკების) პროგრამას ეროვნულ საკითხში, კერძოდ, ე. წ. „კულტურულ ავტონომიას“ და მოითხოვდა  ,,დამოუკიდებელ ეროვნულ-ტერიტორიულ ავტონომიას“.   გამოცემის მიზანი იყო  საზოგადოებრივ-პოლიტიკური  სახელმწიფოებრივი სისტემის შეცვლა, ახალი რესპუბლიკურ-დემოკრატიული ურთიერთობების დამყარება,  სოციალური ჩაგვრის ნაშთების მოსპობა და სრული თავისუფლების უზრუნველყოფა.  წამყვანი პუბლიცისტების: ივ. გომართელის, პ. საყვარელიძის, ნ. ქარცივაძის,  დ. ლისელის,  შ. შარაშიძისა  და სხვათა სტატიები შეეხება  თანადროულ აქტუალურ პრობლემებს, ცალკეულ პუბლიკაციებში გაანალიზებულია  რუსეთში შექმნილი ვითარება, აღნიშნულია, რომ ბოლშევიზმი  რუსული მოვლენაა და ,,ომობს ყველა არარუს ერთან“, ავტორები ბოლშევიკებს აკრიტიკებენ  ერთა თგითგამორკვევის უფლების  გამო: ,,თუ ერმა თვითგამორკვევა მოისურვა და მოითხოვა, ვემხრობით, მაგრამ ვებრძვით მას, როგორც პროლეტარიატის კლასიური შეგნების დამაბნელებელს“ (,,ბოლშევიკები და მცირე ერები“). გამოცემა  კრიტიკულია საქართველოს ხელისუფლების მიმართ.  ი. ი-შვილი სტატიაში ,,ჩვენი სისუსტის მიზეზები“ აღნიშნავს: ,,ქართველმა დემოკრატიამ რუსეთის რევოლუციას სახელოვანი ბელადები მიუძღვნა. მაგრამ რამდენადაც ძლიერები ვიყავით სრულიად რუსეთის მასშტაბში, იმდენად სუსტები აღმოვჩნდით ქვეყნის მშენებლობის საქმეში. დასასრული არ უჩანს ანარქიას“. ავტორის აზრით, მთელი სიმწვავით დგას მიწის,  ფინანსების, სასურსათო და სხვა  საკითხები. გაზეთის ერთ-ერთი წამყვანი ავტორი ივ. გომართელი  სტატიაში ,,ჩვენი მდგომარეობა“  მთავრობას მოუწოდებს  სახელმწიფოს ინტერესების გატარებისაკენ: ,,იქ, სადაც საქმე ჩვენს ახალ ორიენტაციას და დამოუკიდებლობის განმტკიცება-დაცვას შეეხება, მთავრობა უნდა იყოს მტკიცე, შეუპოვარი, კლდესავით მაგარი“.

 ვ-ო-ლი  სტატიაში ,,ორმაგი სპეკულიაცია“  აღნიშნავს, რომ  საზოგადოების კლასობრივი დაყოფა მთელი სოციალური ორგანიზმის დაზიანებას იწვევს. გაზეთი ვრცელ პუბლიკაციას (,,საჩხერის  ამბები“) უძღვნის ოსთა ამბოხს.  მისი  სტატიის ,,საქართველოს რესპუბლიკა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხები“ მთავარი აზრია, რომ  ,,არავის აქვს უფლება მოითხოვოს სხვის სახელმწიფოში  ტერიტორიული  ავტონომია, მხოლოდ იმათ, ვისაც თავისი ისტორიული ტერიტორია აქვს და ამ ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი ცხოვრება ჰქონია“.  ივ. გომართელი მიიჩნევს, რომ ,,იარაღი უნდა აეყაროს ყველას: ჩვენებს, რუსებს, ოსებს, სომხებს“ (,,სოფელში“).  გამოცემა,  თავდაუსხმელობის პირობის არსებობის შემთხვევაში, მხარს უჭერს  საქართველოს ნეიტრალიტეტს, გაზეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენდა ქრისტიან და მაჰმადიან ქართველთა ერთობის განმტკიცება. ძირითადი რუბრიკებია: ,,მუშათა წერილები“, ,,ქრონიკა“, ,,პროვინცია“, ,,ომის ამბები“, ,,შინაური მიმოხილვა“ და სხვ.  გაზეთი მუდმივად აქვეყნებს  ლიტერატურულ მასალას, მაგ., 1918  წ-ის ნომრებში  დაბეჭდილია: გ. ქუჩიშვილის,   ს. აბაშელის, დ.  შენგელაიას, დ. თურდოსპირელის,   ვ. რუხაძის და სხვა ავტორთა  მხატვრული ნაწერები.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates