• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ბათუმის გადმოცემა ბრიტანელთა მიერ

1918 წ-ის 4 ივნისის საქართველო-ოსმალეთის ბათუმის საზავო ხელშეკრულების თანახმად, საქართველომ დაადასტურა ოსმალეთის დაქვემდებარებაში ბათუმის, არტაანის და ყარსის ოლქების, ახალციხის და ახალქალაქის მაზრების გადასვლა. მსოფლიო ომში დამარცხების და მუდროსის ზავის ხელმოწერის შემდგომ ოსმალეთმა დატოვა ოკუპირებული ტერიტორიები. 19 დეკემბერს ოსმალებმა დატოვეს ბათუმი, სადაც 1919 წ-ის 6 იანვრამდე შევიდნენ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები. ბათუმში დაინიშნა გენერალ-გუბერნატორი, რომელმაც ადგილობრივი ლიდერების მონაწილეობით შექმნა საბჭო. ქალაქის თვითმმართველობა შეუდგა არჩევნებისათვის მზადებას. ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვდა ადგილობრივ ლიდერთა მეტ ჩართულობას რეგიონის მართვაში და აპროტესტებდა ბრიტანელი ჯარისკაცების თვითნებობას. 1919 წ-ის 31 აგვისტოს სამუსლიმანო საქართველოს წარმომადგენელთა პირველმა ყრილობამ მიიღო ფართო ავტონომიის საფუძველზე ბათუმის ოლქის საქართველოსთან შეერთების გადაწყვეტილება.

1919 წ-ის 9 სექტემბერს დაიწყო საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ბრიტანეთის ჯარის გასვლა. 1920 წ-ის თებერვალში ბათუმიდან საბოლოოდ გავიდნენ ინგლისელი სამხედროები. დაწესდა საზღვაო მიმოსვლა ბათუმიდან ოდესის და სტამბულის მიმართულებით. ბათუმის ოლქში შემოსვლა დაიწყეს თურქეთის სამხედროებმა. 1920 წ-ის მარტში ბათუმში ჩატარდა საქალაქო არჩევნები, აირჩა 36-კაციანი  ქალაქის საბჭო. სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარემ მემედ აბაშიძემ მემორანდუმით მიმართა ბრიტანეთის უმაღლეს კომისარს კავკასიაში ოლივერ უორდროპს, გადაწყვეტილიყო ბათუმის ოლქის საკითხი. 1920 წ-ის აპრილში სან-რემოს საზავო კონფერენციაზე, იტალიის პრემიერ ნიტტის თავმჯდომარეობით, განიხილებოდა ბათუმის საკითხი. პარალელურად, ბათუმის ოლქის წარმომადგენელთა ყრილობამ მიიღო რეზოლუცია: „ქალაქ ბათუმის და ბათუმის ოლქის დედასამშობლო საქართველოსთან ავტონომიურად გაერთიანების შესახებ“. მათ გააპროტესტეს პარიზის კონფერენციის გადაწყვეტილება ბათუმის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის და მასზე  ერთა ლიგის  განსაკუთრებული მანდატის დაწესებაზე. საბოლოოდ, ანტანტის უმაღლესი საბჭოს თანხმობით, 1920 წ-ის ივლისში ბათუმში ქართული ჯარი შევიდა გენ. გ. კვინიტაძის სარდლობით. დაწესდა შეთანხმებული მოქმედება აჭარის მეჯლისსა (ლიდერი - მემედ აბაშიძე) და საქართველოს დამფუძნებელ კრებას შორის სამუსლიმანო საქართველოს ავტონომიის პირობების მოსამზადებლად, რაც აისახა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში. პარალელურად, ბათუმში მუშაობდა მთავრობის საგანგებო რწმუნებული (ბენია ჩხიკვიშვილი, შემდეგ გრიგოლ გიორგაძე).

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates