• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ოსების ანტისახელმწიფოებრივი სეპარატისტული აჯანყებები საქართველოში

ოსების ანტისახელმწიფოებრივი სეპარატისტული აჯანყებები საქართველოში. . ოსთა სეპარატისტული გამოსვლების მიზანს შიდა ქართლის მთიანი ზონიდან ქართველა მოსახლეობის გამოდევნა და ამ ტერიტორიის საქართველოსაგან ჩამოცილება წარმოადგენდა. ამ მიზნით ოსთა სამი მასშტაბური აჯანყება მოეწყო 1918-1921 წლებში, რომლებიც რესპუბლიკის არსებობას უქმნიდნენ საფრთხეს, რადგან აჯანყებულებს საბჭოთა რუსეთი ეხმარებოდა იარაღით და შეიარაღებული ძალით. 1918-ის 25 იანვარს პორუჩიკ ი. ხარებოვის 300-კაციანმა შეიარაღებულმა რაზმმა მარტის დასაწყისამდე შიდა ქართლის ოცზე მეტი სოფლის თავად-აზნაურობა გაძარცვეს, მათი სახლკარი გადაწვეს, ხოლო უმეტესობა ადგილზევე სიკვდილით დასაჯეს. ამ დროს ქართული შეიარაღებული  ძალები ოსმალეთის ფრონტზე იყო გადასროლილი. ი.ხარებოვის წინააღმდეგ სახალხო გვარდიის ნაწილები გაიგზავნა. 1918-ის 13-14 მარტს, ოსმა ბოლშევიკებმა ჩრდილო კავკასიიდან მიღებულ შეიარაღებულ დამხმარე ძალებზე დაყრდნობით, ცხინვალისა და ჯავის რაიონებში ახალი აჯანყება წამოიწყეს, ცხინვალი აიღეს, გაძარცვეს და წამებით დახოცეს მოკლეს გიორგი მაჩაბელი, სანდრო კეცხოველი, პეტრე ეფრემიძე, კოსტა კაზიევი და სხვ. 140 გვარდიელი ტყვედ აიყვანეს. 19 მარტს ოსების ეროვნული საბჭოს სახელით ცხინვალში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა. ამიერკავკასიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ცხინვალის რაიონში ალ.კონიაშვილისა და ვ.ჯუღელის სარდლობით სახალხო გვარდია გაიგზავნა. 22 მარტს ოსების აჯანყება ლიკვიდირებული იქნა. შემდეგი გამოსვლები 1918-ის ივნისში, საჩხერის რაიონში დაიწყო, რომელსაც ი.ხარებოვი ხელმძღვანელობდა. გამოსვლის მიზანს, სამთავრობო ძალების შეჩერება, რკინიგზის დაკავება, ქუთაისზე გალაშქრება და საქართველოში ფართომასშტაბიანი აჯანყება წარმოადგენდა. აჯანყებულთა რაოდენობა 5000 კაცს აღწევდა. 1918-ის 26 ივნისს, აჯანყებულებმა საჩხერე აიღეს, თუმცა მალევე დაკარგეს სამთავრობო ძალების შეტევის შედეგად. 19 ივნისს, დუშეთის მაზრის აჯანყებულმა ოსებმა ქალაქი აიღეს და 26 ივნისს დუშეთში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. სამთავრობო ძალების მაქსიმალური მობილიზაციის შემდეგ, აჯანყებულები დამარცხდნენ, მაგრამ  ეს გამარჯვება საქართველოს რესპუბლიკის ხაზინას 1 მილიარდ  მანეთზე მეტი დაუჯდა. 1 მილიარდზე მეტს შეადგენდა აგრეთვე ცხინვალისა და საჩხერის რაიონებში აჯანყებული ოსი სეპარატისტების მიერ მიყენებული ზარალი.  შიდა ქართლის მთიან ზონაში ოსებით დასახლებულ სოფლებში, ბოლშევიკური ორგანიზაციების აქტიური წაქეზებისა და რუსეთისაგან დახმარების  შედეგად, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ 1919 წლისათვის კვლავ დაიგეგმა საყოველთაო შეიარაღებული აჯანყება. ეს საკითხი „სამხრეთ ოსეთის“ ბოლშევიკური ორგანიზაციების პირველი არალეგარული კონფერენციის 1919-ის 12 ივნისის სხდომაზე იქნა განხილული. იმავე საკითხზე რკპ (ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტმა 5 აგვისტოს მიღებული დადგენილებით, აჯანყების  ეპიცენტრად როკის რაიონი გამოაცხადა. დასახული მიზნის განსახორციელებლად საბჭოთა რუსეთმა 1919-ის 29 ივნისიდან 10 ნოემბრამდე მონაკვეთში, რკპ (ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტისადმი გამოყოფილი 40 მილიონ 367 ათასი (ოქროს კურსით) მანეთიდან, დიდი ნაწილი ოსების აჯანყების მომზადებას მოახმარა. აჯანყების დაწყებიდან ორი დღით ადრე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული განყოფილების მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, დუშეთში აჯანყების მოსაწყობად გაგზავნილი ვლ.სუხიშვილი და გ.გაფრინდაშვილი დააპატიმრეს. იმავდროულად, პატიმრობაში იქნა აყვანილი: გორის მაზრის აჯანყების ცენტრის, თბილისის აჯანყების ბოლშევიკთა სამხედრო რევოლუციური შტაბისა და საბჭოს წევრთა უმეტესობა. მიუხედავად ამისა, 1919-ის 7 აგვისტოს ოსების შეიარაღებული აჯანყება მაინც დაიწყო ჯავისა და როკის ხეობებში. ოქტომბრიდან ოსების აჯანყება გავრცელდა ოსებით დასახლებულ სხვა სოფლებშიც, მაგრამ წარმატება არ მოჰყოლია. აჯანყება დამარცხდა, მაგრამ ამის მისაღწევად საქართველოს ხელისუფლებას დიდი ძალისხმევა და ფინანსები დასჭირდა. ოსთა რიგით მესამე მასშტაბური აჯანყება1920-ის მაისში დაიწყო,, როცა ქართული ჯარის ნაწილები საბჭოთა რუსეთის XI არმიის სამხედრო შენაერთებს ქვეყნის საზღვრებთან ებრძოდა. „სამხრეთ ოსეთის  რევოლუციური კომიტეტის დადგენილებით,  1920-ის 8 მაისს, როკის რაიონში,   აჯანყებულმა ოსებმა საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. იმავდროულად მიიღეს ამ რაიონის რუსეთის სფს რესპუბლიკასთან შეერთების დადგენილებაც.აჯანყებულებს როკის ხეობის, კუდაროს, ქემერტის და ყორნისის ოსებიც შეუერთდნენ. ამავდროულად, შიდა ქართლის ტერიტორიაზე, ჩრდილო ოსეთიდან  სამ კოლონად შემოვიდა ოსთა პარტიზანული  რაზმი ვ. სანაკოევის ხელმძღვანელობით, როკის, ზეკარისა და მამისონის უღელტეხილებიდან. ისინი  სოფ. ჯავაში შეერთდნენ და შემოიტანეს იარაღი აჯანყებულებისათვის. ახლად ფორმირებულ ოსურ რაზმებს ა.ჯატიევი, ა.აბაევი და მ.გაგლოევი ჩაუდგნენ სათავეში. 7 ივნისს აჯანყებულებმა ცხინვალი აიღეს, ხოლო 8 ივნისს ცხინვალის რაიონის მთელ ტერიტორიაზე საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. 1920-ის 12 ივნისს, ქართულმა ჯარმა (სარდალი გენ.გ.კვინიტაძე. ხელქვეითები: ვ.ჯუღელი, ა.კონიაშვილი, ა.დგებუაძე, ნ(?). გედევანიშვილი) დაბა ცხინვალი აიღო, ხოლო 23 ივნისს, ოსების უკანასკნელი ნარჩენები როკის უღელტეხილით ჩრდილოეთით განდევნა. ქართული ჯარის წარმატებულმა სამხედრო ოპერაციამ აჯანყების ლიკვიდაცია მოახდინა და  შიდა ქართლის მოსახლეობა დევნილობისაგან იხსნა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates