• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ბალანჩივაძე მელიტონ

ბალანჩივაძე მელიტონ ანტონის ძე ბალანჩივაძე მელიტონ ანტონის ძე (24.XII.1862, სოფ. ბანოჯა - 21.XI.1937, ქუთაისი) - ქართული ეროვნული კლასიკური საკომპოზიტორო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მომღერალი, ლირიკული ბარიტონი, დირიჟორი, ქართული რომანსის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დაიბადა ქუთაისის მაზრაში, მღვდლის ოჯახში. 1870-1874 წწ-ში სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1874-1877 წწ-ში სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, სადაც მოწაფეთა გუნდში გალობდა. 1877-1879 წწ-ში თბილისში ცხოვრობდა და სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, ამავე დროს, სემინარიის გუნდში გალობდა. 1879-1880 წწ-ში ეგზარხოსის გუნდის წევრი გახდა, შემდეგ ამავე გუნდის ლოტბარის - აუშევის თანაშემწედ მუშაობდა და მასთან მუსიკის თეორიას სწავლობდა. 1880-1883 წწ-ში თბილისის საოპერო თეატრის გუნდში მღეროდა, გამოდიოდა სცენაზე და სოლო პარტიებს ასრულებდა. 20 წლისამ ჩამოაყალიბა თავისი პირველი ეთნოგრაფიული გუნდი. 1883-1886 წწ-ში ფილიმონ ქორიძის მიწვევით ქუთაისში დაბრუნდა და მასთან ერთად ქართულ ხალხურ სიმღერებს, საეკლესიო საგალობლებს აგროვებდა და იწერდა. 1886 წ-დან ლადო აღნიაშვილის გუნდში მღეროდა, 1887 წ-დან კი იმავე გუნდში ლოტბარად მუშაობდა. იმ პერიოდში დაწერა თავისი პირველი ნაწარმოებები: „პოპური“(1888). რომანსები: „როდესაც გიცქერ“; „შენ გეტრფი მარად“; „ნუ შემიბრალებ“ და „ნანა“ (1889). 1889-1895 წწ-ში სანკტ-პეტერბურგის კონსერვატორიაში სწავლობდა. 1895-1917 წწ-ში ატარებდა კონცერტებს რუსეთის, უკრაინისა და პოლონეთის ქალაქებში და ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციას ეწეოდა. 1896 იწყებს მუშაობას ოპერაზე „თამარ ცბიერი“, რომლის ნაწყვეტებიც პირველად 1897 პეტერბურგის კეთილშობილთა საკრებულოს დარბაზში შესრულდა. 1893-1898 წწ-ში, ქართული ხალხური სიმღერების ჩაწერის მიზნით, პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში და აწყობდა ექსპედიციებს, 1907 კი, მისი ინიციატივითა და დაფინასებით, ცნობილი რუსი კომპოზიტორის მ. ი. გლინკას წერილების სრული კრებული გამოიცა. 1812 პეტერბურგში „თამარ ცბიერის“ პირველი მოქმედება დაიდგა.
1917 საქართველოში დაბრუნდა. 1918 ქუთაისში მუსიკალური სასწავლებელი დააარსა და მისი დირექტორი გახდა.
1926 დაასრულა მუშაობა ოპერაზე „თამარ ცბიერი“, რომლის პრემიერა იმავე წლის 16 აპრილს თბილისის ოპერის თეატრში გაიმართა. 1927 წერს ქართული მუსიკის ისტორიაში პირველ კანტატას „დიდება ზაჰესს“, რომელიც საჯაროდ შესრულდა იმავე წელს. 1929 გადავიდა ბათუმში და დააარსა მუსიკალური სასწავლებელი, რომელსაც ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 1931 - ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ხოლო 1933 სახალხო არტისტის წოდება მიიღო, მის მიერ დაარსებულ ქუთაისის მუსიკალურ სასწავლებელს კი მისი სახელი მიენიჭა. 1936 გაემგზავრა მოსკოვში, სადაც 1937 დიდი თეატრის სცენაზე გაიმართა „დარეჯან ცბიერის“ პრემიერა. გარდაიცვალა ქუთაისში, დაკრძალეს ბაგრატის ტაძრის გალავანთან, შემდეგ კი ქუთაისის მწვანეყვავილას პანთეონში გადაასვენეს.
ნაწარმოებები: ოპერა: „თამარ ცბიერი“, (1896-1926). II რედაქციით (1936) - „დარეჯან ცბიერი“. კანტატა „დიდება ზაჰესს“ (1927); საორკესტრო ნაწარმოები „ქართული ეროვნული მარში“ (1928). რომანსები, სიმღერები, გუნდები, მათ შორის (1918); „ჰიმნი სამშობლო ხევსურისა“ სოლისტის, გუნდისა და ორკესტრისათვის (რ. ერისთავის ლექსზე) და სხვ.
ლიტ.: „ორიოდე სიტყვა სამუსიკო სასწავლებლის შესახებ“, ჟურ. „თეატრი და მუსიკა“, 1919. N1; დ. არაყიშვილი, „ქართული მუსიკა, მოკლე ისტორიული მიმოხილვა“, ქუთ., 1925; პ. ხ უ ჭ უ ა, „მელიტონ ბალანჩივაძე მონოგრაფია“, თბ., 1950; გ. ჩხიკვაძე, „საქართველოს საბჭოთა კომპოზიტორები“, 1956; ლ. დონაძე, ო. ჩიჯავაძე, გ. ჩხიკვაძე, „ქართული მუსიკის ისტორია“, წ. I, თბ., 1990.
ზურაბ ლეჟავა

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates