• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

დადიანი სამსონ


დადიანი სამსონ პლატონის ძე
(1885, სოფ. მუხური,  ზუგდიდის მაზრ.  - 1937, თბილისი) - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, დრამატურგი, კრიტიკოსი. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის თვალსაჩინო წევრი. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1908). იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ე. წ. მეორე თაობის წარმომადგენელი. 1913 უკვე შედიოდა პარტიის აქტიურ ბირთვში.

1917 წ-ის 16 აპრილს ს. დადიანი მონაწილეობდა ქართული პარტიების ინტერპარტიულ შეკრებაში. ნოემბერში შემდგარ პირველ ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად და მდივნად სოც-ფედ. პარტიიდან. 1918 წ-ის ივნისიდან იგი იყო ეროვნული საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს (პარლამენტის) წევრი. შედიოდა სოც-ფედ. პარტიის საპარლამენტო ფრაქციაში. 1919 წ-ის აგვისტოში, დამატებითი არჩევნების დროს, აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს პირველი კონსტიტუციის შემუშავების პროცესში. შედიოდა 1918 წ-ის 6 ივნისს არჩეული „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსტიტუციო საფუძვლების შემდგენ კომისიაში“. 1918 წ-ის ივლისში აირჩიეს კომისიის მდივნად. როდესაც კომისიამ გადაწყვიტა, მუშაობის დაჩქარების მიზნით, კონსტიტუციის ცალკეული თავები შესამუშავებლად დაენაწილებინა კომისიის წევრებისათვის, ს. დადიანს დაევალა კონსტიტუციის ერთ-ერთი თავის შემუშავება - „ეროვნულ უმცირესობათა უფლებების შესახებ“, რომელიც კონსტიტუციის მეთოთხმეტე თავის სახით განხორციელდა. 1921 წ-ის იანვარში სოც-ფედ. პარტიის მეხუთე კონფერენციაზე აირჩიეს პარტიის მთავარი კომიტეტის ხუთკაციან პრეზიდიუმში, სადაც პარტიის თავმჯდომარის ამხანაგის (მოადგილის) მოვალეობას ასრულებდა.

1921 სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ორ ნაწილად გაყოფის შემდეგ მემარჯვენე ფედერალისტების შემადგენლობაში დარჩა და მტკიცედ იდგა საქართველოს სუვერენული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ნიადაგზე. 1922 საქართვ. დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი იყო სოც-ფედ. პარტიიდან და აქტიურად მონაწილეობდა აჯანყების მომზადებაში. ბოლო ეტაპზე სოც-ფედ. პარტიამ აღარ მიიღო მონაწილეობა აჯანყებაში. გასული საუკუნის ათიანი წლებიდან ქართულ პრესაში ხშირად იბეჭდებოდა ს. დადიანის წერილები ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე („ვეფხისტყაოსნის ორიგინალობის შესახებ“; „სოციალური იდეა ილია ჭავჭავაძის პოეტურ თხზულებებში“; „ქართული თეატრი“ და სხვ). მის კალამს ეკუთვნის 1905 წ-ის რევოლუციისადმი მიძღვნილი დრამა „ჯვარედინ გზაზე“ და ისტორიული დრამა „გიორგი სააკაძე“. იგი ლიტერატურულ-კრიტიკულ მოღვაწეობას აგრძელებდა ქვეყნის ბოლშევიკური ოკუპაციის წლებში. 1924 წ-ის აჯანყების დამარცხების შემდეგ ჩამოსცილდა პოლიტიკურ საქმიანობას. 1922 აირჩიეს საქ. სსრ დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის წევრად, მუშაობდა ბანკის იურისკონსულტად. მიუხედავად ამისა, არ აპატიეს პოლიტიკური წარსული და 1937 წ-ის რეპრესიებს შეეწირა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates