• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ნანობაშვილი მიხეილ (მიშელ დარიალი)

ნანობაშვილი მიხეილ (მიშელ დარიალი) (1878, თელავი (სხვ. ცნობით თბილისი) -  13. IX.1941, პარიზი) - საოპერო მომღერალი. ტენორი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. თბ. ვაჟთა II გიმნაზიის დამთავრების შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად  გაემგზავრა. სწავლას მესამე კურსიდან თავი დაანება და 1896 პეტერბურგის კონსერვატორიას მიაკითხა. სიმღერას პროფ. გაბელი ასწავლიდა, შემდეგ „მომღერალთა ქალღმერთად“ წოდებული ფერნი ჯირალდონი (ევგენი ჯირალდონის დედა). 1900 ფერნიმ მილანში წაიყვანა და თავის ვაჟიშვილს მიაბარა. 1903 პარიზში გადავიდა. 1906 წ- დან პიანისტ ჟანეტა კენისთან (მოგვიანებით მისი მეუღლე გახდა) თანამშრომლობდა, მასთან ერთად საგასტროლოდ მოგზაურობდა და პროვინციებში კონცერტებს ატარებდა. 1907 ორი თვით მონტე კარლოში საგასტროლოდ მიიწვიეს. 1908-1909 წწ-ში პარიზის გრანდ ოპერაში მღეროდა. 1909 წ-ის მაისში ქ. ლაკალში გ. დონიცეტის „ფავორიტ ქალში“ იმღერა. 1910 წ-ის მარტსა და აპრილში საგასტროლოდ ბალკანეთის ქალაქებსა და სტამბოლს სტუმრობდა. 1911 საქართველოში ჩამოვიდა და კონცერტები ჩაატარა (03. 01 ჯ. მეიერბერის „ჰუგენოტებში“ რაულის პარტია შეასრულა, 08.01 კი ფაუსტისა  შ. გუნოს „ფაუსტში“). 1911-1912 წწ-ში წარმატებით გამოვიდა კანადის ქალაქებში - მონრეალსა და ტორონტოში; 1912 მარტში კვლავ თბილისშია - ჟ. ბიზეს „კარმენში“, ჟ. მასნეს „ვერთერში“ და ჯ. მეიერბერის „ჰუგენოტებში“ მონაწილეობს. 1914 ნიცაში მიიწვიეს. იმავე  პირინეის მთებში, ქ. ლუშენში (საფრანგეთი) და აშშ-ის ქ. ჰინსბურგში იმღერა. 1916 მოსკოვის საოპერო თეატრში ალფრედის როლი შეასრულა ჯ. ვერდის „ტრავიატადან“. პეტებურგში გაემგზავრების  შემდეგ  პარიზში დაბრუნდა. დამოუკიდებელ საქართველოში 1920 ჩამოვიდა და თბ. სახ. თეტრში ჟ. მასნეს „ვერთერში“, ჯ. მეიერბერის „რახილში“, ჯ. პუჩინის „ტოსკაში“, შ. გუნოს „ფაუსტში“, ჟ. ბიზეს „კარმენში“ და ჯ. მეიერბერის „ჰუგენოტებში“ იმღერა. 1920 წ-ის 15 ივნისს ბენეფისი გადაუხადეს. იმავე წ-ის დეკემბერში საქართველო დატოვა.

გასაბჭოების შემდეგ, 1921, აშშ-ში, ჯორჯიის შტატის ბატსსის ოლქში და ესპანეთში, ქ. ბარსელონაში იყო საგასტროლოდ. 1924 პარიზის გრანდ ოპერიდან მადრიდში მიიწვიეს. 1935 წ-ს კვლავ ბარსელონაში იმღერა. დაკრძალულია პარიზის მონმარტრის წმ. ვერსალის სასაფლაოზე.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates