• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ნაკაშიძე ილია პეტრეს ძე

ნაკაშიძე ილია პეტრეს ძე  (1866, თბილისი - 27.V.1923,თბილისი)  - ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. შეისწავლა ევროპული და კლასიკური ენები. დამოუკიდებლად სწავლობდა ქართულ ლიტერატურასა და საქართველოს ისტორიას. ამ მიზნით თანაკლასელ ნიკო მართან ერთად მოწაფეთა საგანგებო წრეც ჩამოაყალიბა. 1886  დაამთავრა გიმნაზია და ჩაირიცხა ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. მაგრამ მალე გარიცხეს პოლიტიკურ შეხედულებათა გამო და იძულებული გახდა, გამგზავრებულიყო პეტერბურგს, სადაც ჩაირიცხა უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც 1895 დაამთავრა და თბილისში დაბრუნდა. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ლევ ტოლსტოისთან რუსი დუხობორების უფლებათა დაცვის საკითხში. 1897 მოსკოვში დასახლდა, სადაც ხშირად ხვდებოდა ლ. ტ-ს. 1903 მეუღლესთან ერთად ბრუნდება საქართველოში. 1905 იმედით შეხვდა რევოლუციას და აქტიურად მონაწილეობდა გურიის გლეხთა მოძრაობაში, მაგრამ რევოლუციის დამარცხებამ და ქვეყანაში დაწყებულმა რეპრესიებმა აიძულეს დაბრუნებულიყო თბილისში.

დამოუკიდებლობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას. 1918  წ-ის 29 სექტემბერს მონაწილეობდა მუშათა კლუბში გამართულ ილიკო ქურხულის ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოზე. 1918 წ-ის 13 ნოემბერს სახალხო უნივერსიტეტის ქართულ განყოფილებაში, ნაძალადევის თეატრში, გამართა ლექცია სახელწოდებით: „დასავლეთ ევროპის ხალხთა ცხოვრება და მწერლობა“. 1919 წ-ის 22 სექტემბერს  მონაწილეობდა სახელოსნო კლუბში სალიტერატურო და სამუსიკო საღამოზე.

ილია ნაკაშიძის წერილების თემატიკა მრავალფეროვანია, მაგრამ იგი უფრო ხშირად პედაგოგიკის, ბავშვთა-აღზრდის საკითხებს ეხება. მისი კონცეფცია ემყარებოდა თავისუფალი აღზრდის თეორიას და ეწეოდა მის პროპაგანდას როგორც ქართულ, ისე რუსულ ჟურნალ-გაზეთებში. თანამშრომლობდა ახლად გახსნილ ქართულ უნივერსიტეტთან, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან“. ავტორია არაერთი საინტერესო წერილის ქართველ, რუს და უცხოელ მწერალთა შემოქმედებაზე. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates