• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

კალისტრატე კათოლიკოს-პატრიარქი

კალისტრატე კათოლიკოს-პატრიარქი (ერისკაცობაში კალისტრატე (ბიჭიკო) მიხეილის ძე ცინცაძე) (12.IV.1866  სოფ. გადიდი, ქუთაისის გუბ. -  3.II.1952, თბილისი) - სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ: მამა - მღვდელი მიხეილი და დედა - ეკატერინე გოგორიშვილი. 1875 ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს. 1882 თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, რომლის დასრულების შემდეგ 1889   სწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში განაგრძო. 1892 ის ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა საქართველოში. 1893 აკურთხეს დიდუბის ეკლესიის დიაკვნად, შემდეგ მღვდლად. ამ დროიდან საქართველოს პოლიტიკურ თუ საეკლესიო ცხოვრების სფეროში არ მომხდარა რაიმე მნიშვნელოვანი, რომელშიც კალისტრატე ცინცაძეს მონაწილეობა არ მიეღოს. 1903 გადაიყვანეს ქაშვეთში. 1909 წ-დან დეკანოზია.                                      

 1917 წ-ის თებერვალში რუსეთის იმპერიაში მომხდარი დიდი ცვლილების შემდეგ,  1917 წ-ის 12 (25) მარტს ქართველმა სამღვდელოებამ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმოდ გამოაცხადეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. დეკანოზი კალისტრატე ჯერ საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობაში აირჩიეს, ხოლო 17 სექტემბერს – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობის უმაღლეს ორგანოში – საკათალიკოსო საბჭოში. იგი მონაწილეობდა ყველა იმ მოლაპარაკებაში, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების პრობლემებს ეხებოდა. თავის წერილებში და ქადაგებებში აკრიტიკებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რელიგიურ პოლიტიკასაც.

1923 წ-ის იანვარში დეკანოზი კალისტრატე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს წევრებთან ერთად ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს. მან მეტეხის ციხეში 3 წელი გაატარა. 1925 წ-დან კალისტრატე მიტროპოლიტია, 1925 წ-ის 31 ოქტომებრს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარიქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით, დეკანოზი კალისტრატე აიყვანეს ნინოწმინდელი ეპისკოპოსის ხარისხში. 1925 წ-ის 11 ნოემბრიდან ნინოწმინდის მიტროპოლიტი კალისტრატე დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის მუდმივ მოსაყდრედ, მიენიჭა ბარტყულაზე ჯვრის ტარების უფლება და მღვდელმთავართა შორის ღვთისმსახურების დროს უპირატესობა. 1926 წ-ის 30 დეკემბერს მიტროპოლიტმა კალისტრატემ უარი განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეობაზე. 1927 წ-ის 12 იანვრიდან გაათავისუფლეს ნინოწმინდელობიდანაც და დატოვეს ქაშუეთის ეკლესიაში რიგით მღვდლად. კალისტრატე ცინცაძე ქაშუეთის წმიდა გიორგის ეკლესიის აშენების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. 1927 გახდა მანგლელი ეპისკოპოსი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორე III-ის გარდაცვალების შემდეგ, 1932 წ-ის 10 იანვარს, საგანგებოდ შეიკრიბა საკათალიკოსო სინოდი. სინოდმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მიტროპოლიტ კალისტრატეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამორჩევის შესახებ. 1932 წ-ის 21 ივნისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-6 კრებაზე, იგი არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 24 ივნისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შედგა მისი აღსაყდრება. დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძარში. 2016 წ-ის  22 დეკემბერს გამართულმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კალისტრატე ცინცაძე წმინდანად შერაცხა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates