• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

თაყაიშვილი ექვთიმე

თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე - (წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი) -  (4.I.1863, სოფ. ლიხაური, ოზურგეთის მაზრ. - 21.II.1953, თბილისი), ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლისა და ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ, 1887 დაამთავრა პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, იქვე მოიპოვა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხიც და სამშობლოში დაბრუნდა. აქტიურად ჩაერთო სამეცნიერო, პედაგოგიურ და ეროვნულ-საზოგადოებრივ საქმიანობაში. 1889  აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრად. ამავე წელს დ. ბაქრაძესთან ერთად დააარსა საქართველოს საეგზარქოსო (საეკლესიო) მუზეუმი. კრებდა, სწავლობდა და მუზეუმში აბინავებდა ძველ ნივთებს, სიგელ-გუჯრებსა  და ხელნაწერებს, ეპიგრაფიკულ მასალას. პირადად მოიძია „ვეფხისტყაოსნის“ ორ ათეულამდე ხელნაწერი. 1894-1904 წ-ში სათავეში ედგა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლას, რომელიც მისი ხელმძღვანელობით  გიმნაზიად გადაკეთდა. 1902, 1907 და 1917 წწ-ში სამგზის იმოგზაურა სამხრეთ საქართველოში (,,ოსმალეთის საქართველო“), აზომა და შეისწავლა მრავალი ქართული ისტორიული ძეგლი. 1907 მისი თაოსნობით დაარსდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომელსაც 1921 წ-მდე თვითონვე თავმჯდომარეობდა. დააფუძნა ორი სამეცნიერო სერია: „ძველი საქართველო“ და „საქართველოს სიძველენი“. არჩეული იყო სხვადასხვა სამეცნიერო და საქველმოქმედო საზოგადოების შემადგენლობაში. იყო ,,ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და თვალსაჩინო წვლილი შეიტანა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში. 1918 წ-ის მაისში თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ მიანიჭა დოქტორის ხარისხი.  


1917 წ-ის ივნისში ე. თაყაიშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში. იმავე წლის ნოემბერში იყო საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი, აირჩიეს საბჭოს წევრობის კანდიდატად. ეროვნული საბჭოს გაფართოებისას, ედპ-ის სიით გახდა საბჭოს წევრი. უძღვებოდა საბჭოს საბიბლიოთეკო კომისიას. იყო ამიერკავკასიის სეიმის სპეციალური კომისიის წევრი, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიული გამიჯვნის მიზნით შეიქმნა. 1919 წ-ის თებერვალში ედპ-ის სიით მოიპოვა საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატის მანდატი, არჩეული იყო კრების თავმჯდომარის ამხანაგად (მოადგილედ), სახალხო განათლების კომისიის წევრად და, ასევე, მისი წინადადებით შექმნილი კრების საბიბლიოთეკო კომისიის თავმჯდომარედ. პარალელურად, არჩეული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად, მისი ორგანიზებით, ლეჩხუმსა და სვანეთში მოეწყო არქეოლოგიური ექსპედიციები, მონაწილეობდა ვანის აკროპოლის გათხრებში. დიდი ღვაწლი მიუძღვის ახალგორის ცნობილი განძის შეგროვებასა და დაცვაში. მისი თაოსნობით 1920 დაფუძნდა საქართველოს ეროვნული არქივი.

1921 საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების გამო, დამხობილი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში გაიხიზნა და თან წაიღო სამუზეუმო განძეულობა. განძის მეთვალყურედ დამფუძნებელმა კრებამ ე. თაყაიშვილი დანიშნა. იგი გაემგზავრა უცხოეთში, სადაც 1945 წ-მდე დაჰყო და სამშობლოში განძთან ერთად დაბრუნდა. 1922 წ-ის მარტში, პარიზში, იყო იმ ინტერპარტიული კონფერენციის მონაწილე, რომელმაც ,,საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი“ ჩამოაყალიბა და შექმნა დამფუძნებელი კრების გაფართოებული პრეზიდიუმი. როგორც პრეზიდიუმის წევრი, ესწრებოდა ემიგრანტული მთავრობის სხდომებს. 1924 არ გაიზიარა საქართველოში შეიარაღებული აჯანყების მოწყობის იდეა და ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას. თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში საფრანგეთში განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. არჩეული იყო პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების წევრად, საფრანგეთის სააზიო საზოგადოების ნამდვილ წევრად. 1937-1939 წწ-ში იყო მის მიერვე დაარსებული ,,ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდის“ თავმჯდომარე, არჩეული იყო მწერალთა და ჟურნალისტთა საზოგადოების წევრად ემიგრაციაში, შედიოდა სამეცნიერო  პერიოდული  გამოცემის  ,,Georgica“ (ლონდონი)  სარედაქციო  საბჭოში. თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ გამოცემებთან: გაზ. „დამოუკიდებელი საქართველოს“, ჟურ. - „სამშობლო,“ „კავკასიონი,“ „ქართლოსი,“ „ჯვარი ვაზისა“ და „ბედი ქართლისას“ რედაქციებთან. მისი მონაწილეობით პარიზში დაფუძნდა წმინდა ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, არჩეული იყო ამ ეკლესიის მზრუნველთა საბჭოს მუდმივ წევრად. 1945 სამშობლოში დაბრუნებული ე. თაყაიშვილი აღადგინეს თსუ-ის პროფესორად, აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად, კითხულობდა საჯარო ლექციებს. 1951 საბჭოთა რეჟიმმა მისი შევიწროება დაიწყო, მალე უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს და პენსიაზე გადაიყვანეს. მისივე სიტყვებით: „ხმა დაყარეს, რომ მე მაქვს სახლში პატიმრობა და ისე დააშინეს მეცნიერები, რომ მათ შეწყვიტეს ჩემთან სიარული“. ჰყავდა მეუღლე - ნინო პოლტორაცკაია. ე. თაყაიშვილი თავდაპირველად ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. 1963 დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, მისი ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს, 2000 კი მთაწმინდის მიწას მიაბარეს. 2002 საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომამ ე. თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და უწოდა ,,წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი“, დაიწერა მისი ხატი და ტროპარი, დაარსდა ,,წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის“ მედალი. თბილისსა და სოფელ ლიხაურში გახსნილია მისი სახლ-მუზეუმები, 2008 თბილისში აიგო ,,წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის“ სახელობის ტაძარი. ,,ექვთიმე ღვთისკაცის“ ხსენების დღედ დაწესებულია 3 იანვარი (ძვ. სტილით). 2013 წელი იუნესკომ ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოაცხადა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates